Facebook Twitter

საქმე # 330100120004087932

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №838აპ-22 ქ. თბილისი

ბ-ე მ., 838აპ-22 12 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. თ-ე-ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის განაჩენით:

1.1. მ. ბ-ე, - დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ,,დ1’’ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის განაჩენით (უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განჩენით) განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. აღნიშნული განაჩენით დანიშული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ მ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 6 ოქტომბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ. ბ-ე მივიდა ყოფილი მეუღლის - ლ. გ-ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ-ი, ს-ს დასახლება, პ-ი ქუჩა, პ-ი გასასვლელი №... და დაუწყო შერიგებაზე საუბარი. ამ დროს ლ. გ-ი ტელეფონზე სასაუბროდ გავიდა ქუჩაში, კერძოდ კი - თ-ი, ს-ს დასახლება, პ-ი ქუჩა, პ-ი გასასვლელის №...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. მ. ბ-მ ჩათვალა, რომ ლ. გ-ს დაურეკა მამაკაცმა და ვინაიდან მიიჩნევდა, რომ მის ყოფილ მეუღლეს არ ჰქონდა უფლება, სხვა მამაკაცთან დაემყარებინა ურთიერთობა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ლ. გ-ს განზრახ მოკვლის მიზნით, დანით მიაყენა ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, კერძოდ: ჭრილობა - მუცლის მარცხენა ნახევარში, შემავალი მუცლის ღრუში, ასევე ჭრილობები - კისრის მარცხენა ნახევარში, მარჯვენა წინამხრის, მარჯვენა ბარძაყისა და მარჯვენა თეძოს არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლ. გ-ი კი დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. თ-ე-ა-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენში, კვალიფიკაციისა და მსჯავრდების ნაწილში, ცვლილების შეტანა.

4.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა პროკურორმა ივანე კაკალიამ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. თ-ე-ა-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ადვოკატ ლ. თ-ე-ა-ს მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულ მ. ბ-ს ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ,,დ1’’ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

7. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს, მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე. სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებებია ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

8. ქმედების კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კონფლიქტის წარმოშობის ყველა გარემოებას: დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მასში მონაწილეთა ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დაწყებული დანაშაულის დამთავრებამდე, პოსტდანაშაულებრივ ქცევას და ა.შ. სწორი კვალიფიკაციისათვის პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მკვლელობის დამამძიმებელი გარემოებები. გარდა ამისა, ასევე დადგენილ უნდა იქნეს, ხომ არ არის მკვლელობა ჩადენილი უეცრად აღძრული, ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. ამასთან, უნდა გაიმიჯნოს განზრახ მკვლელობა მასთან ახლოს მდგომ სხვა დანაშაულთაგან, სახელდობრ, სისხლის სამართლის კოდექსის 117 ე და 118-ე მუხლებისაგან, სადაც მითითებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებაზე.

9. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულებით განსხვავდება, კერძოდ: თუ პირმა მოკვლის მიზნით დააზიანა სხვა პირის ჯანმრთელობა, მაგრამ სასიკვდილო შედეგი არ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევაში გამოკვეთილია მკვლელობის მცდელობა და არა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ანუ სწორედ განზრახვის ელემენტი განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისგან. ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია(მაგალითად, ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანოებში ჭრილობის მიყენება), როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა და სხვ. დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები, დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ და სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს - ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, №527აპ-17, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. ბ-ე დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა ლ. გ-ს მოკვლის განზრახვით, თუმცა მისი განზრახვის სისრულეში არმოყვანა გამოწვეული იყოს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ბ-ს განზრახვას - ჩაედინა პირის მკვლელობა, ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალება და მიყენებული დაზიანების ლოკალიზაცია, ხარისხი და სიმძიმე, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სიცოცხლისათვის სახიფათოს, კერძოდ, დაზარალებულს ჭრილობები აღენიშნებოდა მუცლის მარცხენა ნახევარში, შემავალი მუცლის ღრუში, ასევე - ჭრილობები კისრის მარცხენა ნახევარში, მარჯვენა წინამხრის, მარჯვენა ბარძაყის და მარჯვენა თეძოს არეში. მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს (სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N...). განსაკუთრებით ჭრილობების სიმრავლე და ლოკალიზაცია (კისრის არე, მუცლის ღრუ) ნათლად ადასტურებს მ. ბ-ს მხრიდან განზრახ მკვლელობის მცდელობას.

12. უსაფუძვლოა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მოცემული მსჯელობა, რომ მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მსჯავრდებულ მ. ბ-ს ხელს არავინ უშლიდა.

13. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს დაზარალებულ ლ. გ-ს ჩვენებაზე, რომლის თანახმად, იგი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, ასევე მეზობელმა, მოწმის სახით დაკითხულმა ნ. კ-ა გაიგო ლ. გ-ს ხმა, რომელიც ყვიროდა და პოლიციის დახმარებას ითხოვდა, მან დაინახა, რომ ვიღაც გარბოდა. მოწმე ე. ჩ-ც განმარტა, რომ გაიგო ქალის ყვირილი, რომელიც ამბობდა ,,ჩემმა ყოფილმა მეუღლემ - მ. ბ-მ დამჭრაო“.

14. აქვე საყურადღებოა ის გარემოება, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსამართლის შეკითხვაზე, მ. ბ-მ განაცხადა, რომ დანა დაარტყა დაზარალებულს, ასევე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი. ბ-მ მიუთითა, რომ მ. ბ-ე ისანი-სამგორის სამმართველოში გამოცხადდა ბრალის აღიარებით.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს მ. ბ-ს მიერ ლ. გ-ს მოკვლის განზრახვას; ასევე იმ გარემოებას, რომ კონფლიქტის დროს მისი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო ხსენებული დანაშაულის ჩასადენად, თუმცა ლ. გ-ა და მეზობლების მოქმედებით მან სისრულეში ვერ მოიყვანა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანების სიმრავლე, სიმძიმე და ლოკალიზაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჭრილობას, ადასტურებს იმას, რომ მისი ქმედებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური თვალსაზრისით შესაძლო შედეგს (ლ. გ-ს შესაძლო სიკვდილს) იგი უცილობლად ითვალისწინებდა. მ. ბ-ე დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა ლ. გ-ს მოკვლის განზრახვით. მან სრულიად გამიზნულად დაარტყა დანა ლ. გ-ს სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. ბ-ს ქმედებაში გამოკვეთილია განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები, მათ შორის - განზრახვა.

16. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, არის დანაშაულის მცდელობა. კანონის ამ ნორმისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, გამოკვეთილია მოცემულობა, რომლის თანახმადაც, მ. ბ-მ ჩაიდინა ლ. გ-ს მკვლელობის მცდელობა. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგენილია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.

17. საფუძველს მოკლებულია ასევე კასატორის ის არგუმენტი, რომ ლ. გ-ა და მ. ბ-ს ოჯახის წევრებად აღიარების ფაქტი არ დასტურდება, რადგან საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა - ბ. გ-ა, ც. შ-მ და რ. ვ-მ ცალსახად აღნიშნეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში; ასევე მ. ბ-ს ნათესავის - ა. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ. ბ-ე დიდი ხნის წინ დაშორდა ცოლს და სხვა ქალთან ცხოვრობდა. აქვე გასათვალისწინებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 წლის განაჩენი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად (მ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ბრალდების ორი ეპიზოდი. მან თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება).

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მ. ბ-ს ქმედებაში იკვეთება გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნები, რაც დასტურდება დაზარალებულ ლ. გ-ს ჩვენებით, ასევე მოწმე ი. ბ-ს ჩვენებითა და თავად მ. ბ-ს მიერ გამოხატული ქმედებებით - პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულის მიმართ დამოკიდებულებით, კერძოდ, მ. ბ-ს წარმოდგენით, ლ. გ-ს არ ჰქონდა სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება, იგი იყო მისი საკუთრება და როგორც ქალი, ვალდებული იყო ეცხოვრა და მოქცეულიყო ისე, როგორც მ. ბ-ს სურდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ბ-ს მსჯავრდება არის კანონიერი და სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ არსებობს.

20. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ. ბ-ს განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ მ. ბ-ს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი (მას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენა; მ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი - სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის განზრახი დანაშაული, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი - მან ხუთჯერ დაარტყა დანა დაზარალებულს, სასამართლო პროცესების დროს მ. ბ-ს აგრესიული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და, ზოგადად, არაეთიკური ქცევა სხდომების მიმდინარეობისას).

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ მ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებული უფლებაა და მისი შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე - საზოგადოების მხრიდან.

22. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

23. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

24. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. თ-ე-ა-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი