საქმე # 330100120003472793
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №929აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ა ა. 929აპ-22 12 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულების - ა. ბ-ა და ლ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენით:
1.1. ა. ბ-ა, - დაბადებული … წლის … ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 28 ნოემბრიდან იმავე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა ჯარიმის ოდენობა და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4800 ლარი.
1.2. გაუქმდა ა. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
1.3. ლ. კ-ე, - დაბადებული … წლის … ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 28 ნოემბრიდან იმავე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა ჯარიმის ოდენობა და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3800 ლარი.
1.4. გაუქმდა ლ. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
1.5. ლ. ჯ-ი, - დაბადებული … წლის … იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 28 ნოემბრიდან იმავე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა ჯარიმის ოდენობა და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2800 ლარი.
1.6. გაუქმდა ლ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-მ და ლ. კ-მ ჩაიდინეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. გ. გ-ე და ს. ჩ-ი-ა-ი ეწევიან ბიზნეს საქმიანობას. კერძოდ: ქ. თ-ი, წ-ს ქუჩა №…-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოწყობილი აქვთ ფასიანი ავტოპარკინგი, სადაც ავტომანქანების პარკირებას მეთვალყურეობას უწევენ - ვ. წ-ი, ა. შ-ე და გ. ბ-ე. ა. ბ-ს, ლ. კ-ს, ლ. ჯ-ა და მათ თანამზრახველ სხვა პირებს ჰქონდათ ხსენებული ბიზნესის ხელში ჩაგდების სურვილი, რის გამოც 2019 წლის 12 ნოემბერიდან დაიწყეს მუქარა გ. გ-ა და მისი მეგობრის - ს. ჩ-ი-ა-ს მიმართ. კერძოდ, ბიზნეს საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში მათ ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით. მუქარის რეალურობისა და მეტი დამაჯერებლობისათვის 2019 წლის 27 ნოემბერს ლ. კ-მ, ა. ბ-მ, ლ. ჯ-ა და სხვა პირებმა ავტოპარკინგის პერსონალი - ვ. წ-ი და გ. ბ-ე აიძულეს, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, დაეტოვებინათ სადგომის ტერიტორია, რითაც ხელი შეუშალეს საქმიანობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ს და ს. ჩ-ი-ა-ს გაუჩნდათ მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა, მსჯავრდებულების - ა. ბ-ა და ლ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ნ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენის გაუქმება და ა. ბ-ა და ლ. კ-ს გამართლება.
4.1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულების - ა. ბ-ა და ლ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ნ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ა. ბ-ა და ლ. კ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დეტალურად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება. დაზარალებულების - ს. ჩ-ა და გ. გ-ს, მოწმეების - გ. ბ-ს, ა. შ-ს, გ. ლ-ს, ა. ე-ს, ვ. წ-ს, ა. ხ-ს, პ. ხ-ს, თ. მ-ს, ზ. ბ-ს, ი. ნ-ს, ნ. ხ-ს, თ. ი-ს, რ. ლ-ს, გ. კ-ა და სხვათა ჩვენებებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებით, მინდობილობით, ქვეიჯარის ხელშეკრულებებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N… და N… დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულების - ა. ბ-ა და ლ. კ-ს მიერ - საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
7. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქ. თ-ი, მ. წ-ს ქუჩა №…-ში მდებარე გ. ე-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი დროებით სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა გ. გ-ს, რომელმაც რწმუნებულება გადასცა ს. ჩ-ლ-ა-ს. ქირავნობის ხელშეკრულებიდან (ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია გ. გ-ა და გ. ე-ს შორის) გამომდინარე, ს. ჩ-ლ-ა-ს უფლება ჰქონდა, წარემართა გ. გ-ს საქმე. ქვეიჯარის ხელშეკრულებების თანახმად, ს. ჩ-ლ-ა-ს ქ. თ-ი, წ-ს ქუჩაზე მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთი (ავტოსადგომები), იჯარის წესით ჰქონდა აღებული ავტოსადგომების მოსაწყობად, რაც განხორციელდა კიდეც.
8. საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ა. ბ-მ და ლ. კ-მ, რომლებსაც სურდათ აღნიშნული ბიზნესის ხელში ჩაგდება, დაიწყეს ს. ჩ-ა და გ. გ-ს მიმართ მუქარა, კერძოდ, ხსენებული ბიზნესსაქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ისინი დაზარალებულებს ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, რომლის აღსრულების საფუძვლიანი შიშიც გაუჩნდა ორივე დაზარალებულს. დაზარალებულებმა - ს. ჩ-ა და გ. გ-მ სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდების დროს, როგორც ა. ბ-ა, ასევე ლ. კ-ე ამხილეს ხსენებული დანაშაულის ჩადენაში და დეტალურად აღწერეს, თუ რაში გამოიხატა მსჯავრდებულების დანაშაულებრივი ქმედებები.
9. დაზარალებულმა გ. გ-მ აღნიშნა, რომ 2019 წლის 12 ნოემბერს შეხვდა ნაცნობებს - ნ. ნ-ს, რ. ლ-ა და გ. შ-ს, რომლებმაც დაუწყეს საუბარი ,,ვ-ს მოედანთან“ მდებარე ავტოსადგომებზე, ეუბნებოდნენ, რომ უნდა დაეთმო აღნიშნული ავტოსადგომები ა. ბ-ს, ლ. კ-ა და ლ. ჯ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გზით ,,წაიღებდნენ“. ამ შეხვედრის შემდეგ, ერთ საათში, რ. ლ-მ დ-ს მ-ი, „ნ-ნ“ დაიბარა და უთხრა - „რაც არ უნდა ქნა, ვერაფერს იზამ, სროლა თუ დასჭირდათ, ბიჭები (მოწმემ დააკონკრეტა, რომ იგულისხმებოდნენ ა. ბ-ა, ლ. კ-ე და ლ. ჯ-ი) გესვრიანო“. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ 2019 წლის 18 ნოემბერს ვ-ს ტერიტორიაზე ს. ჩ-ს შეხვდა ა. ბ-ა, რომელიც მოითხოვდა ავტოსადგომების დათმობას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ,,ჩაცხრილვით’’, ა/მანქანის დაწვით, ბიზნესის წართმევით. ა. ბ-ა ს. მასზე ეუბნებოდა, რომ თუ ამ ადგილებს არ დათმობდა, ყველაფერს იზამდა - „არ ვაცოცხლებ, მანქანას დავუწვავო“. დაზარალებულის განმარტებით, იმავეს ამბობდა ლ. კ-ც. ამ ამბის (შეხვედრის) შესახებ მას ს-მ უამბო. 28 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულმა განმარტა, რომ მათ შორის მოხდა შეკამათება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შემდეგაც გ. გ-ე და ს. ჩ-ი სხვადასხვა დაზიანებით მოხვდნენ სამედიცინო კლინიკაში. ავტოსადგომზე მანქანების პარკირებას აწესრიგებდნენ გ. ბ-ე, ა. შ-ე და ზ. (გვარი არ ახსოვს), რომლებსაც ლ. კ-ე, ა. ბ-ა და ლ. ჯ-ი ემუქრებოდნენ, აშინებდნენ და არ აძლევდნენ ნორმალური მუშაობის საშუალებას. მას (გ. გ-ს) იქ დასაქმებული პირები გადასცემდნენ ლ. კ-ს, ა. ბ-ა და ლ. ჯ-ს მუქარის შემცველ სიტყვებს სროლისა და ჩაცხრილვის თაობაზე. დაზარალებულმა გ. გ-მ განაცხადა, რომ აღნიშნული მუქარის ფაქტებით ის იყო შეშინებული, ერიდებოდა კონფლიქტს და დიდი ხნის განმავლობაში არ მიდიოდა ავტოსადგომზე.
10. დაზარალებულ გ. გ-ს ჩვენებას ავსებს და ადასტურებს დაზარალებულ ს. ჩ-ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ გ. გ-ნ იცის, რომ 2019 წლის 13 ან 14 ნოემბერს მასთან იმყოფებოდა ორი პირი - ნ. ნ-ი და რ. ლ-ე, რომლებმაც გ. გ-ს განუცხადეს, რომ ნებაყოფლობით დაეთმო ავტოსადგომი, ვინაიდან მაინც მოუწევდა დათმობა, რაზეც გ. გ-მ წინააღმდეგობა გაუწია და ,,ამის გამო, მათი მხრიდან აგრესია წამოვიდა“. ს. ჩ-ა ასევე აღნიშნა, რომ ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ ა. ბ-ა და სხვა პირები, რომლებმაც მას (ს. ჩ-ს) განუცხადეს, რომ ავტოსადგომი იყო მათი და თბილისელების კუთვნილება, მოითხოვდნენ, გ. გ-ე გაეთავისუფლებინა სამსახურიდან და ისინი მიეღო, რაზეც მან უარი განაცხადა. ამას მოჰყვა ა. ბ-ა და ნ. ნ-ნ აგრესიული საუბარი, დაშინება და მუქარა, რომ მას და გ. გ-ს „გადაატარებდნენ ავტომატს“, დაუწვავდნენ ა/მანქანას. ლ. ჯ-ი ემუქრებოდა ქონების წართმევით. ს. ჩ-ს განმარტებით, ,,დასტრესილი და შეშინებული“ წამოვიდა სახლში. იმდენად იყო შეშინებული, რომ არ მიდიოდა ავტოსადგომზე, ასევე, აფრთხილებდა გ. გ-ს. დაზარალებულის განმარტებით, ლ. კ-ე, ა. ბ-ა და მათი მეგობრები ავტოსადგომზე მომუშავე პერსონალს ყოველდღიურად აშინებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ს. ჩ-ა და გ. გ-ს დაცხრილავდნენ, ოჯახებს ამოუწყვეტდნენ. ა. ბ-ა და ლ. კ-ე დღეში რამდენჯერმე აბარებდნენ მომსახურე პერსონალს ,,გადავცხრილავთ თქვენს პატრონებს, აქ რომ მოვლენ, არ გავახარებთო“. მომსახურე პრესონალი რეკავდა და შველას ითხოვდა - მოგვხედეთო, ზოგიც რეკავდა, არ მოხვიდეთ, აქ დგანანო. მომსახურე პერსონალიც ძალიან დასტრესილი და შეშინებულები იყო. 2019 წლის 27 ნოემბერს მათი თანამშრომლების - გ. ბ-ა და ვ. წ-ს მიმართ მომხდარი კონფლიქტის გამო, ისინი იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ სამუშაო ადგილი, ამ კონფლიქტისას ბრალდებულები ემუქრებოდნენ მას და გ. გ-ს. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ თავდასხმის დღეს მუქარა კვლავ გაგრძელდა, იყო საერთო მუქარაც, მაგრამ ძირითადად გამოირჩეოდნენ ლ. კ-ე და ა. ბ-ა, რომლებისაც მას უფრო ეშინოდა. დაზარალებულის განმარტებით, ის იყო შეშინებული, ასევე, ეშინოდა ოჯახის წევრების გამოც და ერთი თვის განმავლობაში არ მისულა ავტოსადგომზე. ს. ჩ-ა განმარტა, რომ ამ დროის განმავლობაში ის იყო დასტრესილი, იღებდა დამამშვიდებელ წამლებს, რადგან საფუძვლიანად არსებობდა მუქარის განხორციელების შიში. როგორც იცის, გ. გ-ს ოჯახის მიმართაც იყო მუქარა. მანვე აღნიშნა, რომ გ. გ-ე თავის თავზეც ნერვიულობდა და შიშის ფაქტორი ჰქონდა ოჯახის მიმართაც. ს. ჩ-ა განმარტა, რომ საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის მიზნით, სცადა ლ. კ-ნ საუბარი და დაუკავშრდა მას, რომელმაც დაუწყო აგრესიული საუბარი, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა. მას (ს. ჩ-ს) და გ. გ-ს ლ. კ-ე სთხოვდა, დაეთმოთ ავტოსადგომები, ასევე უკრძალავდა ავტოსადგომებზე მისვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,კოჭებს დაუხვრიტავდათ“, ა/მანქანებს დაუწვავდა. ს. ჩ-ა თავის სახლთან ახლოს შენიშნა ლ. კ-ს მეგობრების ა/მანქანა.
11. დაზარალებულთა ჩვენებები თანხვედრილია მოწმე გ. ბ-ს (ს. ჩ-ს კუთვნილ ავტოსადგომზე მომუშავე) ჩვენებასთან, რომლის განმარტებით, 27 ნოემბერს ლ. კ-ე, ა. ბ-ა და ლ. ჯ-ი მივიდნენ ავტოსადგომთან. ლ. კ-მ უთხრა, რომ არ ემუშავა აღნიშნულ ადგილას, მანვე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუწყო ყვირილი, ასევე, ემუქრებოდა მოკვლით. რამდენიმე წუთში კვლავ დაბრუნებულმა ლ. კ-მ, ა. ბ-მ და ლ. ჯ-ა კვლავ მიაყენეს შეურაცხყოფა, ასევე აგინებდნენ ს. ჩ-ა და გ. გ-ს, იმუქრებოდნენ მოკვლით. მოწმემ ასევე დაადსტურა, რომ 28 ნოემბერს ავტოსადგომზე მისულ ს. ჩ-ა და გ. გ-ს ჩხუბი და ცემა დაუწყეს ლ. კ-მ, ა. ბ-მ და ლ. ჯ-ა. მოწმე ვ. წ-ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, როდესაც იგი გ. ბ-ა და დ. „ხ-ნ“ ერთად იმყოფებოდა ავტოსადგომზე, მისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა, რომლებმაც მოითხოვეს, რომ სავალი ნაწილის მხარეს არ ჩაეყენებინათ მანქანები. მოწმის განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა დაიწყეს უმისამართო გინება, ყვირილი და უთხრეს მათ: „..არ იმუშაოთ, დაახვიეთ აქედან“. აღნიშნულის გამო, რაიმე სახის დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად გაიხადა „სტაიანშიკის“ ფორმა და წავიდა ავტოსადგომიდან.
12. 2019 წლის 28 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგულისხმოა პატრულ-ინსპექტორ გურამ ლობჯანიძის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციაც, რომლის თანახმად, ადგილზე მისულებმა გაარკვიეს, რომ ა. ბ-ა, ლ. კ-ე და ლ. ჯ-ი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. დაზარალებულები - გ. გ-ე და ს. ჩ-ი-ა-ი აცხადებდნენ, რომ ამ პირებმა სცემეს, მათ სახეზე ეტყობოდათ დაზიანებები. მოწმემ აღნიშნა, რომ ა. ბ-ა, ლ. კ-ე და ლ. ჯ-ი მათი თანდასწრებით ემუქრებოდნენ დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით და აყენებდნენ შეურაცხყოფას. დაზარალებულებმა მათთან საუბარში განაცხადეს, რომ ეს პირები წარსულშიც ემუქრებოდნენ და ეშინოდათ, არ მოეკლათ ან არ ეცემათ.
13. მსჯავრდებულთა მხრიდან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის რეალურობაზე მიუთითებდა არა მარტო დაზარალებულთა ფსიქოემოციური მდგომარეობა, არამედ აღნიშნულმა რეალურად ჰპოვა ასახვა 2019 წლის 28 ნოემბერს, როდესაც მსჯავრდებულებმა დაზარალებულები - გ. გ-ე და ს. ჩ-ი სცემეს, რაც გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, დასტურდება ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ რა დაზიანებები ჰქონდა თითოეულ დაზარალებულს, ამასთან, ორივე მათგანს დაესვა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ხოლო მსჯავრდებულების - ა. ბ-ა და ლ. კ-ს დანაშაულებრივი ქმედება სამართლებრივი კუთხით სწორად შეფასდა.
15. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ ზოგად მსჯელობას მსჯავრდებულების - ა. ბ-ა და ლ. კ-ს მიმართ საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის შესახებ, რადგან საკასაციო პალატაში აღნიშნული საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლით კანონიერების რაიმე არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა. ასევე, საქმის როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულების საპროცესო უფლებები არ დარღვეულა.
16. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - ა. ბ-ა და ლ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი