საქმე N080100119003128282
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №790აპ.-22 18 ნოემბერი, 2022 წელი
ლ–ა ლ., №790აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს–ს, ასევე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზიტა ჭულუხაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. ლ–სა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მცდელობა, რომელიც არ შეიცავს სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2019 წლის 18 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.ქ–ში, ლ–ს ქუჩა №..-სთან მდებარე საცხოვრებელ ბინასთან, ლ. ლ–მ გ. კ–სთან ერთად გამოხატა აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განზრახ ძალადობის გამოყენებით უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რაც გამოიხატა მათი მხრიდან უმიზეზოდ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ო. კ–ს, ი. ზ–სა და რ. ზ–ს მიმართ, კერძოდ: გ. კ–სმა და ლ. ლ–სამ მანქანიდან გადმოიყვანეს ი. ზ–იი და უმიზეზოდ დაუწყეს ცემა ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა არეში. ასევე, მუცელში ფეხის ჩარტყმითა და სახეში ხელის გარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ო. კ–ს, ხოლო ლ. ლ–მ სახეში ხელი დაარტყა რ. ზ–ს.
2019 წლის 18 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ლ. ლ–სა შეეცადა ო. კ–სთვის სახეზე დაედო სასქესო ორგანო, რისთვისაც გაიხსნა ქამარი, ჩაიწია შარვალი და ხელით ამოიღო სასქესო ორგანო. ო. კ–ე გაიქცა თუმცა იგი გაეკიდა მას შარვალჩახდილი, თან ხელში ეჭირა სასქესო ორგანო და ეძახდა, რომ, არ მოისვენებდა, სანამ სახეზე არ დაადებდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ივნისის განაჩენით ლ. ლ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ლ. ლ–სას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. ლ–სას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. ს–სემ, ც. ბ–მა და რ. ჭ–მა, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ლ. ლ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ლ. ლ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. 2022 წლის 3 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ლ–სას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ს–მ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა - ლ. ლ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირება.
3.3. 2022 წლის 3 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენი საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზიტა ჭულუხაძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. ლ–სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზიტა ჭულუხაძის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს. მოცემულ შემთხვევაში დანიშნული მინიმალური სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციას. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 36-ე მუხლით დადგენილია ყოველი ქალის სექსუალური ძალადობის დაცვის ვალდებულება. ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ N466აპ-16 გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა სექსუალური ძალადობის განსაკუთრებულად მძიმე ხასიათს, მის დამანგრეველ გავლენას მსხვერპლზე და სახელმწიფოს ვალდებულებას, სექსუალური ძალადობისგან დაიცვას ადამიანი, ხოლო უკვე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში - დამნაშავის გამოვლენისა და მისთვის ადეკვატური სასჯელის შეფარდების აუცილებლობას.
4.2. კასატორის, მსჯავრდებულ ლ. ლ–სას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ლ. ლ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. ამასთან, დანაშაულის შესახებ შეტყობინებაში დაფიქსირებული არ არის, რომ ჩადენილია დაზარალებულის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ო. კ–ე, რომელიც პროფესიით არის ადვოკატი, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად, ლ. ლ–ს დაადანაშაულებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაშიც. გარდა ამისა, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ ო. კ–ე დაზარალებულადაა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით. დადგენილებას ხელს აწერენ დაზარალებული და მისი ადვოკატი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ პრეტენზია არ ჰქონდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით. ანალოგიურია მითითებული დაზარალებულისთვის უფლებების განმარტების ოქმშიც. შესაბამისად, ლ. ლ–ს მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები, რადგან მას წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მაშინ, როცა ო. კ–ე დაზარალებულადაა ცნობილი მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში. კასატორის პოზიციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ სხეულის დაზიანება მხოლოდ ი. ზ–ის აღენიშნება, რაც ადასტურებს, რომ მოცემულ საქმეზე არსებობს მხოლოდ ერთი დაზარალებული. შესაბამისად, ლ. ლ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლზე. კასატორი ასევე უთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას რ. ზ–მმა განაცხადა, რომ მისთვის ხელი ლ. ლ–ს არ დაურტყამს. განაჩენში არასწორადაა მისი ჩვენება ინტერპრეტირებული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დაეყრდნო დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, სადაც რ. ზ–მი განმარტავდა, რომ მას ხელი ლ. ლ–მ დაარტყა. გარდა ამისა, სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით რ. ზ–ს ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა, რადგან ამ ნაწილში მისი ჩვენება არის არასანდო. სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს გ. კ–სის ჩვენება, რომ ლ. ლ–სას შარვალი არ ჩაუხდია და სასქესო ორგანოს დემონსტრირებით ო. კ–ს არ გაჰკიდებია. თუკი ასეთი რამ მოხდებოდა დაინახავდა, რადგან იყო ლ. ლ–სთან ერთად. სასამართლომ იხელმძღვანელა გ. კ–სის გამოკითხვის ოქმით, თუმცა მოწმემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ლ. ლ–სას დანაშაული არავის მიმართ არ ჩაუდენია. კასატორი ასევე უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი თვის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპალაციო სასამართლოში ლ. ლ–სას სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობდა 21 თვის განმავლობაში. აღნიშნულის გამო, ლ. ლ–სამ პროტესტის ნიშნად გადაყლაპა პირადი მოხმარების ლითონის საგნები, რამაც დაამძიმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზიანი მიაყენა მას. 2020 წლის დასაწყისში ლ. ლ–სა დაავადდა შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნით, რასაც ადასტურებს სამედიცინო ცნობები. ამჟამად იგი არ იღებს სამედიცინო დახმარებას, რაც აუარესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ლ–ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის, მსჯავრდებულ ლ. ლ–სას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს–სის პოზიციას, რომ ვინაიდან დანაშაულის შესახებ შეტყობინებაში დაფიქსირებული არ არის, რომ ჩადენილია დაზარალებულის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ასევე დაზარალებულად ცნობის დადგენილებით, ო. კ–ე მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებითაა ცნობილი დაზარალებულად, ლ. ლ–სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალის წარდგენა წარმოადგენს დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია 2019 წლის 18 მაისის განცხადებაში ო. კ–ს მითითებული არ აქვს ლ. ლ–სას მიერ მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის მცდელობაზე, მაგრამ იგი 2019 წლის 19 მაისს, პირველივე გამოკითხვის ოქმში უთითებს და აღწერს, რომ ლ. ლ–მ გაიხსნა ქამარი, ჩაიწია შარვალი, ხელით ამოიღო სასქესო ორგანო, გაიქცა დაზარალებულის მიმართულებით და დაიძახა, რომ ,,მისთვის უნდა დაედო“. ანალოგიური დაადასტურა სასამართლო სხდომაზეც, შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტაცია მოკლებულია საფუძველს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,პ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილია, პირი ცნოს დაზარალებულად და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. მე-51 ნაწილში კი განმარტებულია, რომ პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას გააცნობს დაზარალებულს და განუმარტავს მას ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა უფლებას და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რის შესახებაც ადგენს ოქმს. ამ ოქმს ხელს აწერენ დაზარალებული და ოქმის შემდგენი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულად ცნობის შემდეგ დაზარალებული სარგებლობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. ლ. ლ–სას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში განთავსებულ დაზარალებულად ცნობის შესახებ 2019 წლის 24 მაისის დადგენილებაში აღწერილია, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ისე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედებების ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მითითებულია, რომ დაუდგენელმა პირმა გაიხსნა ქამარი, ჩაიწია შარვალი და ხელით ამოიღო სასქესო ორგანო. ო. კ–ე გაიქცა, თუმცა აღნიშნული პირი გაეკიდა მას შარვალჩახდილი, რა დროსაც ხელში ეჭირა სასქესო ორგანო და ეძახდა, რომ ,,მისთვის სახეზე უნდა დაედო“. შესაბამისად, ის, რომ დადგენილებით ნაწილში მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტია მითითებული, ვერ მიიჩნევა საპროცესო ნორმების არსებით დარღვევად და ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ლ. ლ–სას გამართლების საფუძველი.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ სხეულის დაზიანება აღენიშნებოდა მხოლოდ ი. ზ–ის, ამ ეპიზოდში საქმეს ჰყავს ერთი დაზარალებული, რის გამოც ლ. ლ–სას ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლზე. აღსანიშნავია, რომ ლ. ლ–სას ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობაში, ესე იგი ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დაზარალებულების, ასევე თავად გ. კ–სის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 18 მაისს ლ. ლ–მ გ. კ–სთან ერთად გამოხატა აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განზრახ, ძალადობის გამოყენებით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენით, გ. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ ლ. ლ–სთან ერთად ჩადენილი ჯგუფური ხულიგნობისათვის. საქმეში წარმოდგენილი ვიდეოსათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმით კი დადგენილია, რომ 2020 წლის 18 მაისს, ღამის საათებში, ლ. ლ–სა გადაადგილდება ქუთაისში, ლ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხელების მოძრაობით გამოხატავს აგრესიას და მას ამშვიდებენ სხვა პირები. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ხულიგნობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. მისი დამატებითი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. ხულიგნობის შემადგენლობის არსებობისათვის სავალდებულო ნიშნებია ძალადობა ან ძალადობის მუქარა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა კი უნდა იყოს უხეში და გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას. მოცემულ შემთხვევაში ლ. ლ–სასა და გ. კ–სის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენა სრულად დასტურდება, როგორც დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე გ. კ–სის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით. კერძოდ, დაზარალებულებმა განმარტეს, რომ 2019 წლის 18 მაისს, ღამის სამის ნახევარზე, ო. კ–მ ხმაურზე გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა მისთვის უცნობი ორი ბიჭი - გ. კ–სი და ლ. ლ–სა. ეს უკანასკნელი მანქანაში მყოფ, ნასვამ ი. ზ–ის ეუბნებოდა „ბიჭო, გაიღვიძე, წამოდი, უნდა გადმოგიყვანოო“. გ. კ–სი კი იქვე იდგა ირონიული სახით. მან ბიჭებს უთხრა, რომ მანქანაში მყოფი მამაკაცი იყო მისი მეუღლე და თავად მიაქცევდა ყურადღებას, რაზეც აღნიშნულმა პირებმა დაუწყეს ირონიულად საუბარი და ლ. ლ–სა მოითხოვდა გაეღო კარი, რათა გადაემოწმებინა რანაირი ცოლი იყო. დაზარალებულმა საშველად დაურეკა მამამთილს, რ. ზ–მს. სანამ ეს უკანასკნელი მივიდოდა, ამ ორმა პირმა ი-ს მკლავებში გამოსდეს ხელი და გადმოათრიეს მანქანიდან. პირველად ი-ს დაარტყა გ. კ–სმა, რომელიც დაეცა და დაუწყეს წიხლების დარტყმა. ო. კ–მ ამ ორ პირს უთხრა, წასულიყვნენ და დაეტოვებინათ ი., მაგრამ, ისინი აგრძელებდნენ ცემას. იგი მივარდა ლ. ლ–სას და უთხრა „გამოდით, რისთვის მიკლავთ ქმარსო“. როდესაც გამოსწია, ლ. ლ–სამ თქვა „ამ ახვარ ქალს შეხედე, ჩხუბში არ ჩაგვერთოო“ და წიხლები დაარტყა, გ. კ–სი კი ი. ზ–ის არ მოშორებია და გამეტებით ურტყამდა. ლ. ლ–სამ კვლავ დაარტყა ფეხი მუცელსა და ზურგში. ამ დროს მისკენ მირბოდა რ. ზ–ი, რომელსაც ურტყამდნენ და დახმარებას ვერ ახერხებდა. ლ. ლ–სა მას ურტყამდა ისე, როგორც მამაკაცს. აურზაურში გ. კ–სისგანაც მოხვდა ძლიერად. ამ დროს მოგროვდა რამდენიმე ბიჭიც და ურტყამდნენ ი-ს. ლ. ლ–სას აკავებდა შემოსწრებული სამი ბიჭი, თუმცა მათ გაექცა, გაიხსნა ქამარი და ამოღებული სასქესო ორგანოთი მისდევდა ო. კ–ს და ეძახდა „შე ისეთო ქალო, სანამ ჩემს სასქესო ორგანოს არ დაგადებ, არ გაჩერდებიო“. იგი გაიქცა და ცდილობდა ლ. ლ–სასგან თავის დაღწევას. იმ დროს, როდესაც ლ. ლ–სა უახლოვდებოდა, ეს უკანასკნელი შეაჩერა ერთ-ერთმა და უთხრა „რას აკეთებ ბიჭო, არ გრცხვენია? შეიკარი ეგ და დაანებე თავი, ჩქარა პატრული არ მოვიდესო“. ამასთან, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ო. კ–ე განიცდიდა შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. ის ფაქტი, რომ ადგილზე მოხდა ჩხუბი და იყო ხმაური, ასევე დგინდება თ. ო–ს, მ. ჭ–სა და ნ. ხ–ს ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ გააღვიძა ყვირილმა და ხმაურმა. აღნიშნულით კი უტყუარად დასტურდება, რომ ლ. ლ–სა და მასთან ერთად მყოფი პირის ქმედებებით უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი.
5.6. კასატორის განმარტებით, რ. ზ–მმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მისთვის ხელი ლ. ლ–სას არ დაურტყამს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ რ. ზ–მის ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც ლ. ლ–სა ო. კ–ს აჩვენებდა სასქესო ორგანოს და ეუბნებოდა ,,სახეზე უნდა დაგადოო“, თვითონ დაიხარა ქვის ასაღებად, რა დროსაც დაარტყეს, მაგრამ არ იცის, ვინ დაარტყა, ლ. ლ–სა მისკენ ვერ გამოიწევდა. ვიღაცის ხელი მოხვდა უკნიდან, მაგრამ რატომ დაარტყეს, არ იცის. ის, რომ დაზარალებული დაზუსტებით ვერ უთითებს, ვინ დაარტყა და იყო თუ არა ის პირი ლ. ლ–სა, არ გამორიცხავს ამ უკანასკნელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენას, ვინაიდან აღნიშნული დასტურდება სასმართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე გ. კ–სის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი შემთხვევის დროს იმყოფებოდა ლ. ლ–სთან ერთად და ცდილობდა მანქანაში მყოფი, ნასვამი ი. ზ–იის გაღვიძებას და სახლში შეყვანას. ამ დროს მათ მოუვიდათ შეკამათება, რადგან ი. ზ–ის არ ესიამოვნა, რომ ისინი ესაუბრებოდნენ მის მეუღლეს და შეგინებით და ,,ხელის ჯიკებით“ გამოხატა პროტესტი. აღნიშნულის გამო, მან ი. ზ–ის დაარტყა და დაიწყეს ჩხუბი, ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და სცემდნენ კიდეც. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ თავიდან მან და ლ-მ დაიწყეს ჩხუბი, შემდეგ კი მოგროვდა ბევრი, 4-5-ზე მეტი უცხო ბიჭი. შესაბამისად, მისი განმარტება, რომ მისი თვალთახედვის არეში ყოფნისას ლ. ლ–სას შარვალი არ ჩაუხდია და ამოღებული სასქესო ორგანოთი ო. კ–ს არ გაჰკიდებია და თუ ასეთი ფაქტი მოხდებოდა დაინახავდა, ვინაიდან იყო ლ. ლ–სასთან ერთად, მოკლებულია დამაჯერებლობას. ჩხუბის დროს, როდესაც ირევა ბევრი უცხო ბიჭი, მუდმივად და დეტალურად ხედავდე და აკონტროლებდე, რას აკეთებს შენთან ერთად მოჩხუბარი სხვა პირი, მოკლებულია დამაჯერებლობას. ამასთან, მოწმემ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული მისი გამოკითხვის ოქმის შინაარსი, სადაც მითითებულია, რომ ის და ლ. ლ–სა ი. ზ–ის სცემდნენ სახისა და თავის არეში, აგინებდნენ მას და მის მეუღლეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ო. კ–ე გამოვიდა სახლიდან და ცდილობდა მათ გაშველებას, იგი მოიშორეს ხელით, შემდეგ კი დაინახა, რომ ლ. ლ–მ ქალბატონს მუცლის არეში ჩაარტყა ფეხი, ხოლო სახეში - ხელი. ამ დროს მოგროვდა ხალხი, ისინი ცდილობდნენ მათ გაშველებას და მათ გადაინაცვლეს ლ–ს ქუჩის მიმართულებით. გამოკითხვის ოქმში ასევე მითითებულია, რომ იმ ადგილას, სადაც თვითონ იყო, ლ. ლ–ს შარვალი არ ჩაუხდია და დაზარალებულს არ გამოჰკიდებია. თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ გამორიცხავს ლ. ლ–სას მიერ ამ ქმედების ჩადენას.
5.8. კასატორი ასევე უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი თვის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპალაციო სასამართლოში ლ. ლ–ს სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობდა 21 თვის განმავლობაში, რის გამოც ლ. ლ–მ პროტესტის ნიშნად გადაყლაპა პირადი მოხმარების ლითონის საგნები, რამაც დაამძიმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზიანი მიაყენა მას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი ადამიანი მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმის „გონივრულ ვადაში“ განხილვის მოთხოვნით, კონვენცია ხაზს უსვამს მართლმსაჯულების განხორციელების მნიშვნელობას გაჭიანურების გარეშე, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ეფექტიანობასა და სანდოობას (H. v. France, § 58; Katte Klitsche de la Grange v. Italy, § 61). თუმცა, საქმის წარმოების ხანგრძლივობის გონივრულობის განსაზღვრა ხდება თითოეული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (Frydlender v. France [GC], § 43), სამართალწარმოების ხანგრძლივობის დასაბუთება უნდა შეფასდეს სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: საქმის სირთულე, მომჩივნისა და შესაბამისი ორგანოების ქმედებები და რა სამართლებრივი სიკეთე დგას მომჩივნისთვის საფრთხის წინაშე (Comingersoll S.A. v. Portugal [GC]; Frydlender v. France [GC], § 43; Sürmeli v. Germany [GC], § 128; Lupeni Greek Catholic Parish and Others v. Romania [GC], § 143; Nicolae Virgiliu Tănase v. Romania [GC], § 209). მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და სისხლის სამართლის საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად წარმიმართა 2020 წლის 4 აგვისტოს და მოსამართლე ლერი თედორაძემ დასაშვებად ცნო 2020 წლის 14 აგვისტოს. 2021 წლის 3 სექტემბერს შემთხვევითი განაწილების პრინციპით მოცემული სისხლის სამართლის საქმე განსახილველად დაეწერა მოსამართლე მარიანა სირაძეს. საქმის განხილვა დასრულდა 2022 წლის 4 მაისს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული პანდემიით გამოწვეული რიგი შეფერხებების მიუხედავად, მოცემულ საქმეზე ჩატარდა არაერთი სხდომა. ამასთან, საქმეში განთავსებულია, როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის განცხადებები, რომლებითაც მხარეები ითხოვენ სასამართლო სხდომის გადადებას, შესაბამისად, საქმის განხილვის გაჭიანურება გამოწვეულია ქვეყანაში არსებული სიტუაციითა და მხარეებისთვის თანაბარი შესაძლებლობებით სარგებლობის უფლებით, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს კასატორის არგუმენტის გაზიარების საფუძველი.
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. ლ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.10. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზიტა ჭულუხაძის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. ლ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ლ. ლ–სას მიმართ განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
5.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ლ–სას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს–სის, ასევე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზიტა ჭულუხაძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე