საქმე # 330100118002565099
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №467აპ-22 ქ. თბილისი
გ. გ. 467აპ-22 2 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ ს–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–სს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით;
1.2. მ. ჯ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2007 წელს ჩამოყალიბდა იბა „.......ი“, რომელსაც ქ. თ–ში, წ–ს გზატკეცილის მე-.. ჩიხში, №.. და №.. მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა საცხოვრებელი კორპუსი. თავდაპირველად მშენებლობა დაიწყო შპს ,,მ–მა’’, ხოლო 2012 წელს - გააგრძელა შპს „....-მ“. 2012 წლის 25 დეკემბერს შპს ,,მ–მ’’ და შპს .....–მ აიღეს ვალდებულება, რომ გ. პ–სის საკუთრებაში არსებული, 197 470 ლარად ღირებული, 153 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების სანაცვლოდ ამ უკანასკნელს გადასცემდნენ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინებს - №.., N.. და №.., ასევე ავტოფარეხებს №.. და №... მიუხედავად ამისა, ,,.......ის’’ თავმჯდომარემ, მ. ჯ–მ გ. პ–სზე გადასაცემი ბინა №.. და ბინა №.. რამდენჯერმე დატვირთა იპოთეკით, ხოლო 2014 წლის 14 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 95 000 ლარად გაასხვისა შპს „....-ის“ დირექტორ გ. გ–ს დაზე - ნ. გ–ზე. ასევე, გ. გ–მა 2014 წლის 13 თებერვალს №.. ბინა ხ. ო–ს სასარგებლოდ 19 000 აშშ დოლარად დატვირთა იპოთეკით. გ. გ–მა იპოთეკარის წინაშე არსებული ქონებრივი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც აღნიშნული ბინა თავდაპირველად გადავიდა ხ. ო–ს საკუთრებაში, 2016 წლის 6 აპრილს კი ამ უკანასკნელმა უძრავი ქონება გაასხვისა მ. მ-ზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განაჩენით:
3.1. მ. ჯ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5500 ლარი; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2018 წლის 30 ივნისიდან 2019 წლის 30 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით, მ. ჯ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5000 ლარი;
3.2. გ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5500 ლარი; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2018 წლის 30 ივნისიდან 2019 წლის 30 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით, გ. გ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5000 ლარი;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
4.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალიკა დვალიშვილმა ითხოვა მ. ჯ–სა და გ. გ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრება;
4.2. მსჯავრდებულ გ. გ–სის ადვოკატმა ლ ს–მა მოითხოვა გ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობა;
4.3. მსჯავრდებულ მ. ჯ–სის ადვოკატმა ხ. კ–მ მოითხოვა მ. ჯ–სის უდანაშაულოდ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ის ადვოკატმა ლ ს–მა, რომელიც ითხოვს გ. გ–სის უდანაშაულოდ ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ბრალდების მხარეს და მსჯავრდებულ მ. ჯ–ს არ გაუსაჩივრებიათ, ხოლო კასატორი, გ. გ–ს ადვოკატი ლ ს–სი ითხოვს გ. გ–ის უდანაშაულოდ ცნობას. შესაბამისად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, გ. გ–მა ჩაიდინა თუ არა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატ ლ ს–ს პოზიციას გ. გ–ს უდანაშაულობის შესახებ, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, როგორც გ. გ–ს, ისე - მ. ჯ–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: დაზარალებულ გ. პ–ის, მოწმეების - მ. რ–ს, ი. ნ–ს, დ. ტ–ს, კ. ს–ს, ც. დ–ს, ბ. მ–ს, დ. მ–ს, ხ. ო–ს, ლ. დ–ს, ი. ა–ს, ნ. ნ–ს ჩვენებებით, ხელშეკრულებებით (მათ შორის - 2008 წლის 14 მარტის, 2008 წლის 30 მაისის, 2012 წლის 31 იანვრის, 2012 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებებით), .. „.......ის“ დამფუძნებელი წევრების კრების ოქმებით, საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ნასყიდობის ხელშეკრულებებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებით) დასტურდება მათ მიერ გ. პ–ს მიმართ თაღლითობის ჩადენა.
10. წარმოდგენილი წერილობით მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ:
10.1. 2008 წლის 14 მარტს შპს ,,მ–სა“ (დირექტორი რ. ჟ–იი) და გ. პ–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების ნომრით 1-1641), რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, შპს ,,მ–მ“ იკისრა ვალდებულება, ქ. თ–ში, ........ში, წ–ს გზატკეცილის ჩიხი ..-ის, სახლი №.. მისამართზე გ. პ–ს საკუთრებაში არსებული 153 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების სანაცვლოდ, მისთვის გადაეცა ბ–ში, წ–ს გზატკეცილის ჩიხი .., №.. და №..-ში ასაშენებელ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში შემდეგი საცხოვრებელი ფართები: ........ სართული - ბინა №.., (121.34 კვ.მ. საერთო ფართით); მეორე სართული - ბინა №.., (69.79 კვ.მ. საერთო ფართით); ..... სართული - ბინა №.., (70.64 კვ.მ. საერთო ფართით შიდა პერიმეტრების ზომების მიხედვით, აივნების, ტიხრებისა და კოლონების ფართის ჩათვლით); აგრეთვე ორი ავტოსადგომი; 2.2.2 პუნქტის თანახმად, გ. პ–სი იღებდა ვალდებულებას, რომ იგი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირებს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ განლაგებულ, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ, დაახლოებით 90 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთს, რის შემდეგაც მას გაუჩნდება ვალდებულება, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დაუყოვნებლივ, უპირობოდ გადაეცა შპს „მ–თვის“ საკუთრებაში. გარდა ამისა, მშენებლობის დამთავრების თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 1 ივლისი, ხოლო თუ შპს „მ–ი“ ვერ შეძლებდა ვადაში აშენებული საცხოვრებელი ფართის გადაცემას, გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე - 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
10.2. 2008 წლის 30 მაისს შპს „მ–ს“ და გ. პ–სს შორის დაიდო მეორე ხელშეკრულება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ, კერძოდ: გ. პ–სმა შპს „მ–ს“ საკუთრებაში გადასცა 2008 წლის 14 მარტს მათ შორის სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება (ქ. თ–ი, წ–ს გზატკეცილი, .. ჩიხი, ..-ის მიმდებარე ტერიტორია).
10.3. 2012 წლის 31 იანვარს შპს „მ–ს“ და შპს „........-ის” შორის დაიდო წილის დათმობის ხელშეკრულება N.., რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, შპს „მ–მ“, როგორც „გამყიდველმა“ იკისრა ვალდებულება შპს „....-ისთვის”, როგორც „მყიდველისთვის“ დაეთმო თავისი წილი „.........ში“, გარდა ხელშეკრულების 4.4. პუნქტში მითითებული ფართებისა (რაც გულისხმობს: N..; N..; N.. ბინებს და N.. და N.. ავტოსადგომებს; აღნიშნული ფართები განლაგებულია „.......ის“ ასაშენებელ საცხოვრებელ კორპუსში - წ–ს გზატკეცილი, II ჩიხი, N1 და N3), ხოლო შემძენმა იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს დამთმობს წინასწარ შეთანხმებული თანხა, რომლის გადახდის ვადები და ფორმა ასახულია ხელშეკრულების მე-2 მუხლში.
10.4. იბა „.......ის“ დამფუძნებელ წევრთა კრების 2012 წლის 30 ოქტომბრის N.. ოქმით შპს „.......“ მიიღეს ... „.......ის“ წევრად - დამფუძნებელი წევრის სტატუსით. ამავე ოქმით დამტკიცდა შპს „.....-ის“ დირექტორის მიერ წარდგენილი „განშლის ოქმი“, ხოლო მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 31 მაისამდე პერიოდი.
10.5. 2012 წლის 25 დეკემბერს შპს „მ–ს“, შპს “......-ს” და გ. პ–სს შორის დაიდო უძრავი ქონების საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება:
ხელშეკრულების 1.1. პუნქტით, 2008 წლის 14 მარტის ქონების გადაცემის შესახებ N..-1641, 2012 წლის 31 იანვრის ურთიერთშორის N.. წილის დათმობის, ასევე მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებების თანახმად, აიღეს ვალდებულება მესამე პირის - გ. პ–სათვის საკუთრების უფლებით გადაეცათ უძრავი ქონება, მდებარე: თ-ში, წ–ს გზატკეცილი, ... ჩიხი, N.., N.., რაც წარმოადგენდა ... „.......ის“ კუთვნილ წილს და განლაგებული იქნება ასაშენებელ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, შემდეგი სახის მონაცემებით: .. სართული - ბინა N.., საერთო ფართი - 104.29 კვ.მ; პირველი სართული - ბინა N.., საერთო ფართი - 56.66 კვ.მ; .... სართული - ბინა N.., საერთო ფართი - 70.26 კვ.მ; ავტოსადგომი - N.. - 14,85 კვ.მ; ავტოსადგომი N.. - 14,85 კვ.მ;
ხელშეკრულების 1.3. პუნქტით, მხარეები - შპს „მ–ი“ და შპს “....” ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას იღებენ მესამე პირის გ. პ–სის საცხოვრებელ სახლზე, მდებარე: თ-ში, ბ-ში, წ–ს გზატკეცილი, .. ჩიხი, სახლი N..-ის მეზობლად არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ;
ხელშეკრულების 1.4. პუნქტით, ხელშეკრულების მესამე მხარე - გ. პ–სი იღებს ვალდებულებას, ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მიღებული საცხოვრებელი ფართების საკუთრების უფლებით გადაცემის შემდგომ და გადაცემამდე მშენებლობის პერიოდში არ აღძრას დავა შპს „მ–ის“ წინააღმდეგ სასამართლოში და სამართალდამცავ ორგანოებში. მესამე პირი არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას ამ ხელშეკრულების შესრულებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულება დაირღვა - აუნაზღაურდება ზიანი, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით;
ხელშეკრულების 2.3. პუნქტით, „.......ის“ დამფუძნებელი წევრი - შპს „..........” იღებს ვალდებულებას, გააწევრიანოს ამხანაგობაში გ. პ–სი, არაუგვიანეს 2013 წლის 15 იანვრისა, ჩვეულებრივი წევრობის სტატუსით და გადასცეს საკუთრებაში - N.., N.., N..ბინები და N..., N... ავტოსადგომები. აღნიშნულს თმობს შპს „......” შპს „.......ის“ სასარგებლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად;
ხელშეკრულების 2.4. პუნქტით, შპს „მ–მ“ იკისრა ვალდებულება გამომდინარე 1.1. პუნქტიდან და თანახმაა, რომ შპს „.......-მ” გადასცეს 2.3. პუნქტში მითითებული უძრავი ქონება მესამე პირს - გ. პ–სს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, რომელიც არ იქნება რაიმე სახის ვალდებულებით დატვირთული, რაც ჩაითვლება შპს „მ–ს“ წინაშე აღებული ვალდებულების შესრულებაში;
ხელშეკრულების 2.5. პუნქტით, შპს „მ–ი“ და შპს ,,........“ იღებენ ვალდებულებას, მესამე პირს - გ. პ–ს გადასცენ 2.3. პუნქტებში მითითებული უძრავი ქონება უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, რომელიც არ იქნება გადაცემის მომენტისთვის იპოთეკით, საგადასახადო ვალდებულებით ან ყადაღით დატვირთული;
ხელშეკრულების 2.6. პუნქტით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარიგების პირველი და მეორე მხარე, შპს „მ–ი“ და შპს „.....” პასუხს აგებენ სოლიდარულად მესამე პირის - გ. პ–ის წინაშე საკუთარი ქონებით;
ხელშეკრულების 3.3. პუნქტით, ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2014 წლის მარტამდე.
10.6. 2012 წლის დეკემბრის (კონკრეტული დღე მითითებული არ არის, თუმცა სანოტარო აქტის თანახმად, კრების წევრებმა ნოტარიუსს მიმართეს 2012 წლის 27 დეკემბერს და მოითხოვეს კრების ოქმზე თავიანთი ხელმოწერების სანოტარო წესით დამოწმება) იბა „.......ის“ კრების N.. ოქმის გადაწყვეტილებით შპს „......” გავიდა ამხანაგობიდან და მის ნაცვლად გაწევრიანდა შპს „პ–ი“. შპს „......-ის” მიერ მესამე პირების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვრა ამხანაგობის თავმჯდომარის საკუთრებაში შემდეგი ფართები: I ბლოკი, .. სართული, ბინა N.. - საერთო ფართით 114.21 კვ.მ; I ბლოკი, .. სართული, ბინა N.., საერთო ფართით - 76.51 კვ.მ; I ბლოკი, .. სართული, ბინა N.., საერთო ფართით - 66.33 კვ.მ; I ბლოკი, .. სართული, ბინა N.., საერთო ფართით - 117.64 კვ.მ; ავტოსადგომი N.. - 14,85 კვ.მ; ავტოსადგომი N.. - 14,85 კვ.მ. ოქმის თანახმად, შპს „......-ის” მიერ მესამე პირების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულებისთანავე ამხანაგობის თავმჯდომარე იღებს ვალდებულებას, დაუყოვნებლივ დათმოს აღნიშნული ოქმის დადგენილების მე-3 მუხლში მითითებული ფართები შპს „......-ის” მიერ მითითებული ფიზიკური ან იურიდიული პირების სასარგებლოდ.
10.7. იბა „.......ის“ 2013 წლის თებერვლის (კონკრეტული დღე მითითებული არ არის, თუმცა სანოტარო აქტის თანახმად, კრების წევრებმა ნოტარიუსს მიმართეს 2012 წლის 14 თებერვალს და მოითხოვეს კრების ოქმზე თავიანთი ხელმოწერების სანოტარო წესით დამოწმება) დამფუძნებელ წევრთა კრების ოქმი N..-ით გ. პ–სი მიიღეს .. „.......ის“ წევრად - ჩვეულებრივი წევრის სტატუსით; ამასთან, განისაზღვრა გ. პ–სის საკუთრებაში ... „.......ის“ მშენებარე საცხოვრებელ სახლში (მისამართი: თ., წ–ს გზატკეცილი, II ჩიხი, N .. და N..) შემდეგი ფართები: I ბლოკი, .. სართული, ბინა N.. - საერთო ფართით - 114.21 კვ.მ; I ბლოკი, .. სართული, ბინა N.. - საერთო ფართით - 76.51 კვ.მ; I ბლოკი, II სართული, ბინა N.. - საერთო ფართით - 66.33 კვ.მ; I ბლოკი, ავტოსადგომი N..– 14.85 კვ.მ; I ბლოკი, ავტოსადგომი N.. – 14.85 კვ.მ.
10.8. .. „.......ის“ დამფუძნებელ წევრთა კრების 2012 წლის დეკემბრის (კონკრეტული დღე მითითებული არ არის, თუმცა სანოტარო აქტის თანახმად, კრების წევრებმა ნოტარიუსს მიმართეს 2012 წლის 27 დეკემბერს და მოითხოვეს კრების ოქმზე თავიანთი ხელმოწერების სანოტარო წესით დამოწმება) N.. ოქმის (რეესტრის N.......) საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე: ქალაქ თ–ში, წ–ს გზატკეცილი, ჩიხი .., N.. N.. (ნაკვეთიN....) საკადასტრო კოდით - N........... და საკადასტრო კოდით - N.......... აღირიცხა მ. ჯ–სის სახელზე.
10.8.1. საჯარო რეესტრის 2013 წლის 11 აპრილის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - N........... დატვირთულია იპოთეკით; მესაკუთრე - მ. ჯ–სე, ხოლო იპოთეკარი - ე. ხ–ე. განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 05.04.2013.
10.8.2. საჯარო რეესტრის 2012 წლის 28 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით - N............., რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა. მესაკუთრე - მ. ჯ–სე.
10.9. 2014 წლის 14 აპრილს მ. ჯ–სესა და ნ. გ-ს შორის დაიდო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები, კერძოდ: მ. ჯ–სემ ნ. გ-ს საკუთრებაში გადასცა იბა „.......ის“ მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში (მისამართი: თ–ი, წ–ს გზატკეცილი, ჩიხი .., N.. და N..) განლაგებული უძრავი ქონებები: ბინა N.. (ბლოკი .., სართული .., ს/კ N.........), საერთო ფართით - 114.21 კვ.მ, უძრავი ქონების თვითღირებულება განისაზღვრა 57000 ლარით და უძრავი ქონება მდებარე: თ–ი, წ–ს გზატკეცილი, ჩიხი II, N.. და N.. განლაგებული უძრავი ქონება, ბინა N.. (ბლოკი 1, სართული 1, ს/კ N..........), საერთო ფართით - 76.51 კვ.მ. უძრავი ქონების თვითღირებულება განისაზღვრა 38 000 ლარით.
10.10. საჯარო რეესტრის 2015 წლის 16 იანვრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - N........., დატვირთულია იპოთეკით; მესაკუთრე - ნ. გ–ი, ხოლო იპოთეკარი - ი. ა–ი. განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 17.07.2014.
10.11. საჯარო რეესტრის 2015 წლის 16 იანვრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - N......... დატვირთულია იპოთეკით; მესაკუთრე - ნ. გ–ი, ხოლო იპოთეკარი - თ. კ–ე. განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 24.01.2014.
10.12. საჯარო რეესტრის 2015 წლის 16 იანვრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - N..........., დატვირთულია იპოთეკით; მესაკუთრე - შპს „......“, ხოლო იპოთეკარი - ხ. ო–ი. განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 13.02.2014.
11. გარდა ამისა, დაზარალებულმა გ. პ–სმა დაადასტურა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მისთვის მიყენებული ზიანი მდგომარეობს არა იმაში, რომ მას კუთვნილი სახლი დაუზიანა შპს „მ–მ’’, არამედ - იმაში, რომ მას არ გადასცეს მისი კუთვნილი ბინები და ავტოფარეხები. გ. გ–სი ფართების გადაცემას აჭიანურებდა, მუდმივად სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა, მაგრამ ყოველთვის ეუბნებოდა, რომ პრობლემა არ ექნებოდა. გარდა ამისა, დაზარალებულმა განმარტა, რომ როდესაც შპს „......-ი“ ამხანაგობიდან გავიდა და მის ნაცვლად შპს „პ–ი“ გახდა ამხანაგობის წევრი, შპს „პ–მა“ მის მიმართ მოიხსნა ვალდებულება, მის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შპს „......-ს“ უნდა შეესრულებინა.
12. კასატორი უძრავი ქონების საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე, შპს „მ–ს“, შპს “......-ს” და გ. პ–სს შორის დადებულ 2012 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებასთან (ე.წ. სამმხრივი ხელშეკრულება) დაკავშირებით უთითებს, რომ ის კანონის დარღვევით შეადგინა და საჯარო რეესტრში არ დაარეგისტრირა დაზარალებულის ადვოკატმა დ. ტ–მ, შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულება არის დაუშვებელი მტკიცებულება, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია; გარდა ამისა, დაცვის მხარის მტკიცებით აღნიშნული ხელშეკრულება არ უნდა ჩაითვალოს 2008 წელს და 2012 წლის 31 იანვარს დადებული ხელშეკრულების ნაწილად.
12.1. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილს, ხოლო, მეორე მხრივ, სანოტარო აქტს, რომლის თანახმად, 2012 წლის 28 დეკემბერს ნოტარიუს ქ. ძ–ს მიმართეს ი. ნ–მ (შპს „მ–ს“ დირექტორი), გ. პ–სმა და გ. გ–მა (შპს “......-ის” დირექტორი), წარუდგინეს სამ ეგზემპლარად შედგენილი დაცვის მხარის მიერ მითითებული - 2012 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულება და მოითხოვეს მასზე თავიანთი ხელმოწერების სანოტარო წესით დამოწმება. მას შემდეგ, რაც ნოტარიუსი დარწმუნდა დასახელებული პირების ვინაობაში (რომ მას ნამდვილად დასახელებულმა პირებმა მიმართეს), ასევე - მათ ქმედუნარიანობაში და ნების გამოვლენის ნამდვილობაში, მისი (ნოტარიუსის) თანდასწრებით პირადად მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რაც, თავის მხრივ, დაამოწმა ქ. ძ–მა (ტ. N..; ს.ფ. N..). ამდენად, სანოტარო აქტით დასტურდება ხელშეკრულების ხელმოწერა გ. გ–სის მიერ და მისი ნების ნამდვილობა ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებით.
13. კასატორის მტკიცებით, მსჯავრდებულის უდანაშაულობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ როდესაც გ. პ–სი გახდა ამხანაგობის წევრი და მას წარმოეშვა გარკვეული უფლებები, შპს “......-ი” უკვე დიდი ხნის გასული იყო ამხანაგობიდან, რის გამოც მას დაზარალებულის მიმართ სამართლებრივი ვალდებულება არ გააჩნია.
13.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შპს „მ–მ“ და შპს “......-მ” 2012 წლის 25 დეკემბერის ხელშეკრულებით აიღეს ვალდებულება, რომ მესამე პირის - გ. პ–სისათვის საკუთრების უფლებით გადაეცათ უძრავი ქონება, ქონების გადაცემის შესახებ 2008 წლის 14 მარტისა და ურთიერთშორის წილის დათმობის 2012 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების თანახმად; აღნიშნულის შემდეგ, 2012 წლის დეკემბერს .. „.......ის“ კრების N.. ოქმით, მართალია - შპს „......” გავიდა ამხანაგობიდან და მის ნაცვლად გაწევრიანდა შპს „პ–ი“, თუმცა კრებაზე მოისმინეს შპს „პ–ის“ დირექტორის - ბ. მ–ს ინფორმაცია, რომ მან გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიღოს ამხანაგობის წინაშე მდგომი ამოცანების განხორციელებაში და შპს „პ–მა“ აიღო ვალდებულება: 1. თავისი ფინანსური რესურსით ააშენოს და ექსპლუატაციაში გადასცეს საცხოვრებელი სახლი და საოფისე შენობა; 2. შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ნაკისრი ჰქონდა შპს „......-ის” (ბინის ქირები, გასაცემი ფართების კონდიციები) ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების: ც. დ–ს, ლ. ო–სა და გ. ო–ს მიმართ. ამდენად, შპს „პ–მ“ გ. პ–სის მიმართ კი არ აიღო ვალდებულება, არამედ - შპს „......-ის” (ბინის ქირები, გასაცემი ფართების კონდიციები) მიერ ნაკისრი ვალდებულება ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების: ც. დ–ს, ლ. ო–სა და გ. ო–ს მიმართ.
13.1.1. იმავე კრებაზე ასევე მოისმინეს გ. გ–სის წინადადება შპს „......-ის” მიერ მესამე პირების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის შესახებ. კერძოდ, ოქმის თანახმად, განიხილეს გ. გ–სის წინადადება და შპს „......-ის” მიერ მესამე პირების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ამხანაგობის თავმჯდომარის საკუთრებაში განსაზღვრეს, მათ შორის - კონკრეტული სადავო ბინები და ავტოსადგომები. მნიშვნელოვანია ამავე ოქმის მითითება, რომ: ,,შპს „......-ის” მიერ მესამე პირების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულებისთანავე ამხანაგობის თავმჯდომარე იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ დათმოს აღნიშნული ოქმის დადგენილების მე-3 მუხლში მითითებული ფართები შპს „......-ის” მიერ მითითებული ფიზიკური ან იურიდიული პირების სასარგებლოდ“.
13.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულის შემდეგ, 2014 წლის 14 აპრილს, მ. ჯ–სეს და გ. გ–ს დას - ნ. გ–ს შორის დაიდო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები და მ. ჯ–მ ნ. გ–ს საკუთრებაში გადასცა N.. და N.. ბინები. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ყურადღებას ამახვილებს იბა „.......ის“ დამფუძნებელ წევრთა კრების 2013 წლის 14 თებერვლის N.. ოქმზე, რომლითაც გ. პ–სი მიიღეს იბა „.......ის“ წევრად და განესაზღვრა საკუთრებაში კონკრეტული ქონება. ოქმს ხელს აწერს, მათ შორის - შპს „......-ის” დირექტორი გ. გ–სი.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცება, რომ შპს „......-ის” სამართლებრივი ვალდებულება არ გააჩნდა გ. პ–ს მიმართ, არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, მსჯავრდებულებმა იცოდნენ, რომ დაზარალებულისთვის უნდა შეესრულებინათ გარკვეული ვალდებულებები, მ. ჯ–ე და გ. გ–ი გ. პ–ს ჰპირდებოდნენ, რომ მას პრობლემები არ ექნებოდა და მისთვის განკუთვნილ ფართებს მიიღებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაზარალებულისათვის გადასაცემი ფართები აღირიცხა მ. ჯ–ს სახელზე, ნაცვლად იმისა, რომ ისინი გადაეცა გ. პ–სისათვის, რამდენჯერმე დატვირთა იპოთეკით, ხოლო შემდეგ ბინა N.. და N.., გაასხვისა გ. გ–სის დაზე - ნ. გ–ზე; თავად გ. გ–სმა დაზარალებულისთვის გადასაცემი ბინა N.. იპოთეკით დატვირთა, რაც შემდეგ არ დაიბრუნა და აღნიშნული ბინა მიექცა სხვის საკუთრებაში; რაც შეეხება ორ ავტოფარეხს, ისინი შეცვლილი ნუმერაციით გადასცეს ამხანაგობის წევრს - ც. დ–ს.
16. კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს ცალკეულ მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე - მოწმე რ. რ–ს ჩვენებასა და იმ გარემოებაზე, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მტკიცებულებათა შორის, რომლებიც, პროკურორის პოზიციით, ადასტურებს ბრალდებას, მითითებულია რამდენიმე მოწმე, ვისაც მსჯავრდებულთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. გასაჩივრებულ განაჩენში კი ამ ფაქტზე არ არის გამახვილებული ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე სწორედ ამ ფაქტით ცდილობდა სასამართლოსთვის წარმოეჩინა გ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების აბსურდულობა.
16.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას (მოწმე რ. რ–ს ჩვენებას) ეხება გასაჩივრებული განაჩენის მე-8 გვერდზე მითითებული მსჯელობა.
16.2. იმავდროულად, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მტკიცებულებათა შორის მითითებულ დაცვის მხარისათვის სადავო რამდენიმე მოწმესთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას და ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა მიეთითოს სწორედ ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს (დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით) დანაშაულის დადგენილებაში მითითებული პირის მიერ ჩადენას.
16.3. მოცემულ შემთხვევაში გ. გ–ს ბრალდების შესახებ დადგენილება მართლაც უთითებს მოწმეებს, რომლებიც არათუ სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ იძებნება მათი გამოკითხვის ოქმები და ვერ დგინდება მათი (მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემხებლობა განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილება აღნიშნულთან ერთად უთითებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა არაერთ მამხილებელ მტკიცებულებაზე; ბრალდების საფუძვლიანობა შემოწმებული იქნა სისხლის სამართალწარმოების მიმდინარეობისას სასამართლოს მიერ, მათ შორის - წინასასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის შესაბამისად; ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების განაჩენები არ ემყარება და საერთოდ არ იხილავს/უთითებს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს.
16.4. მხოლოდ ის გარემოება, რომ პროკურორმა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მტკიცებულებებს შორის, რომლებიც (ბრალმდებლის პოზიციის) ადასტურებენ ბრალდებას, თუნდაც ზედმეტად მიუთითა რამდენიმე მოწმე, ვერ გახდება კონკრეტული პირის გამართლების საფუძველი, როდესაც საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რადგან აღნიშნული გარემოება/ხარვეზი არ გამორიცხავს პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
16.5. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილ კასატორის იმ ძირითად არგუმენტებზე, რომლებიც ეხება კონკრეტულ მოწმეთა ჩვენებების ანალიზს, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტების გამეორება.
17. მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენი ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სასჯელის სამართლიანობა და მისი დამძიმების საჭიროება.
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ ს–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი