საქმე # 330802222006417318
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№59I-22 ქ. თბილისი
ყ-ი ნ. (ნ.), 59I-22 2 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ნ. (ნ.) ყ-ს - N. K-i - ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. (ნ.) ყ-ს მიმართ ს-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2018 წლის 5 აპრილს ს-ს რესპუბლიკის ა-ა და ვ-ის პროვინციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს განაჩენით ნ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
2018 წლის 2 ოქტომბერს ს-ს რესპუბლიკის ქ. ე-ს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ა-ა და ვ-ის პროვინციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენი და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამავე გადაწყვეტილებით ნ. ყ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეიცვალა ხელწერილით გაუსვლელობის შესახებ.
2021 წლის 8 ოქტომბერს ს-ს რესპუბლიკის ა-ა და ვ-ის პროვინციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. ყ-ს მიმალვასთან დაკავშირებით მის მიმართ გამოყენებული ხელწერილი გაუსვლელობის შესახებ შეიცვალა პატიმრობით და გამოცხადდა ძებნა. ამასთან, ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქციით მოცემული ქმედება ამჟამად დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 469-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ).
2022 წლის 24 თებერვალს ს-ს რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოიტანა დადგენილება ნ. ყ-ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, ნ. ყ-ს ბრალი დაედო ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
იმავე დღეს ს-ს რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.
2022 წლის 25 თებერვალს ს-ს რესპუბლიკის ქ. ე-ს საერთო იურისდიქციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. ყ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენეს - პატიმრობა.
2022 წლის 11 თებერვალს ნ. ყ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2022 წლის 15 სექტემბერს ს-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში წინასასამართლო სამართალწარმოების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველომ ს-ს რესპუბლიკაში ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით, გამოიტანა ახალი დადგენილება ნ. ყ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, რომლის თანახმად, ნ. ყ-ს ბრალი დაედო ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 469-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ნ. (ნ.) ყ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2021 წლის 20 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით ნ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად) და სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, ჯგუფურად) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. ყ-ს შეფარდებული სასჯელის მოხდის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 1 სექტემბრიდან.
2022 წლის 2 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიიღეს ნ. ყ-ს ექსტრადიციის თაობაზე ს-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2022 წლის 29 აპრილს ნ. ყ-ი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2022 წლის 1 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ნ. ყ-ს მიმართ გამოიყენეს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2022 წლის 6 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ნ. ყ-ს ექსტრადიციის თაობაზე ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ახალი შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2022 წლის 11 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ნ. ყ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2022 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
2022 წლის 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ნ. ყ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 29 ოქტომბრამდე.
2022 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ნ. ყ-ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2023 წლის 29 იანვრამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 24 ივლისს, 04:00-05:00 საათების ინტერვალში, ნ. ყ-მ და ბ. გ-ა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ა-ს რესპუბლიკის მხრიდან, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, გადაკვეთეს ს-ს რესპუბლიკის დაცული საზღვარი და უკანონოდ შევიდნენ ს-ს რესპუბლიკის არარატის მაზრის იერასხის დასახლების ტერიტორიაზე.
2021 წლის ზაფხულში ნ. ყ-მ, ი. შ-მ და ჰ. ყ-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაკვეთეს ს-ს სახელმწიფო საზღვარი და გადმოვიდნენ ს-ს ტერიტორიაზე.
4. 2022 წლის 8 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ნ. ყ-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დასაშვებად იქნა ცნობილი ნ. ყ-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით:
ა) დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის არარატისა და ვაიოც ძორის პროვინციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ნ. ყ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შესახებ და დასჯადია ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს-ის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად; ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქციით - 469-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით).
ბ) დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში წინასასამართლო სამართალწარმოების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს 2022 წლის 15 სექტემბრის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 469-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ს-ის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ნ. ყ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმება.
6.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, ნ. ყ-ს ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია არ არის უსაფრთხო და შეიცავს მისი უფლებების დარღვევის რისკს. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განმარტებით, მის სიცოცხლესა და თავისუფლებას ემუქრება საფრთხე - რელიგიური კუთვნილების გამო. ნ. ყ-ი არის მუსლიმი და ს-ის რესპუბლიკაში ცხოვრების პერიოდში ის არაერთხელ გამხდარა აღმსარებლობის გამო არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.,,ყარაბაღის ომის“ შემდეგ მისი მდგომარეობა ცალსახად გაუარესდა. მას ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. ამის გამო ის იძულებული გახდა, 2021 წლის ზაფხულში დაეტოვებინა ს-ი და გადმოსულიყო ს-ი.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ნ. ყ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ როგორც დაცვის მხარე დავობს, ნ. ყ-ი ს-ის რესპუბლიკაში იდევნება რელიგიური ნიშნით, თუმცა, მას სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია არ წარმოუდგენია. ამასთან, ს-ის მხარემ საქართველოს წარმოუდგინა გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ნ. ყ-ი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას; იგი ასევე უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ს-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ნ. ყ-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2022 წლის 29 აპრილს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ნ. ყ-ს ს-ი რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
5.2. მოცემულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ დევნას დაქვემდებარებული ქმედებები დასჯადია ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს-ის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქციით მოცემული ქმედება დასჯადია 469-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასა და ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 469-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ს-ის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; ხოლო საქართველოს იურისდიქციაში ჩადენის შემთხვევაში, მითითებული ქმედება დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.3. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ნ. ყ-ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე ს-ის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ნ. ყ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის ა-ის ისლამური საემიროს მოქალაქე.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. ს-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, ნ. ყ-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა. ამასთან, თავად ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია, რომელიც მის მიმართ ს-ის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამაც ვერ მოიპოვა/წარმოადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულება. ს-ის რესპუბლიკის მხარის მიერ წარმოდგენილი გარანტიების მიხედვით, ექსტრადიციის შემთხვევაში ნ. ყ-ი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით.
7.2. ყოველივე ზემომითითებულის მხედველობაში მიღებით, ნ. ყ-ს ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადებიც („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი).
8.2. ამ შემთხვევაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა, ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, შეფასდეს ექსტრადიციის თხოვნის გამომგზავნი ქვეყნის კანონმდებლობაც.
8.3. ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით ნ. ყ-ს ბრალი წარედგინა 2017 წლის 25 ივლისს, ხოლო 2021 წლის 8 ოქტომბერს გამოცხადდა მისი ძებნა. ამასთან, მე-2 შუამდგომლობის თანახმად, ნ. ყ-ს ბრალი წარედგინა 2022 წლის 24 თებერვალს და იმავე დღეს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულებთან დაკავშირებით გასული არ არის, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული შეესაბამება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ამასთან, ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად, ექსტრადიციას ქვემდებარე დანაშაულებისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 15 წლით და აითვლება დანაშაულის ჩადენის მომდევნო დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთანავე, ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალება გამოძიებას.
8.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნ - ს-ის რესპუბლიკის (მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე), ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
9.2. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“.
9.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნ. ყ-ს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე - ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
9.4. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ექსტრადიციის სფეროში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო ფაზის დასრულება დასაშვებად მიიჩნევა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობისას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №111-15). ამავდროულად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N7I-16 გადაწყვეტილება). შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება სასამართლო განხილვის ეტაპზე.
10. ამნისტია:
10.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
10.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულთან დაკავშირებით, დაცულია ზემოაღნიშნული პუნქტის მოთხოვნა.
11. შეწყალება:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
11.2. წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
12. პრინციპი ,,Non bis in idem“:
12.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
12.2. ნ. ყ-ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,non bis in idem“ პრინციპის დარღვევა. რაც შეეხება ნ. ყ-ს მსჯავრდებას საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის, აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პროკურატურისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ერთმანეთისაგან გამიჯნული და დამოუკიდებელი დანაშაულებია.
13. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
13.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
13.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
13.3. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
13.4. საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, მიუთითებდეს, რომ ნ. ყ-ი ს-ის რესპუბლიკაში იდევნება რაიმე ნიშნით ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ანდა სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. ამასთან, არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნ. ყ-ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ს-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარე ვერ მიუთითებს რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რის საფუძველზეც არაჰიპოთეტურად იქნებოდა მიჩნეული მის მიერ გაცხადებული სიცოცხლის უფლების შელახვის საფრთხე.
14. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
14.1. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).
14.2. ნ. ყ-ს ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, ვინაიდან ნ. ყ-ს არა აქვს საქართველოში ცხოვრების გამოცდილება. კერძოდ, 2021 წლის ზაფხულში ნ. ყ-მ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ს-ს რესპუბლიკიდან შემოვიდა საქართველოში, ხოლო 2021 წლის 1 სექტემბერს საზღვრის თ-ის რესპუბლიკის მიმართულებით გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. აღნიშნული დანაშაულებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მას განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2022 წლის 29 აპრილს იგი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთამდე ნ. ყ-ი საქართველოში ნამყოფი არ არის და მას საქართველოში ოჯახური კავშირები არ გააჩნია.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ნ. (ნ.) ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი