საქმე N 020100121004683739
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№906აპ-22 30 ნოემბერი, 2022 წელი
ჯ–ე ბ., №906აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. ჯ–ეს (პირადი ნომერი: ..............) წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის მარტის შუა რიცხვებში, ქ.ფ–ში, გ–ს ქუჩაზე მდებარე ე.წ. „.......ს სასტუმროს“ ერთ-ერთ ოთახში, ოჯახური კონფლიქტის დროს, რაც განპირობებული იყო ქალის ქცევასთან დაკავშირებით ბ. ჯ–სის სტერეოტიპული შეხედულებით და გულისხმობდა ცოლის მოქმედების ქმრის მიერ განსაზღვრის აუცილებლობას, ნასვამმა ბ. ჯ–მ მეუღლეს - მ. ქ–ს ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ - გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. ბ. ჯ–სის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა მ. ქ–მ განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
1.2. ბ. ჯ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, მცირეწლოვანი შვილის ა. ჯ-ის დაბადების დღის აღსანიშნავი სუფრის დამთავრების შემდეგ, ოჯახური კონფლიქტის დროს, რაც განპირობებული იყო ქალის ქცევასთან დაკავშირებით ბ. ჯ–ს სტერეოტიპული შეხედულებით და გულისხმობდა ცოლის მოქმედების ქმრის მიერ განსაზღვრის აუცილებლობას, მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მეუღლეს, მ. ქ–ს ნასვამმა ბ. ჯ–მ მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ: მათი მცირეწლოვანი შვილების - სამი წლის ა. ჯ–სა და წლინახევრის ე. ჯ–ს თანდასწრებით, ბ. ჯ–მ ზურგით მდგომ მ. ქ–სას, რომელსაც ე. ქ-ია ეჭირა ხელში, თავი ჩაარტყა ჯერ კეფის, შემობრუნების შემდეგ კი, შუბლის არეში. ბ. ჯ–სის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა მ. ქ–მ განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენით ბ. ჯ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ბ. ჯ–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 12 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ბ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში მოიპოვებოდა დაზარალებულ მ. ქ–სას მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, სადაც იგი ფიზიკურ ძალადობაში ამხელდა მეუღლეს. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე ისარგებლა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ბ. ჯ–ს წინააღმდეგ. ვინაიდან დანაშაულის ჩადენის დროს ბ. ჯ–ე და მისი მეუღლე სახლში მარტო იმყოფებოდნენ, სხვა მტკიცებულების მოპოვების შანსი ბრალდების მხარეს არ გააჩნდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში (Volodina v. Russia, no. 41261/170, 9/07/2019) მიუთითა, რომ „მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებში, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი“. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ძალადობა მოხდა კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და დაზარალებულს პოლიციის მისვლისას ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშანი არ ეტყობოდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - მ. გ–სა და რ. მ–ს ჩვენებებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა მათ განუცხადა მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, თუმცა სასამართლომ აღნიშნული ჩვენებები თავისი არსით ირიბ ჩვენებებად მიიჩნია და არ გაითვალისწინა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა საპატრულო პოლიციის თანაშრომლების მიერ გადმოცემულ გარემოებებზე, რადგან მათ შემთხვევის ადგილზე გამოცხადების შემდეგ უშუალოდ დაზარალებულისაგან მიიღეს სარწმუნო ინფორმაცია ფიზიკური ძალადობის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს“. ამდენად, უზენაესმა სასამართლომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დაზარალებული არ იძლეოდა ბრალდებულის მამხილებელ ჩვენებას და ცდილობდა ოჯახის წევრისათვის პასუხისმგებლობის არიდებას, არ გაიზიარა ეს ჩვენება და სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენები შეცვალა გამამტყუნებელი განაჩენით. ამდენად, ბრალდების მხარის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოსათვის სავსებით შესაძლებელი იყო მომხდარი დანაშაულისა და მისი ჩამდენი პირის დადგენა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.
5.2. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბ. ჯ–ს წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები).
5.6. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.
5.7. ვინაიდან საჩივრის დასაშვებობა მოწმდება წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია იგი, იკვეთება თუ არა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების ან საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების პერსპექტივა წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდთან მიმართებით. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარე ბ. ჯ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის დასადასტურებლად მიუთითებს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც არ შეიცავს ფაქტების დასადგენად საკმარის, რელევანტურ და სარწმუნო ინფორმაციას. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, შეფასებულია პროკურორის მიერ მითითებული თითოეული მტკიცებულების ბუნება, მათში ასახული ინფორმაციის წონა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. სააპელაციო პალატამ სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა თითოეულ მტკიცებულებას და დაასაბუთა ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულმა მ. ქ–სამ ისარგებლა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას მის მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემულმა ინფორმაციამ დადასტურება ვერ ჰპოვა. საკასაციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს არ გააჩია დამოუკიდებელი მტკიცებულებითი ძალა და არსებული საკანონმდებლო მოცემულობით მტკიცებულება არის მოწმის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეში დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმამ საფუძველი გამოაცალა გამოკითხვის ოქმში ასახული ფაქტების მტკიცებულების სახით გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, დაზარალებულ მ. ქ–ს გამოკითხვის ოქმში აღნიშნული ინფორმაცია, ისევე როგორც მასზე არსებითად დამოკიდებული სხვა ირიბი მტკიცებულებები, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრიციპის შესაბამისად, ვერ გახდება პირის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი. სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა შეისწავლოს საქმეში არსებული ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც არსებითად არ გამომდინარეობს დაზარალებულის ნაამბობიდან და მისი მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, შეიცავს საკმარის და სანდო ცნობას დანაშაულის თითოეული ელემენტის დასადგენად. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, პროკურორი მიუთითებს მტკიცებულებათა ჩამონათვალზე, თუმცა თავად აღნიშნული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ისინი არ შეიცავენ დანაშაულის სავალდებულო მაკვალიფიცირებელი ელემენტების - ქმედების (ძალდობა) და მისი ხასიათის (ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა), ძალადობის დამამძიმებელი გარემოებებისა (ძალადობის ჩადენა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით) და მოტივის (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა) დასადგენად რელევანტურ, სარწმუნო და უტყუარ ინფორმაციას. ირკვევა, რომ მოწმეების - ც. პ-ას, ბ. ქ-ას, მ. ა-ას, ლ. ქ-სა და ნ. დ-ის გამოკითხვის ოქმები არ შეიცავს პირდაპირ ინფორმაციას ბ. ჯ–სის მიმართ წარდგენილი ბრალდების არცერთი ეპიზოდში, რადგან ხსენებული მოწმეები უარყოფენ ბ. ჯ–სა და მ. ქ–ს შორის კონფლიქტის თაობაზე რაიმე ხელშესახები ინფორმაციის ფლობას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებ საკანონმდებლო სტანდარტზე და დაასკვნა, რომ საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულის სპეციფიკურ კონტექსტს, მისი ჩადენის თავისებურებებს და მტკიცებულებათა მოპოვების გონივრული შესაძლებლობის ფარგლებს, თუმცა კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ხასიათის ჩვენება, რომელიც არ არის სათანადოდ შემოწმებული და დადასტურებელი სასამართლო განხილვისას თავად ამ ინფორმაციის წყაროს მიერ, ვერ იქნება შეფასებული სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებად, მითუფრო, ის ვერ გახდება საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე