საქმე # 190100120003772318
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №927აპ-22 ქ. თბილისი
მ-ი ს., 927აპ-22 12 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2018 წლის 22 ივნისს, საღამოს საათებში, გ-ს რაიონის სოფელ ყ-ი, თავიანთ საერთო საცხოვრებელ სახლში, ს. მ-ს შელაპარაკება მოუხდა შვილიშვილთან - ტ. მ-ნ, ვინაიდან მას არ მოსწონდა შვილიშვილის მეგობრები და მისი დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ. კონფლიქტის დროს მან მილის ნაჭერი ორჯერ დაარტყა ტ. მ-ს ხელების არეში. ს. მ-ს ქმედების შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა ტ. მ-ა და მიიღო დაზიანებები სისხლჩაქცევების სახით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. ს. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ს. მ-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენის გაუქმება, ს. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ს. მ-ს მიერ ტ. მ-ს მიმართ ძალადობის ჩადენა.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ტ. მ-ა და მოწმე ა. მ-მ (დაზარალებულის მეუღლემ) ს. მ-ს წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენებები.
10. ს. მ-ა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით
11. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 22 ივნისის შეტყობინება, რომლის თანახმად, 112-ს დაუკავშირდა ტ. მ-ი, რომელმაც განაცხადა, რომ ოთხმა პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ტ. მ-ს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები ორივე მხრის არეში, ნაჭდევი მარჯვენა იდაყვის სახსრის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება 2018 წლის 22 ივნისს ს. მ-ა და ტ. მ-ს შორის მომხდარი კონფლიქტი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა მრავალი პირი, რომლებმაც გააშველეს ბაბუა და შვილიშვილი, მოწმეთა დიდი ნაწილი არ დაკითხულა, ხოლო დაკითხული არცერთი მოწმე არ მიუთითებს ს. მ-ს მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. ამასთან, მხედველობაშია მისაღები შეტყობინების ავტორის - დაზარალებულ ტ. მ-ს მიერ 112-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია ოთხი პირის მიერ მისი ცემის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში სხვა მტკიცებულებებით არ დადგენილა შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გაურკვეველია, თუ რატომ მიაწოდა დაზარალებულმა ასეთი ინფორმაცია.
14. საქმეზე დაკითხული მოწმეები - თ. გ-ე და გ. ფ-ი არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ პირებს. ისინი პოლიციელები არიან, რომლებიც შეტყობინების შემდგომ მონაწილეობდნენ საქმესთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებში , ასევე დაკითხეს მოწმეები და უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებიან. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ირიბია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
15. რაც შეეხება პროკურორ ზურაბ კოჭლამაზაშვილის აპელირებას სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნაზე - ტ. მ-ს სხეულზე არსებული დაზიანების თაობაზე, რაც არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ დაზიანების არსებობა ვერ იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის წინაპირობა, ვინაიდან სხვა მტკიცებულებებით არ არის დადგენილი - მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა ს. მ-ა შვილიშვილს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ, მართალია, ოჯახში ძალადობის საქმეები არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, თუმცა, მნიშვნელოვანია იმის დადგენა - ამოიწურა თუ არა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობა. შემთხვევის ადგილზე შეკრებილი მრავალი ადამიანის მიუხედავად, არ დაკითხულან სხვა პირები, რომლებსაც შეეძლოთ სასამართლოსათვის მიეწოდებინათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
18. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ს. მ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი