Facebook Twitter

საქმე # 330100121004899802

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №928აპ-22 ქ. თბილისი

ბ-ე ი., 928აპ-22 12 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძისა და მსჯავრდებულ ი. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მარტს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 8 მარტს, ღამის საათებში, ი. ბ-ე იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, მისამართზე: ქ. თ-ი, პ-ა ლ-ო, დ. ა-ს ქუჩა №.... მასთან სტუმრად იმყოფებოდა ნაცნობი ზ. ლ-ი, რომელთანაც მოუხდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა დაპირისპირებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულით განაწყენებულმა ი. ბ-მ განიზრახა შური ეძია და მოეკლა ზ. ლ-ი. ამ მიზნით ჩავიდა სარდაფში, ამოიტანა სანადირო გლუვლულიანი თოფი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და ზ. ლ-ს განზრახ მოკვლის მიზნით, ორჯერ ესროლა წვივისა და საზარდულის მიდამოში. ი. ბ-ს ქმედების შედეგად ზ. ლ-ა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო შემავალი ჭრილობა. იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 2021 წლის 19 მარტამდე მკურნალობდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ი. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

2.2. ი. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 8 მარტიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 8 მარტს, ღამის საათებში, ი. ბ-მ თავის საცხოვრებელ სახლში, ქ.თ-ი, პ-ა ლ-ს დასახლებაში, დ. ა-ს ქუჩა №...-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გლუვლულიანი სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა მასთან სტუმრად მყოფ ზ. ლ-ს. ი. ბ-ს აღნიშნული ქმედების შედეგად ზ. ლ-ა მიიღო დაზიანებები მარჯვენა წვივისა და მარცხენა საზარდულის მიდამოში, რომლებიც მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და რამაც გამოიწვია ორგანოს - მარჯვენა წვივის დაკარგვა, რაც დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ 60%-ით დაკარგვასთან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.

5.1. მსჯავრდებულ ი. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენის გაუქმება და ი. ბ-ს ქმედების შეფასება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობად.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №227აპ-16; 680აპ-17; 355აპ-19; 329აპ-20; №76აპ-21; 587აპ-21) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. ლ-ს, მოწმეების - ი. ც-ს, გ. მ-ს, მ. ლ-ს, ს. გ-ა და სხვათა ჩვენებები, შეტყობინების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები, დაკავების ოქმი, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნა, ბიოლოგიური (სერეოლოგიურ-გენეტიკური) ექსპერტიზის N... დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N... დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნა, ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნა და სხვა მტკიცებულებებიც - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ი. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. აღნიშნული მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს აზრით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ი. ბ-ს ქმედების აუცილებელი მოგერიების ფარგლებში შეფასებასთან დაკავშირებით საფუძველსაა მოკლებული.

9. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ,,ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (ფარგლების გადაცილებით) ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოებების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასთან და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ არსებობს აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს“. შესაბამისად, ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო, აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის განჩინება N770აპ-19).

10. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის ვერსიას მსჯავრდებულ ი. ბ-ს მიერ შემთხვევის დღეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედების შესახებ აბათილებს საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებები, კერძოდ: ფაქტის შემსწრე პირის - მოწმე გ. მ-ს ჩვენება, რომელიც უთითებს, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არანაირ ჩხუბს არ შესწრებია და არც ხმა გაუგია, იგი გააღვიძა თოფიდან გასროლის ხმამ, მაშინ, როდესაც ი. ბ-ს მიერ აღწერილი მოვლენები ხდება მასთან ძალიან ახლოს, თითქმის იმავე ოთახში, სადაც მას ეძინა და ასეთი ხელჩართული ჩხუბის შემთხვევაში მას აუცილებლად გაეღვიძებოდა და დაინახავდა იქ შექმნილ ვითარებას. გარდა ამისა, აღნიშნულ ვერსიას ეწინააღმდეგება აგრეთვე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ოქმში არაფერია ნათქვამი საწოლის არეულ მდგომარეობაზე, რაც, ბუნებრივია, მოჰყვებოდა იმ ხელჩართულ ფიზიკურ დაპირისპირებას, რასაც მსჯავრდებული აღწერს, ასევე ნანახი ვერ იქნა დანა, რომელიც თითქოს, ზ. ლ-ა სამზარეულოდან აიღო და მის მოსაკლავად გაემართა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია მხოლოდ დანის პირი, რომელზეც ჩატარდა ბიოლოგიური (სერეოლოგიურ-გენეტიკური) ექპერტიზა, რომლის თანახმადაც, დანის პირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ზ. ლ-ს, ხოლო მინორული წილი - ი. ბ-ს. მსჯავრდებულის ვერსიას აბათილებს აგრეთვე ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმადაც, ი. ბ-ა და ზ. ლ-ს ტანსაცმელებზე ურთიერთგარდამავალი მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ასევე - საქმეზე გაცემული ბიოლოგიური (სერეოლოგიურ-გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც: „ჰონდა ფიტის“ მარკის შავი ფერის ავტომანქანაში, სახ. ... მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ. ლ-ს. მანქანის უკანა, მარცხენა კარის გამოსაღები სახელურიდან (შიდა მხრიდან) აღებული მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ. ლ-ს. ასევე, მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით ი. ბ-ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები - წვივის არეში ჭრილობის სახით და ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თუმცა არცერთი მტკიცებულებით არ არის დადგენილი, თუ როგორ, რა ვითარებაში და საიდან მიიღო მსჯავრდებულმა აღნიშნული დაზიანებები. ისინი არ შეესაბამება იმ დაზიანებებს, რასაც იგი მიიღებდა ი. ბ-ს მიერ აღწერილი ძალადობის შედეგად, მაგალითად, გარდა წვივის არეში ჭრილობის მიყენებისა და ცხვირის არეში ხელის დარტყმისა, იგი საუბრობს მუცელში დარტყმასა და ასევე მუშტების არაერთ დარტყმაზე, რაც, ბუნებრივია, ხილულ დაზიანებებს გამოიწვევდა, თუმცა ამის შესახებ არც დაკავების ოქმსა და არც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არაფერია ნათქვამი. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეთა მიერ ჩვენებებში დადასტურებული ფაქტები, ექსპერტიზის დასკვნები და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები მეტყველებენ იმაზე, რომ მსჯავრდებულის ქმედებას წინ უძღოდა კონფლიქტური ფონი. განვითარებულმა მოვლენებმა კი განსაზღვრა ი. ბ-ს მიზანმიმართული მოქმედებები, რაც მეტყველებს განზრახვაზე და არა - თავდაცვით მოტივირებულ მოქმედებაზე, რის გამოც ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც ი. ბ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა.

12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 8 მარტს, ერთი მხრივ, ი. ბ-ა და, მეორე მხრივ, ზ. ლ-ს შორის მოხდა გარკვეული კონფლიქტი (კონფლიქტის ზუსტი განვითარება ვერ დგინდება). მოცემულ შემთხვევაში ი. ბ-ს განზრახვის შეფასებისას საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, მხედველობაში იღებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას, დაზიანებათა რაოდენობას, ხასიათს, ლოკალიზაციას, იმ გარემოებას, თუ რა ვითარებაში მიაყენა დაზიანება, ასევე მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულებას, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზს, მსჯავრდებულის ქცევას ქმედების ჩადენის შემდგომ და მიაჩნია, რომ უტყუარად ვერ დგინდება ი. ბ-ს მიერ ზ. ლ-ს მოკვლის განზრახვა, კერძოდ: მართალია, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მომეტებული საფრთხის მატარებელია, მაგრამ დადგენილია, რომ ცეცხლსასროლ იარაღში, რომლიდანაც ი. ბ-მ ზ. ლ-ს ესროლა, გარდა მისთვის ნასროლი ორი ვაზნისა, დამატებით კიდევ იყო ვაზნები; ასევე დადგენილია, რომ ი. ბ-მ ზ. ლ-ს ესროლა ფეხების მიმართულებით, მისთვის არავის შეუშლია ხელი ორი გასროლის შემდეგ გაეგრძელებინა დანაშაულებრივი ქმედება; ი. ბ-ს თავისუფლად შეეძლო კვლავ ესროლა დაზარალებულისათვის, შესაბამისად, მისი მხრიდან ზ. ლ-ს მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, მას ჰქონდა რეალური შესაძლებლობა და არც არავინ უშლიდა ხელს ზ. ლ-ს კვლავ მიეყენებინა მრავლობითი დაზიანებები, თანაც არა ფეხების მიმართულებით, რომელიც ადამიანის სიცოცხლისათვის, ზოგადად, სახიფათო არ არის, არამედ - გულმკერდისა და თავის მიმართულებით. აღნიშნული კი დაადასტურებდა მის აშკარა მისწრაფებასა და სურვილს, ზ. ლ-ს მოკვლის განზრახვა მოეყვანა სისრულეში; უფრო მეტიც, ი. ბ-მ ფეხებში ორჯერ სროლის შემდეგ საკუთარი ნებით შეწყვიტა მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მას დაზარალებულ ზ. ლ-ს წინააღმდეგ არანაირი ძალადობრივი მოქმედება აღარ გაუგრძელებია) და ზ. ლ-ი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, თავისივე ავტომობილით გადაიყვანა საავადმყოფოში (აქვე აღსანიშნავია, რომ დაზარალებულს საავადმყოფოში მიყვანის პერიოდში გონება არ დაუკარგავს და არც ამ დროს მომხდარა უთანხმოება მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის), რაც ასევე გამორიცხავს მოკვლის განზრახვას. ამდენად, მართალია, ი. ბ-მ დაზიანება მიაყენა მომეტებული საფრთხის შემცველი იარაღის - ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, თუმცა, მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემდეგ (გასროლის შემდეგ) ისევ სროლის შესაძლებლობის არსებობის პირობებში, მის მიერ ფეხების მიმართულებით ორჯერ სროლა და ამის შემდეგ, საკუთარი ნებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა, ასევე მისი დანაშაულის შემდგომი ქცევა - დაზარალებულისთვის დახმარების აღმოჩენა და საავადმყოფოში გადაყვანა, არ მიუთითებს მის განზრახვაზე, მოეკლა ზ. ლ-ი. ი. ბ-ს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, სისრულეში მოეყვანა ზ. ლ-ს მკვლელობა, თუკი ასეთი სურვილი ექნებოდა. შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების ანალიზით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა ი. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ვინაიდან მის ქმედებაში არ ვლინდება დაზარალებულის მოკვლის განზრახვა.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

15. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძისა და მსჯავრდებულ ი. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი