Facebook Twitter

ბს-1488-1063(კ-05) 30 მაისი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ლ. ჭანტურია

კასატორი (მოსარჩელე) – ი. კ-ი, წარმომადგენელი ს. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესამე პირები:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; 2. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – წელთა ნამსახურობის სტაჟის დადგენა, პენსიის დანიშვნა, მიუღებელი პენსიის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2004 წლის 10 ნოემბერს ი. კ-მა სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა შრომის სტაჟის გაანგარიშების შესაბამისად, წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნა და მოპასუხის დავალდებულება 312 თვის მიუღებელი პენსიის _ 90339 მანეთის ეკვივალენტის ლარებში ანაზღაურების თაობაზე შემდეგი საფუძვლით:

ი. კ-მა 1947 წელს დაამთავრა ქ. გროზნოს საშუალო სკოლა. 1948 წლის 1 სექტემბერს სწავლა გააგრძელა ჩრდილოეთ ოსეთის ქ. ვლადიკავკაზის შეიარაღებული ძალების ¹2 სამხედრო საავტომობილო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1951 წლის 3 დეკემბერს და მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. სამხედრო სამსახური გააგრძელა საქართველოს ქართულ დივიზიაში. 1956 წლის 22 მაისს ქართული დივიზიის დაშლასთან დაკავშირებით დათხოვნილ იქნა თადარიგში საბჭოთა არმიის რიგებიდან. სულ სამხედრო სასწავლებელსა და ქართულ დივიზიაში იმსახურა 7 წელი, 8 თვე და 22 დღე. 1956 წლის 1 სექტემბერს სწავლა დაიწყო საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენოსან პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1964 წლის 22 ივლისს. «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის ინსტიტუტში სწავლის პერიოდმა სულ შეადგინა 7 წელი. 1965 წლის 10 ნოემბერს ი. კ-მა მუშაობა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ... სამმართველოში, იმუშავა სხვადასხვა თანამდებობაზე პოლიციის მაიორის წოდებით, საიდანაც 1972 წლის 1 ივნისს დაითხოვეს თადარიგში. ამრიგად, ავტოინსპექციაში იმუშავა 6 წელი, 6 თვე და 28 დღე. 1973 წლის 22 ივნისს მოსარჩელე ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შრომა-გასწორების დაწესებულებაში, 1974 წლის 22 ივნისს აღუდგინეს მაიორის წოდება და მუშაობა დაიწყო ...ის თანამდებობაზე, სადაც იმუშავა 1978 წლის 15 თებერვლამდე, რის შემდეგაც დათხოვნილ იქნა თადარიგში. სულ მოსარჩელემ იმუშავა 5 წელი და 6 თვე. ამდენად, მოსარჩელის მითითებით, შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობისა და სწავლის პერიოდმა შეადგინა 27 წელი და 20 დღე, რომლის გაანგარიშების შედეგად უნდა დაენიშნოს წელთა ნამსახურობის პენსია (ს.ფ. 3-4).

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მუშაობის სტაჟში 27 წლისა და 20 დღის ჩათვლა და 312 თვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქმეში მესამე პირად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩართვა (ს.ფ. 19).

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (ს.ფ. 35-36).

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამხედრო სასწავლებელში სწავლისა და საბჭოთა არმიაში სამსახურის პერიოდი შეადგენს 7 წელს, 8 თვესა და 22 დღეს, ხოლო უშუალოდ შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის პერიოდი წყვეტილობით – 12 წელსა და 28 დღეს, რაც ჯამში შეადგენს 19 წელს, 9 თვესა და 20 დღეს. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ი დათხოვნილია არასრული სტაჟით (20 წელზე ნაკლები), დათხოვნის საფუძვლის მიხედვით _ პენსიის უფლების გარეშე. რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს 2004 წლის 13 ნოემბრის ¹5/38-5121 ცნობის საფუძველზე დადასტურებულად ცნო, რომ ი. კ-ს შს ორგანოებში მუშაობის სტაჟში ჩათვლილი აქვს მხოლოდ საბჭოთა არმიაში ნამსახურობისა და უშუალოდ შს ორგანოებში მუშაობის საერთო ვადა და არა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და სამხედრო-საავტომობილო სკოლაში სწავლის პერიოდი. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ «სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის საფუძველზე, დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნის შესახებ, იმ მოტივით, რომ მითითებული კანონი წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნის უფლებას ანიჭებს არა შს სამინისტროდან თადარიგში დათხოვნილ ნებისმიერ პირს, არამედ მხოლოდ იმათ, რომლებიც მსახურობდნენ შს სამინისტროს შინაგან ჯარებში, ი. კ-ს კი შინაგან ჯარებში არ უმსახურია და მასზე მითითებული კანონის შეღავათები არ ვრცელდება. გარდა აღნიშნულისა, რაიონული სასამართლოს განმარტებით, ი. კ-ის შს სამინისტროში მუშაობისა და საბჭოთა არმიაში სამსახურის საერთო ვადა 20 წელზე ნაკლებია და მას არ გააჩნია «სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული, შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და მეტი კალენდარული წელი, რადგან ეს ვადა მისთვის შეადგენს მხოლოდ პერიოდს 1951 წლიდან 1956 წლამდე, ქართული დივიზიის დაშლამდე.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, სწავლის პერიოდის ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული ნორმა მიუთითებს მხოლოდ შესაძლებლობაზე და არა სავალდებულო წესით ამ ვადის ჩათვლაზე. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სწავლის პერიოდი სამხედრო მოსამსახურეს ან შინაგან საქმეთა სამინსიტროს შინაგან ჯარში მოსამსახურეს ჩაეთვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შესრულებული აქვს უშუალოდ ამ სამსახურში ყოფნის მინიმალური ვადა 20 წელი, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს უკვე პენსიის ოდენობაზე ამ გზით გაზრდილი ნამსახურობის შესაბამისად, რაც ამ კანონით გათვალისწინებული დამატებითი შეღავათია და არა აუცილებელი პირობა.

რაიონულმა სასამართლომ სარჩელი ასევე მიიჩნია ხანდაზმულად, რადგან მოსარჩელე შს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა 1978 წლიდან და აღნიშნული დროიდან წარმოიშვა სადავო სამართალურთიერთობა, სარჩელი კი ი. კ-მა აღძრა 2004 წელს, სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 75-ე მუხლით განსაზღვრული 3-წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, დათხოვნიდან 25 წლის ხანდაზმულობით. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე არასასარჩელო წარმოების გზით ცდილობდა სადავო საკითხის გადაწყვეტას (ს.ფ. 50-53).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-მა და მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სამხედრო და შს ორგანოებში ნამსახურობის სტაჟში უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის 7 წლის ჩათვლა, საერთო ნამსახურობის გამოანგარიშებით 26 წელი, 9 თვე და 20 დღე და აღნიშნულის შესაბამისად, პენსიის დანიშვნა შემდეგი მოტივით:

აპელანტმა არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ი. კ-ზე არ ვრცელდება «სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის ნორმები და შეღავათები იმის გამო, რომ ი. კ-ს არ უმუშავია შინაგან ჯარებში, რადგან ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირებს განეკუთვნებიან რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა და სხვა ორგანოებში. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა მითითებული კანონის პირველი მუხლის «ა» პუნქტი.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა «სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-16 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მოთხოვნები და მიიჩნია, რომ ი. კ-ს ნამსახურობაში არ უნდა ჩაეთვალოს სწავლის პერიოდი, ვინაიდან მოსარჩელე სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურები აქვს 19 წელი, 9 თვე, 20 დღე და 20 წლამდე აკლია 2 თვე და 10 დღე, 1956-1964 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომლის ჩათვლის შემთხვევაშიც ნამსახურობა ექნება 26 წელი 9 თვე და 20 დღე, რის მიხედვითაც უნდა დაენიშნოს პენსია. «სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი და ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი არ მიუთითებს, რომ ი. კ-ს ჯერ უნდა შესრულებოდა სამხედრო და შს ორგანოებში ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი და შემდეგ ჩაეთვლებოდა სწავლის პერიოდი. ამდენად, აპელანტმა მიიჩნია, რომ ი. კ-ს წელთა ნამსახურობაში უნდა ჩეთვალოს 26 წელი, 9 თვე და 20 დღე.

აპელანტმა არაკანონიერად მიიჩნია სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან «სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნლ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა პენსიის დანიშვნაზე არ მოქმედებს. სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 78-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა დარღვეული უფლების დაცვის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად სასამართლოს, არბიტრაჟის ან სამედიატორო სასამართლოს მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად (ს.ფ. 54-56).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმსჯელა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. კ-ის მოთხოვნა სამხედრო სამსახურში, შს ორგანოებსა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მიხედვით წელთა ნასახურობის დადგენის, სამხედრო და შს ორგანოებში წელთა ნამსახურობის სტაჟში უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის 7 წლის ჩათვლის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ი 1948-1956 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში, საიდანაც გათავისუფლდა შტატების შემცირების გამო; 1956-1959 წლებში მუშაობდა ბათუმის საშუალო სკოლაში პედაგოგად, 1956-1960 წლებში არ მუშაობდა, მკურნალობდა; 1960-1965 წლებში მუშაობდა ბათუმის საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ, 1965-1969 წლებში - საქართველოს შს სამინისტროს გარდაბნის საის უფროსად, საიდანაც გათავისუფლდა სამსახურებრივი შეუთავსებლობის გამო; 1972-1973 წლებში არ მუშაობდა; 1973-1978 წლებში მუშაობდა რუსთავის შრომა-გასწორების კოლონიაში, 1975 წელს აღდგენილ იქნა შს ორგანოებში, ხოლო 1978 წელს გათავისუფლდა სამსახურებრივი შეუთავსებლობის გამო. 1982-1988 წლებში მუშაობდა სამეცნიერო სამრეწველო გაერთიანება «...» სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორის მოადგილედ, საიდანაც გათავისუფლდა პენსიაზე გასვლის გამო; სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ი 1956 წელს შევიდა და 1964 წელს დაამთავრა ვ.ი. ...ის სახელობის საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენოსანი პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალობით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება და დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ის სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 7 წელს, 8 თვესა და 22 დღეს, ხოლო შს ორგანოებში მუშაობის პერიოდი წყვეტილი შრომის სტაჟით _ 12 წელსა და 28 დღეს, ხოლო მთლიანობაში _ 19 წელს, 9 თვესა და 20 დღეს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-16.1 მუხლით და განმარტა, რომ წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური, სამხედრო შს და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი _ სამხედრო სამსახური ან შს და უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრებში დატოვებით, ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურეები, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იყვნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო სამსახურში ან შს და უშიშროების ორგანოებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი 6 წლის ზემოთ სწავლის ერთი წელი ჩაეთვლებათ 6 თვედ, ხოლო წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად, თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ი თადარიგში დათხოვნილი არ ყოფილა და სამსახურიდან არ გადამდგარა, ხოლო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის პარალელურად მუშაობდა ბათუმის საშუალო სკოლაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. კ-ს წელთა ნამსახურობაში არ უნდა ჩაეთვალოს სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდი _ 7 წელი, რადგან ამავე პერიოდში მუშაობდა პედაგოგად საშუალო სკოლაში, ხოლო «სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონი ითვალისწინებს, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოთ საშუალო სკოლაში პედაგოგად მუშაობის სტაჟი (ს.ფ. 115-122).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ი. კ-ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება 28 წლით, 1 თვითა და 10 დღით და აღნიშნულის შესაბამისად, პენსიის დანიშვნა შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «გ» პუნქტების და 394-ე მუხლის «ე» პუნქტის მოთხოვნები, არ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, იმ დროისათვის მოქმედი საბჭოთა კავშირის კანონები და სხვა ნორმატიული აქტები, «სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი და მე-16 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტი, 78-ე მუხლი, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი უნდა ჩაეთვალოს შს ორგანოებში წელთა ნამსახურობის სტაჟში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რა, რომ ი. კ-ი თადარიგში დათხოვნილი არ ყოფილა და სამსახურიდან არ გადამდგარა, ხოლო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა ბათუმის საშუალო სკოლაში, არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ი. კ-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება, რომლის თანახმად, 1956 წლის 22 მაისს ი. კ-ი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს შტატების შემცირების გამო, ქართული დივიზიის დაშლასთან დაკავშირებით. «მუშათა და მოსამსახურეთათვის სოციალური დაზღვევით შემწეობის დანიშვნისას უწყვეტი სამუშაო სტაჟის გამოანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ» ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1973 წლის 13 აპრილის ¹252 დადგენილების მე-4 მუხლის, «შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ხელმძღვანელი შემადგენლობის კადრებთან მუშაობის ნორმატიულ დოკუმენტთა კრებულის» მე-2 ტომის მე-2 თავის 1-ლი ნაწილის, მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, კასატორმა მიუთითა, რომ სამუშაო სტაჟს უნდა დაემატოს 1956 წლის 22 მაისს ი. კ-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღიდან 1956 წლის 1 სექტემბრამდე (უმაღლეს სასწავლებელში მოწყობამდე) გაცდენილი 3 თვე– 19 წელს, 9 თვესა და 20 დღეს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა შეცდომა დაუშვეს წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაში, რადგან ი. კ-ი შს ორგანოებიდან პირველად დაითხოვეს 1972 წლის 7 ივნისს შს მინისტრის ¹414 პ/შ ბრძანებით და არა 1972 წლის 1 ივნისს, როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ 1965-1972 წლებში იმსახურა 6 წელი, 6 თვე და 20 დღე და არა 26 დღე. სასამართლოებმა ასევე არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ 1972 წლის 7 ივნისს არაკანონიერად იყო დათხოვნილი შს ორგანოებიდან, რის გამოც საჩივრებით მიმართავდა შს სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას და ყოფილი საბჭოთა კავშირის შს სამინისტროს, რის შედეგადაც შს მინისტრის 1973 წლის 21 ივნისის ¹81 პ/შ ბრძანებით აღდგენილ იქნა შს ორგანოებში, კერძოდ, შრომა-გასწორების დაწესებულებაში მაიორის წოდებით. ამდენად, კასატორის მითითებით, უკანონოდ დათხოვნის პერიოდი აღდგენამდე, ი. კ-ს უნდა ჩაეთვალოს მუშაობის სტაჟში და 19 წელს, 9 თვესა და 20 დღეს დაემატოს 1 წელი და 14 დღე. სულ სამხედრო სამსახურსა და შს ორგანოებში წელთა ნამსახურობის გაანგარიშებით იმსახურა 28 წელი, 1 თვე და 10 დღე, რომლის მიხედვითაც უნდა დაენიშნოს პენსია (ს.ფ. 128-132).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა-საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ი. კ-ის მიერ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ი. კ-ი 1948-1956 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში, საიდანაც გათავისუფლდა შტატების შემცირების გამო; 1956-1959 წლებში მუშაობდა ბათუმის საშუალო სკოლაში პედაგოგად, 1956-1960 წლებში არ მუშაობდა, მკურნალობდა; 1960-1965 წლებში მუშაობდა ბათუმის საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ; 1965-1969 წლებში მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს გარდაბნის საის უფროსად, საიდანაც გათავისუფლდა სამსახურებრივი შეუთავსებლობის გამო; 1972-1973 წლებში არ მუშაობდა, 1973-1978 წლებში მუშაობდა რუსთავის შრომა-გასწორების კოლონიაში, 1975 წელს აღდგენილ იქნა შს ორგანოებში, ხოლო 1978 წელს გათავისუფლდა სამსახურებრივი შეუთავსებლობის გამო; 1982-1988 წლებში მუშაობდა სამეცნიერო სამრეწველო გაერთიანება «...» სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორის ...ედ, საიდანაც გათავისუფლდა პენსიაზე გასვლის გამო; ი. კ-ი 1956 წელს შევიდა და 1964 წელს დაამთავრა ვ.ი. ...ის სახელობის საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენოსანი პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი. კ-ის სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 7 წელს, 8 თვესა და 22 დღეს, ხოლო შს ორგანოებში მუშაობის პერიოდი წყვეტილი შრომის სტაჟით _ 12 წელსა და 28 დღეს, ხოლო ერთობლიობაში _ 19 წელს, 9 თვესა და 20 დღეს, ამასთან დადგენილია, რომ ი. კ-ი იღებს მოხუცებულობის პენსიას შრომის წელთა ნამსახურობის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. კ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონით დადგენილი პირობები, რამდენადაც საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებით სოციალური შეღავათების გავრცელების სუბიექტებს წარმოადგენენ მხოლოდ საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე მხოლოდ ის პირები, რომლებიც სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო სპეციალური სამსახურიდან არიან თადარიგში დათხოვნილი, შესაბამისად, კასატორი წარმოადგენს მითითებული ნორმატიული აქტის მოქმედების სუბიექტს.

საკასაციო სასამართლო «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის 16.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმით განისაზღვრა წელთა ნამსახურობის გადაანგარიშების წესი და პირობები, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოთ სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურის ორგანოებში, დაზღვევის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი, ამასთან, 6 წლის ზემოთ სწავლის ერთი წელი მოსამსახურეს ჩაეთვლება 6 თვედ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა წარმოადგენს უფლებამოსილებას, ნაცვლად ვალდებულებისა, რადგან მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს ვალდებულებას, აუცილებელ პირობას მოსამსახურის სწავლის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლაზე.

საკასაციო სასამართლო «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის «ა» პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ წელთა ნამსახურობის გამო პენსიის დანიშვნის უფლებას მოიპოვებს 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის «დივიზიის» დაშლის დროს სამხედრო მოსამსახურე იმ შემთხვევაში, თუ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობა შეადგენს 10 და მეტ კალენდარულ წელს, ხოლო შრომის საერთო სტაჟი _ 20 და მეტი კალენდარულ წელს.

მოცემულ შემთხვევაში ი. კ-ი ვერ აკმაყოფილებს მითითებული ნორმით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი არ წარმოადგენს აღნიშნული ნორმით სოციალური შეღავათების გავრცელების უფლების მქონე სუბიექტს, რამდენადაც ი. კ-ს არ გააჩნია შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და მეტი კალენდარული წელი, ამასთან, წელთა ნამსახურობის ვადა 20 წელზე ნაკლებია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 78-ე მუხლის საფუძველზე კასატორს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი უნდა ჩაეთვალოს შს ორგანოებში წელთა ნამსახურობის სტაჟში.

საკასაციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 78-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ადგენს შს ორგანოში აღდგენის შემდეგ სამსახურის სტაჟის გამოთვლის წესსა და პირობებს, რომლის თანახმად შს ორგანოებში აღდგენილ თანამშრომლებს მუშაობის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა მუშაკი აღდგება შს ორგანოებში გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე; მოსამსახურის სამუშაოზე აღდგენა თავისთავად გულისხმობს მუშაკის სამუშაოზე აღდგენას უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის უფლებამოსილება გააჩნია როგორც თვით ბრძანების გამომცემ ორგანოს ან ზემდგომ ორგანოს, ასევე სამუშაოზე აღდგენის საფუძველს წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მუშაკის სამსახურში აღდგენი თაობაზე, მაშინ, როცა მოცემულ შეთხვევაში ი. კ-ი 1972 წლის 7 ივნისიდან დათხოვნილ იქნა თანამდებობიდან, ხოლო 1974 წლის 22 ივნისიდან კვლავ დაიწყო მუშაობა ატესტირებული ოფიცრის თანამდებობაზე, ანუ რეალურად განხორციელდა არა მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, არამედ სამსახურში ხელახლი მიღება _ დანიშვნა, მით უფრო იმ პირობებში, როცა შს ორგანოდან პირველი დათხოვნიდან შს ორგანოებში კვლავ სამსახურის დაწყების პერიოდამდე, ი. კ-ი, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დაქირავებული პირის სტატუსით არაატესტირებულ თანამდებობაზე მუშაობდა მექანიკოსად შრომა-გასწორების დაწესებულებაში. ამდენად, ი. კ-ზე ვერ გავრცელდება ზემოაღნიშნული ნორმითD დადგენილი პირობა სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში გაცდენილი პერიოდის უწყვეტ სტაჟში ჩათვლის თაობაზე, სადავო სამართალურთიერთობაზე მისი შეუსაბამობის გამო.

ასევე დაუსაბუთებულია საკასაციო საჩივრის მოტივი, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცდომა დაუშვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაში, რადგან ი. კ-ი შს ორგანოებიდან პირველად დაითხოვეს 1972 წლის 7 ივნისს შს მინისტრის ¹414 პ/შ ბრძანებით და არა 1972 წლის 1 ივნისს, როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ს.ფ. 7-ზე წარმოდგენილი ა. კ-ის წელთა ნამსახურობის ნუსხის თანახმად, ი. კ-ი შს ორგანოებიდან პირველად დაითხოვეს 1972 წლის 7 ივნისის ბრძანებით, მაგრამ თანამდებობიდან გათავისუფლდა 1 ივნისიდან, ამდენად მითითებული მტკიცებულება სწორად იქნა შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, შესაბამისად, სწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება _ კასატორის სამსახურიდან გათავისუფლების ზუსტი თარიღი, მით უფრო, რომ ამგვარის არსებობის პირობებშიც აღნიშნული გარემოება არსებითად არ ცვლიდა საქმის არსს.

საკასაციო სასამათლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ი. კ-ს ვერ ჩაეთვლება წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო სასწავლებელში (საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში) სწავლის პერიოდი 7 წელი და მიაჩნია, რომ, რამდენადაც კასატორი ამ პერიოდში მუშაობდა პედაგოგად საშუალო სკოლაში, ხოლო «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონით არ არის განსაზღვრული სამხედრო სამსაურიდან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურის პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში პედაგოგად მუშაობის პერიოდის ჩათვლა, რის გამოც ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 26I.3 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

¹