Facebook Twitter

საქმე # 330100113361765

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №913აპ-22 ქ. თბილისი

ს-ი ზ., 913აპ-22 15 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. ს-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, ი. ქ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივნისს, კ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ნოემბერს, გ. ჩ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივლისს და გ. ყ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აგვისტოს, - ბრალად ედებათ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ჯგუფის მიერ, ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2013 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 5 საათზე, ქ.თ-ი, მ. კ-ს ქუჩა N...-ში განთავსებულ კაფე-ბარ „შ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ყ-ა, გ. ჩ-ი, კ. ბ-ი, ი. ქ-ა და ზ. ს-ი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ თ. გ-ს. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი დ. თ-ე, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ეცვა პოლიციელის ფორმა. მან სცადა დაემყარებინა საზოგადოებრივი წესრიგი, ზემოაღნიშნულ პირებს განუცხადა, რომ იყო პოლიციელი და მოუწოდა, შეეწყვიტათ თ. გ-ს ცემა. გ. ყ-მ, გ. ჩ-ა, კ. ბ-ა, ი. ქ-მ და ზ. ს-ა უგულებელყვეს და არ დაემორჩილნენ პოლიციის მუშაკის კანონიერ მოთხოვნას, გაუწიეს წინააღმდეგობა, ძალის გამოყენებით წააქციეს მიწაზე და ხელებითა და ფეხებით დაუწყეს ცემა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის განაჩენით:

2.1. ზ. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ი. ქ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.3. ი. ქ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 აგვისტოს განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ყადაღა უნდა მოეხსნას ი. ქ-ს მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად ვ. ქ-ს (პ/ნ ...), ც. მ-ს (პ/ნ ...), ვ. ქ-ს (პ/ნ ...) და ი. ქ-ს (პ/ნ ...) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ზ-ს რაიონში, უ-ს საკრებულოში, ფართი - 1822,00 კვ.მ (საკადასტრო კოდი N...) ეკვივალენტურ წილს.

2.4. კ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

2.5. გ. ჩ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2.6. გ. ყ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ზ. ს-ს, ი. ქ-ს, კ. ბ-ს, გ. ყ-ა და გ. ჩ-ს უფლება აქვთ, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენის გაუქმება, ი. ქ-ს, კ. ბ-ს, გ. ჩ-ს, ზ. ს-ა და გ. ყ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოსდ სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ ზ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც-ა შესაგებლით მოითხოვა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.

4.2. გამართლებულმა ზ. ს-ა შესაგებლით მოითხოვა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ი. ქ-ს, კ. ბ-ს, გ. ჩ-ს, ზ. ს-ა და გ. ყ-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ თ. გ-ა და დ. თ-ს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ არის დამაჯერებელი და შეიცავს არაერთ ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. თ. გ-ს ჩვენება, მასზე მოძალადე და დაზიანებების მიმყენებელი პირების იდენტიფიცირების თვალსაზრისით, არაინფორმაციულია. მისი განმარტებით, მხოლოდ კ.-ს იცნობდა, დანარჩენებს კი - არა და არც ამოცნობაში მიუღია მონაწილეობა. ჩხუბის დროს სახეები არ დაუმახსოვრებია. თ. გ-ს არ განუმარტავს, რომ რომელიმე ბრალდებულმა (მათ შორის კ.-მ) დაარტყა მას ან დ. თ-ს ხელი ან ფეხი, წააქცია ან შემოახია პერანგი, წაართვა იარაღი ან მათ მიმართ ჩაიდინა სხვა ძალადობრივი ქმედება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. გ-ს ზოგადი განმარტებები და მის ჩვენებაში ასახული ინფორმაცია, მასზე შესაძლო მოძალადე პირების იდენტიფიცირების თვალსაზრისით, არაინფორმაციულია.

9. აღსანიშნავია, რომ თ. გ-ს ჩვენება განსხვავდება დ. თ-ს ჩვენებისაგან კლუბში თ. გ-ს შესვლის მიზნებსა და ვითარებასთან მიმართებით. დ. თ-მ, თ. გ-ნ განსხვავებით, განმარტა, რომ კლუბში თ. გ-ს შესვლის მიზანი იყო ყავის მირთმევა და არა - ოპერატიული მიზნები, რაზეც კატეგორიულად უთითებდა თ. გ-ე. დ. თ-მ მის ჩვენებაში არაერთხელ განმარტა, რომ თ. გ-ს ძირითადად სცემეს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებსაც ეცვათ ფორმა. მისი ჩვენება არაინფორმაციულია კონკრეტულად ვინ, რა დროს, რა ადგილზე, რამდენჯერ, სხეულის რომელ ნაწილში დაარტყა თ. გ-ს, წააქცია იგი ან შემოახია პერანგი, ასევე უშუალოდ მას ვინ დაარტყა ან ჟილეტი შემოახია, არ დაუნახავს და ამ საკითხზე მხოლოდ ვარაუდით საუბრობს. რაც შეეხება დ. თ-ს განმარტებებს კონფლიქტში მონაწილე პირთა შსს-ს ბაზაში გადამოწმებისა და იდენტიფიცირების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულები პირადად არ იცნობდნენ თავდამსხმელებს და არ იცოდნენ მათი სახელი და გვარები, მათი იდენტიფიცირების მიზნით უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა, რაც ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის თვალსაზრისით (პიროვნებების იდენტიფიცირების თვალსაზრისით), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებაა. დაზარალებულის მიერ პირადი შეხედულებით შსს-ს ბაზაში პიროვნებების გაურკვეველი მეთოდებით მოძიება ვერ აკმაყოფილებს პიროვნებების იდენტიფიცირების თვალსაზრისით სანდოობის მინიმალურ სტანდარტსაც კი, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც დ. თ-მ დამაჯერებლად ვერ ახსნა შსს-ს ბაზაში, სადაც რეგისტრირებულია ასეულობით ათასი პიროვნება (მათ შორის არ იცოდა კონფლიქტში მონაწილე პირების გვარები), როგორ მოიძია სავარუდო თავდამსხმელთა მონაცემები და წარუდგინა გამომძიებელს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დ. თ-ს განმარტებები შესაძლო თავდამსხმელთა ვინაობის იდენტიფიცირების თვალსაზრისით, ვერ აკმაყოფილებს სანდოობისა და უტყუარობის მინიმალურ სტანდარტს. აქვე მხედველობაშია მისაღები შემდეგი გარემოება: მიუხედავად იმისა, რომ თავად დ. თ-ს ჩვენებით, კონფლიქტს ჰყავდა ბევრი თვითმხილველი მოწმე, გამოძიებას ისინი არ გამოუვლენია და არ გამოუკითხავს.

10. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიაჩნია, რომ დაზარალებულებთან კონფლიქტში მყოფი პირების იდენტიფიცირების თვალსაზრისით, ასევე არაინფორმაციულია თ. ს-ს, თ. მ-ს ჩვენებები და მ. გ-ს გამოკითხვის ოქმი. ისინი მხოლოდ ზოგადად ახასიათებენ თ. გ-ს და ადასტურებენ 2013 წლის 6 აგვისტოს კლუბ ,,შ-ი“ მის სტუმრობას. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, მათი ჩვენებები/დაკითხვის ოქმები არ შეიცავს რელევანტურ ინფორმაციას.

11. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე პროკურორის პრეტენზიას გასცა დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანია. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ი. ქ-ს, კ. ბ-ს, გ. ჩ-ს, ზ. ს-ა და გ. ყ-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

14. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი