Facebook Twitter

საქმე # 330100122005510018

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №878აპ-22 ქ. თბილისი

გ. ლ. 878აპ-22 28 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. ბ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. გ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ. გ–სი 2022 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თ–ში, ვ-ის მე-.. მიკრორაიონის N.. კორპუსის სადარბაზოში, ბასრი პირის მქონე საგნის ყელზე მიბჯენით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თავს დაესხა მ. შ–ს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 30 ლარად ღირებულ ყავისფერ საფულეს, მასში მოთავსებულ - 181 ლარს, 10 000 ირანულ რიალს (0.7351 ლარი), 1 აშშ დოლარს (3.0875 ლარი), მ. შ–ს სახელზე გაცემულ ,,...... ბანკისა“ და სააფთიაქო ქსელების ბარათებსა და მისი შვილის - დ. თ–ს სახელზე გაცემულ ,,........ს ბანკის“ ბარათს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენით ლ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

3.1. ლ. გ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 14 იანვრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. გ–მა და მისმა ადვოკატებმა - პ. ბ–მა და ი. ნ–მა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. გ–მა და მისმა ადვოკატმა პ. ბ–მა, რომლებიც ითხოვენ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქებასა და შემდგომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მისი ნაწილის პირობითად ჩათვლას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს ლ. გ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მისი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას. ამდენად, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ლ. გ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების ნაწილში. სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას (რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება): ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. მოცემულ შემთხვევაში ლ. გ–ი გამოძიების ეტაპზე (ბრალდებულის გამოკითხვის 2022 წლის 21 თებერვლის ოქმის თანახმად, იგი არ აღიარებს ბრალს და იყენებს დუმილის უფლებას (ტ.N1; ს.ფ.235-237)) და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, გარდა დასკვნითი სხდომისა (სასამართლო სხდომის 2022 წლის 11 მარტის ოქმის თანახმად, ბრალდებული არ ცნობს თავს დამნაშავედ (ტ.N2; ს.ფ.2-4)), არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. ლ. გ–მა პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის მხოლოდ დასკვნით ეტაპზე აღიარა დანაშაულის ჩადენა (სასამართლო სხდომის 2022 წლის 15 ივნისის ოქმი). მხოლოდ სასამართლო განხილვის დასკვნით ეტაპზე ბრალის აღიარება კი ვერ იქნება მიჩნეული დანაშაულის აღიარებად და გამოძიებასთან თანამშრომლობად, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისათვის. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

11. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ლ. გ–ს განუსაზღვრა მინიმუმთან მიახლოებული ხანგრძლივობის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ–სისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. ბ–სის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე