საქმე # 330100122005561175
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №882აპ-22 ქ. თბილისი
პ.მ. 882აპ-22 29 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. პ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. წ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. პ–სს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 5 იანვარს, ქ. თ–ში, რ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. პ–სი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი. ლ.ლ. ზ–ს კუთვნილ „SUZUKI JIMNY-ის” მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით ,,.....“, რითაც დაზარალებულს მიადგა 6 500 ლარის -მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. კერძოდ, მ. პ–სმა 2022 წლის 4 იანვარს, ხელწერილის საფუძველზე, ზემოაღნიშნული „SUZUKI JIMNY-ის” მარკის ავტომანქანა 1 500 აშშ დოლარად მიჰყიდა მ. ა–სს. მ. პ–სმა ავტომანქანის შემძენს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მას მითითებული ავტომანქანის მესაკუთრისაგან მიღებული ჰქონდა მისი გასხვისების უფლება. ზემოაღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, მ. ა–სმა ქ. თ–ში, რ–ს ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანა მის მიერ შეძენილი „SUZUKI JIMNY-ის” მარკის ავტომანქანა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განაჩენით მ. პ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.1. მ. პ–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 2 თებერვლიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. პ–სმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო 2022 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. პ–ს ადვოკატმა მ. წ–მა, რომელიც ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობითად ჩათვლას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებულს არ აქვს პრეტენზია, დანაშაულის ჩადენის დროისათვის არ იყო ნასამართლობის მქონე, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ, კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და ავადმყოფი მშობელი.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და უთითებს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესაძლებლობაზე.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მ. პ–სის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მსჯავრდებულის აღიარებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ავტომანქანის ამოღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოცნობის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. პ–მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედება.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტები სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მსჯავრდებულს შეუფარდა მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი მინიმალური ხანგრძლივობით.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი მითითებული მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისათვის, ერთი მხრივ, აწესებს კონკრეტულ სავალდებულო წინაპირობებს და იმავდროულად - აღნიშნული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობა უნდა განისაზღვროს ყოველ კონკრეტულ ვითარებაში ჩადენილი დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების ( მათ შორის ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, დანაშაულის ჩადენის გარემოებების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინაარმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ა.შ.) და განსასჯელის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
13. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. პ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. წ–სის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე