Facebook Twitter

საქმე # 330100121004943202

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №916აპ-22 ქ. თბილისი

ლ-ე ა., 916აპ-22 12 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნოდარ სამხარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ლ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, - ბრალად ედება ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით ა. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულის შემდგომ, 2021 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 11:50 საათზე, ქ. თ-ი, ბ. ხ-ს მე-... შესახვევის მე-... კორპუსში მდებარე ბინა N...-ში, ა. ლ-ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ო. კ-ს კუთვნილ „ა-ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს, კერძოდ, გასტაცა ხელიდან და გაიქცა საცხოვრებელი სახლიდან. ა. ლ-ს ქმედების შედეგად ო. კ-ს მიადგა 200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენით:

2.1. ა. ლ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.

2.2. გამართლებულ ა. ლ-ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნოდარ სამხარაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენის გაუქმება, ა. ლ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. მსჯავრდებულმა ა. ლ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნოდარ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას ა. ლ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. ლ-ს გამართლება განაპირობა.

7. საქმის გარემოებების დასადგენად სასამართლო ითვალისწინებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტს, რომ ასეთი მტკიცებულება წარმოიქმნება მხოლოდ შეთანხმებული, საკმარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელ დასკვნებით ან გაუბათილებელი პრეზუმფციით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ფეოდოროვი მოლდოვის წინააღმდეგ” (Feodorov v. The Republic of Moldova, N 42434/ 06, 29.01.2014).

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ა. ლ-ს მიერ ო. კ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის დაუფლების ფაქტი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მაღალ სტანდარტს და ვერ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ ერთობლიობას იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ა. ლ-მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, კერძოდ:

8.1. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით კრიმინალიზებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები და ასევე, დამატებითი ობიექტია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. ძარცვის შემადგენლობა სახეზეა, როდესაც ხდება მოძრავი ნივთის დაუფლება აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, რაშიც მოიაზრება ნივთის მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა. დადასტურებული ფაქტია, რომ ა. ლ-ე არ აპირებდა ო. კ-ნ დაუფლებული ნივთით არც მატერიალური გამორჩენის მიღებას და არც ამ ნივთის თავის სასარგებლოდ განკარგვას. თავად დაზარალებულმა ო. კ-ა მიუთითა, რომ ა. ლ-ს სურდა, აღეკვეთა მისი (ო. კ-ს) მხრიდან პოლიციაში დარეკვის მცდელობა და ამ მიზნით გასტაცა მას ხელიდან მობილური ტელეფონი, რომელიც რამდენიმე დღეში თავისივე ინიციატივით დააბრუნა. აღნიშნული კი გამორიცხავს ა. ლ-ს ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის და თავის მხრივ, ძარცვის შემადგენლობის არსებობას. მხოლოდ ის გარემოება, რომ ა. ლ-მ, მიუხედავად დაზარალებულისა და გ. ვ-ს მოწოდებისა, დატოვა შემთხვევის ადგილი და დაუყოვნებლივ არ დააბრუნა დაუფლებული მობილური ტელეფონი, ვერ ქმნის უტყუარ ეჭვს, რომ მას ამოძრავებდა ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა სახის მტკიცებულებებიც არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის მსჯავრდებისათვის. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეები - დაზარალებულის მეგობარი გ. ვ-ი და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები ა. ლ-ს მიერ ო. კ-ს მობილური ტელეფონის წართმევის ფაქტს არ შესწრებიან და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათი ჩვენებებისა და საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების შეფასებით შეუძლებელია ისეთი დასკვნის გამოტანა, რომ ქმედების ჩადენის მომენტში ა. ლ-ე მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვით.

9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ანალოგიურ დანაწესს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რომლის თანახმად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნოდარ სამხარაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი