საქმე # 330100120003896338
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №837აპ-22 ქ. თბილისი
ქ-ე ს, 837აპ-22 15 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ქ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენით:
1.1. ს. ქ-ე, - დაბადებული .... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 9 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 13 ივლისიდან იმავე წლის 9 ნოემბერამდე.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
· ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით ს. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
· 2020 წლის 19 მაისს, დაახლოებით 10:30 საათზე, გ-ის მე-... მ/რ-ის მე-... კორპუსში მდებარე №.. პენიტენციური დაწესებულების მეორე სარეჟიმო კორპუსის დ1 ფლიგელის სამორიგეო ოთახში, სადაც ხორციელდება 24-საათიანი ელექტრონული ვიზუალური მეთვალყურეობა, მსჯავრდებულმა ს. ქ-მ თავი ჩაარტყა სახის არეში ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერ ვ. ხ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ს. ქ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. პ-ა საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენის გაუქმება და ს. ქ-ის გამართლება.
4.1. პროკურორმა ზურაბ კახეთელიძემ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ს. ქ-ა და მისი ადვოკატის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არაობიექტური და უკანონოა, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა ს. ქ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა; საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების დასკვნებს ს. ქ-ის ბრალეულობასთან მიმართებით, ვინაიდან მის მიერ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა სარწმუნოდ არის დადგენილი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ვ. ხ-ა და მოწმეების - ე. ჩ-ის, ბ. ბ-ის, მ. წ-ის, გ. კ-ის, თ. გ-ა და სხვათა ჩვენებებით, სამედიცინო ცნობით, 2020 წლის 19 მაისის ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერის) გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატიული ექსპერტიზის №... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სასამართლოებმა თავიანთ გადაწყვეტილებებში ამომწურავად იმსჯელეს, არის ერთმანეთთან თანხვდენილი და დამაჯერებელი, მათში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა და ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
7. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ს. ქ-ა და მისი ადვოკატის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს ფიზიკური დაზიანება სახეში თავის დარტყმით არავისთვის არ მიუყენებია, აღნიშნული არც ვიდეოჩანაწერში ჩანს და თითქოს, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არასანდო, საეჭვო მტკიცებულებებზე დაყრდნობით - დაზარალებულის, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისა და საეჭვო სამედიცინო ცნობის საფუძველზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლოში დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ვიდეოჩანაწერით დადგენილია, რომ ს. ქ-მ ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ:
7.1. დაზარალებულ ვ. ხ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს №... პენიტენციურ დაწესებულებაში კორპუსის ოფიცრის თანამდებობაზე. 2020 წლის 19 მაისს, დაახლოებით 10:25 საათზე, ე.წ. პულტების ოპერატორმა ინფორმაციის სახით გადმოსცა, რომ მე-2 სარეჟიმო კორპუსის №15 საკანში განთავსებული მსჯავრდებული ს. ქ-ე იქცეოდა აგრესიულად, გაიხადა ფეხსაცმელი და ესროლა საკანში დამონტაჟებულ სამეთვალყურეო კამერას; შემდეგ საკნის კარებს შიგნიდან ურტყა ფეხი და ითხოვდა საკნიდან გამოსვლას. მსჯავრდებული საკნიდან გამოიყვანა კონტროლიორმა მ. წ-ა და შეიყვანა იმავე სართულზე არსებულ სამორიგეო ოთახში, სადაც თვითონ და დაწესებულების სხვა თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. ს. ქ-ე ოთახში იქცეოდა აგრესიულად, მივიდა ტელეფონთან და თქვა „უნდა დავრეკო და ეხლა ნახეთ, თქვენ რას გიზამთო“. ე. ჩ-ე შეეცადა მსჯავრდებულის დამშვიდებას, რის შემდეგ ს. ქ-მ ტელეფონი დადო, მივიდა მასთან და თავი ჩაარტყა ცხვირის არეში. დარტყმის შედეგად მან განიცადა ძლიერი ტკივილი, ცხვირი გაუსივდა და წამოუვიდა სისხლი. იგი ადგილზე შეამოწმა დაწესებულების ექიმმა თ. გ-ა.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ვ. ხ-მ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა საქმის ფაქტორივი გარემოებები. საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს დაზარალებულის მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. ამასთან, დაზარალებულის ჩვენება სრულად შეესაბამება თვითმხილველი მოწმეების - ე. ჩ-ის, ბ. ბ-ის, მ. წ-ის ჩვენებებს; ექიმ თ. გ-ის ჩვენებასა და სამედიცინო ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, რომ ექიმმა ნახა მე-2 სარეჟიმო კორპუსის ინსპექტორი, ოფიცერი ვ. ხ-ე, რომელსაც აღენიშნებოდა ცხვირის ზურგის ფუძის მხარეს შესიება, სუსტად გამოხატული ორმხრივი სათვალის სიმპტომი და ცხვირიდან სისხლდენა, რის გამოც გაეწია სამედიცინო დახმარება; ოქმის თანახმად, მან დაზიანება მიიღო პატიმრისგან, თავის დარტყმის შედეგად; ასევე ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს სამორიგეო ოთახში, 10:28 საათზე, ს. ქ-ე როგორ უახლოვდება ვ. ხ-ს და თავს ურტყამს სახის არეში, რის შემდეგ აღნიშნულ სამორიგეო ოთახში მყოფი სხვა თანაშრომლები ცდილობენ მის გაკავებასა და დამშვიდებას.
9. ჩადენილი დანაშაულის გამო მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და მსჯავრდებულ ს. ქ-ს შეუფარდა სამართლიანი სასჯელი, რომელიც განსაზღვრულია განაჩენთა ერთობლიობით, თუმცა გამოყენებულია შთანთქმის პრინციპი.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
11. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ქ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი