საქმე # 330100121005202060
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №941აპ-22 ქ. თბილისი
ზ. გ. 941აპ-22 30 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ზ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ზ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 16 ივლისს გ. ზ–სემ, რომელიც მოქმედებდა დანაშაულებრივი განზრახვით და სურდა მოტყუებით დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს, თ–ში, ............ის გამზირის მე-.. შესახვევის N.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქირავა მ. თ–ს კუთვნილი „ჰონდა ფიტის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით „........,“ რომელიც რამდენიმე დღეში დაშალა ნაწილებად თ–ში, ........ის მე-.. შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე და 2021 წლის 20 ივლისიდან - 2021 წლის აგვისტოს დასაწყისამდე მოახდინა დაშლილი ავტომანქანის ნაწილების რეალიზაცია, რითიც მ. თ–ს მიაყენა 6820 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენით გ. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი;
3.1. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2021 წლის 12 ოქტომბრიდან 2022 წლის 28 იანვრის ჩათვლით, გ. ზ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი;
3.2. გ. ზ–სის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ზ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ, მოითხოვა, რომ მსჯავრდებულის მიმართ არ იქნეს გამოყენებული ჯარიმა ან პირობითი სასჯელი და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულმა გ. ზ–მ და მისმა ადვოკატმა პ. ბ–მა, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. ზ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, კერძოდ, ითხოვს, რომ მსჯავრდებულის მიმართ არ იქნეს გამოყენებული ჯარიმა ან პირობითი სასჯელი და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულმა გ. ზ–მ და მისმა ადვოკატმა პ. ბ–მა, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს სასჯელის დამძიმებას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. ზ–სის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მსჯავრდებულის აღიარებით, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულებითა და მისი დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ინტერნეტ გვერდის დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ზ–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედება.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ გ. ზ–მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ანაზღაურებულია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი (ტ. N1; ს.ფ. 125-126), ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს განუსაზღვრა ორი ალტერნატიული სასჯელიდან ერთ-ერთი - ჯარიმა.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - ჯარიმის - განსაზღვრა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მითუფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. სასამართლო პროკურორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემალებოდა გამოძიებას, ითვალისწინებს შემდეგს: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ტ. N1; ს.ფ. 1) თანახმად, მ. თ–სიას ავტომანქანის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2021 წლის 11 აგვისტოს, მოქალაქე მ. თ–ს 2021 წლის 10 აგვისტოს განცხადების (ტ. N1; ს.ფ. 2-3) საფუძველზე, რომლის თანახმადაც, გ. ზ–სე თაღლითურად დაეუფლა მის ავტომანქანას; იმავე დღეს გამოიკითხა მ. თ–ა (ტ. N1; ს.ფ. 5-8) და დათვალიერდა მასა და გ. ზ–სეს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება (ტ.N1; ს.ფ.9-12); უფროსი დეტექტივის - კ. ო–ს 2021 წლის 26 აგვისტოს პატაკის (ტ.N1; ს.ფ.17) თანახმად, მ. თ–ს ავტომანქანა თაღლითურად მიითვისა გ. ზ–მ, რომელმაც ავტომანქანა დაშალა და ნაწილებად გაყიდა. იგი ამჟამად უნდა იმყოფებოდეს თ–ში, ......... გამზირის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. კ. ო. პატაკთან დაკავშირებით გამოიკითხა 02:30-02:40 საათების შუალედში; სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმავე დღეს - 2021 წლის 26 აგვისტოს, 03:10-04:10 საათების შუალედში, მოწმის სახით გამოიკითხა გ. ზ–სე, რომელმაც მიუთითა/აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში.
14. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე