Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1489-1064(კ-05) 20 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

30.05.03წ. ნ. მ-მ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის და ნოტარიუს ე. ჩ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში და პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და ფართზე უფლებამოსილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი ოჯახი 1953 წლიდან ცხოვრობდა ... ბინა ეკუთვნოდა ... ქარხანას. ამავე ბინაში ცხოვრობდა ა. გ-ის ოჯახი, რომელსაც გლდანის აღმასკომის 1983წ. ¹29 გადაწყვეტილების საფუძველზე გამოეყო ორი საცხოვრებელი ბინა. ა. კ-ი მისივე თხოვნით საცხოვრებლად დარჩა ძველ მისამართზე, მის შვილებს ვ. გ-სა და მ. გ-ს გამოეყოთ ერთი ოროთახიანი და ერთი სამოთახიანი ბინა. მოსარჩელის განმარტებით, ... არის ოროთახიანი, მასში ცხოვრობდნენ მ-ისა და გ-ის ოჯახები. სადავო ბინის ერთ ოთახზე დიდუბის რაიონის სასამართლოს 1997წ. გადაწყვეტილებით უფლებამოპოვებულ პირად ის იქნა ცნობილი, 15.02.03წ. გარდაიცვალა სადავო ბინის მეორე მფლობელი ა. გ-ი. ა. კ-ის გარდაცვალების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა. გ-ს თავისი კუთვნილი 25.8 კვ.მ. ფართზე 1998წ. ივნისის თვეში პრივატიზაციის ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული, რითაც მან, მოსარჩელის აზრით, დაარღვია პრივატიზაციის შესახებ კანონის მოთხოვნები.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 21.02.05წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე. ჩ-ის მიერ გაფორმებული 26.06.98წ. პრივატიზების ხელშეკრულება. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს და საჯარო რეესტრს იმ ჩანაწერის გაუქმება დაევალა, რომლითაც თბილისში ... ა. გ-ის საკუთრებად აღირიცხა. ნ. მ-ე ცნობილი იქნა ქ. თბილისში ... ბინის მთლიანი ფართის დამქირავებლად და დაენიშნა პირადი საფინანსო ანგარიში მთლიან ფართზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჩ-მ.

09.12.03წ. თბილისის საოლქო სასამართლოს საქმეში მესამე პირად ჩართვის თხოვნით მიმართა მ. გ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.12.03წ. განჩინებით მ. გ-ი საქმეში მესამე პირად ჩაება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.08.04წ. განჩინებით ე. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 18.07.03წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 20.12.04წ. საოქმო განჩინებით გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა ამოირიცხა მოპასუხეებიდან და საქმეში მესამე პირად (დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) იქნა ჩაბმული, ხოლო მესამე პირი მ. გ-ი საქმეში მოპასუხედ ჩაერთო. ამავე საოქმო განჩინებით მოპასუხედ იქნა ჩაბმული ქ. თბილისის მერიის საბინაო მეურნეობისა და რეაბილიტაციის და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასმართლოს 21.02.05წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ნოტარიუსის ე. ჩ-ის მიერ 26.06.98წ. ა. გ-სა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანების მომსახურების ცენტრს შორის დადებული გარიგება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 15.07.05წ. საოქმო განჩინებით გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა მოპასუხედ იქნა ჩაბმული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.09.05წ. გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 21.02.05წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ა. გ-სა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანების მომსახურების ცენტრს შორის გაფორმებული 26.06.98წ. პრივატიზების ხელშეკრულება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, .. და ... ერთდაიმავე ბინას წარმოადგენდა და დროთა განმავლობაში მისამართების ცვალებადობამ გამოიწვია სადავო ბინის ადგილმდებარეობის სხვადასხვა მისამართზე დაფიქსირება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ბინა ფაქტიურად ოროთახიანი იყო, რომლის 12,8 კვ.მ ოთახზე, დიდუბის რაიონის სასამართლოს 01.04.97წ. გადაწყვეტილებით უფლებამოპოვებულად ცნობილ იქნა ნ. მ-ე, ხოლო მეორე ოთახი, საცხოვრებელი ფართით 26 კვ.მ ა. გ-ს ეკავა. სააპელაციო პალატის აზრით, სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულებით მოხდა ოროთახიანი ბინის, რომელსაც ჰყავდა ორი დამქირავებელი, ერთი ოთახის პრივატიზება, რა დროსაც არ ყოფილა გამოთხოვილი მეორე დამქირავებლის თანხმობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო პრივატიზების ხელშეკრულება გაფორმებული იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის მე-4 აბზაცის მოთხოვნათა დარღვევით.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, პრივატიზებისას ასევე დაცული არ ყოფილა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტი, რომელიც პრივატიზების პროცესის დაწყებას უკავშირებს დამქირავებლის მიერ ადგილობრივი მმართველობის ორგანოსათვის განცხადებით მიმართვის ფაქტს, რაც, სააპელაციო პალატის განმარტებით, წარმოდგენილ სანოტარო მასალებში არ მოიპოვებოდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ პრივატიზების ხელშეკრულებას ა. გ-ი ხელს რუსულ ენაზე აწერდა, რაც სასამართლოს აზრით, მიუთითებდა, რომ იგი სახელმწიფო ენას არ ფლობდა. «ნოტარიატის შესახებ» კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებული იყო სანოტარო მოქმედება შეესრულებინა თარჯიმნის მონაწილეობით რაც მისი მხრიდან დაცული არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო პრივატიზების ხელშეკრულება ეწინააღმდეგებოდა კანონს, რაც სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე მისი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.09.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში დაცული მტკიცებულებები. მისი აზრით, სასამართლოს ასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე თავისი ინიციატივით უნდა მოეპოვებინა ის დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული 01.04.97წ. გადაწყვეტილება. ამასთან, კასატორმა აღნიშნა. რომ მითითებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ნ. მ-ე 12.8 კვ.მ-ზე უფლებამოპოვებულ პირად ცნო და არა ძირითად დამქირავებლად. ნ. მ-ე არასდროს არ ყოფილა ბინის დამქირავებელი, ის მხოლოდ სარგებლობის უფლებით იყო შესახლებული 12.8 კვ.მ, რასაც ადასტურებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანების მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ბინას ჰყავდა ერთადერთი დამქირავებელი ა. გ-ი. კასატორის განმარტებით, სადავო ბინა განეკუთვნება კოლიდორული სისტემის კეთილმოუწყობელ ბინათა რიგს, სადაც მეზობლად მცხოვრებ ოჯახებს საერთო სარგებლობაში აქვთ დამხმარე სათავსოები. საქართველოს მთავრობის 11.08.92წ. ¹825 დადგენილებით აღნიშნული ტიპის ბინები ექვემდებარება პრივატიზაციას დამხმარე სათავსოების საერთო სარგებლობაში დატოვების პირობით და ა. გ-მაც ბინის პრივატიზაცია აღნიშნული დადგენილების შესაბამისად განახორციელა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ნ. მ-ისა და ა. გ-ის ოჯახები 1948 და 1953 წ.წ-დან ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ... ნ. მ-ის ოჯახს დაკავებული ჰქონდა მთლიანი ბინის 12.8 კვ.მ-ის მქონე 1 ოთახი, ა. გ-ის ოჯახს გადაცემული ჰქონა ასევე 1 ოთახი, რომლის ფართი 25.8 კვ.მ. შეადგენდა. გლდანის რაისაბჭოს აღმასკომის 19.01.83წ. ¹29 გადაწყვეტილებით სადავო ფართში ა. გ-ის ოჯახის წევრებიდან საცხოვრებლად დარჩა მხოლოდ ა. გ-ი. დიდუბის რაიონის სასამართლოს 01.04.97წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის ოჯახის კუთვნილ 12.8 კვ.მ. ფართზე უფლებამოპოვებულად იქნა ცნობილი ასევე ერთი პირი ნ. მ-ე.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ბინა შედგება ორი ოთახისაგან, რომელსაც საერთო სათავსოები და სველი წერტილები გააჩნია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ ერთ ოთახში ან მომიჯნავე არაიზოლირებულ ოთახებში ცხოვრობდა რამდენიმე მოქალაქე საცხოვრებელ ფართობზე დამოუკიდებელი უფლებით და ისინი ერთ ოჯახს არ შეადგენდნენ, მაშინ მათთან იდებოდა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ერთი ხელშეკრულება მთელ სადგომზე, ხოლო თითოეული იქ მაცხოვრებელი თანადამქირავებლად ითვლებოდა. სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საბინაო კანონმდებლობის ძირითად პრინციპს ოჯახების ცალკე ბინაში ჩასახლება წარმოადგენდა. მცირეგაბარიტიანი ბინა, რომელსაც საერთო სანიტარული კვანძი გააჩნდა, როგორც წესი, ქირავნობის ხელშეკრულების საგანს შეადგენდა მთლიანად და არა მისი ცალკეული ოთახები, თუნდაც ისინი იზოლირებული ყოფილიყო. ამ საკითხის ამგვარად გადაწყვეტა აიხსნებოდა მცირეგაბარიტიანი ბინების კონსტრუქციული თავისებურებებით, რაც სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების მიხედვით გამორიცხავდა მასში რამდენიმე ოჯახის ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. გ-ისა და ნ. მ-ის ოჯახები სადავო ბინაში 1948 და 1953 წლებიდან ცხოვრობდნენ. საცხოვრებელი ბინა განეკუთვნებოდა მცირეგაბარიტიან ბინათა კატეგორიას, რაც გამორიცხავდა მის ნაწილზე ცალკე ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ... ბინა ფაქტიურად წარმოადგენს არაიზოლირებულ ოროთახიან ბინას, რომელსაც სადავო ხელშეკრულების დადების დროს ჰყავდა ორი დამქირავებელი: ნ. მ-ე და ა. გ-ი, მათი ოჯახები ერთ ოჯახს არ შეადგენდნენ, რის გამო ა. გ-ი და ნ. მ-ე ბინის თანადამქირავებლად უნდა იქნენ მიჩნეულნი.

«საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის მე-5 აბზაცის თანახმად, ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა რამდენიმე დამქირავებელს, მათ საკუთრებაში გადაეცმოდათ ყველა დამქირავებლის თანხმობით. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად მიღებული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 11.08.92წ. ¹825 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზებული საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და გაწეული დანახარჯების დაფარვის შესახებ» დროებითი დებულების მე-8 პუნქტის თანახმად, ბინა, რომელიც დამქირავებლის უფლებით დაკავებული ჰქონდა რამდენიმე მოქალაქეს, საკუთრებაში გადაეცემოდათ ყველა დამქირავებლის თანხმობით.საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ა. გ-ს სადავო ხელშეკრულების დადებისას ნ. მ-ისაგან თანხმობა მიღებული არ ჰქონია, რაც პრივატიზების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით ფართის პრივატიზების აუცილებელი წინა პირობა იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ხელშეკრულება გაფორმებულია საცხოვრებელი ბინების პრივატიზების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, რის გამო სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ა. გ-ი სადავო ხელშეკრულებას ხელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე არ აწერს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი სახელმწიფო ენას არ ფლობდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ნოტარიატის შესახებ» კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებული იყო, სანოტარო მოქმედება შეესრულებინა თარჯიმნის მონაწილეობით, რაც მის მიერ დაცული არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ხელშეკრულება გაფორმებულია აგრეთვე «ნოტარიატის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია კანონის შესაბამისად და კასატორის მიერ მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არა აქვს, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.09.05წ. გადაწყვეტილება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.