საქმე # 010100121004528888
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №948აპ-22 ქ. თბილისი
კ-ე ფ., 948აპ-22 15 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის, მსჯავრდებულ ფ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. რ-ა და მსჯავრდებულ დ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ფ. კ-ს, - დაბადებულს ... წლის ... თებერვალს, - ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი); ხოლო დ. თ-ს, - დაბადებულს ... წლის ... სექტემბერს, - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 1 მარტს, დაახლოებით 12:50 საათზე, ქალაქ ბ-ი, ბ-ა და ჭ-ს ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ N... სამარშრუტო მიკროავტობუსში, ფ. კ-ე ქურდობისათვის ნასამართლევ დ. თ-ნ წინასწარი შეცნობით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდა ც. ა-ს ხელჩანთიდან მისი კუთვნილი ნივთების ფარულად დაუფლებას. დაზარალებულის რეაგირებისა და სამარშრუტო მიკროავტობუსში ადგილის შეცვლის გამო, მათ განზრახული დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანეს.
· 2021 წლის 1 მარტს, დაახლოებით 12:55 საათზე, ქალაქ ბ-ი, ჟ. შ-ს და ნ. ფ-ს ქუჩების კვეთის ადგილას N... სამარშრუტო მიკროავტობუსით გადაადგილებისას, ფ. კ-ე ქურდობისათვის ნასამართლევ დ. თ-ნ წინასწარი შეცნობით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდა მ. გ-ს კუთვნილი საფულისა და მასში მოთავსებული ფულადი თანხის ფარულად დაუფლებას, რა დროსაც მათ წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის გამოც განზრახული დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანეს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 აგვისტოს განაჩენით:
2.1. ფ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან.
2.2. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2.3. დ. თ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2.4. დ. თ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
2.5. დ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 1 მარტიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:
3.1. 2021 წლის 1 მარტს, ქალაქ ბ-ი, ჟ. შ-ს და ნ. ფ-ს ქუჩების გადაკვეთის ადგილას N.. სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობისას, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი დ. თ-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ. გ-ს კუთვნილ საფულესა და მასში მოთავსებულ ფულად თანხას, მაგრამ მისი განკარგვის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან მიაკროვტობუსიდან ჩასვლის შემდეგ დროის მცირე მონაკვეთში დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
4.2. ფ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ც. ა-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
4.3. ფ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ. გ-ს ეპიზოდი) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ფ. კ-ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს ამ განაჩენის საფუძველზე დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 1 მარტიდან იმავე წლის 6 აგვისტოს ჩათვლით.
4.4. დ. თ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ც. ა-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
4.5. დ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (მ. გ-ს ეპიზოდი) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 1 მარტიდან.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. კ-მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (მ. გ-ს ეპიზოდი), ხოლო დ. თ-მ - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის (მ. გ-ს ეპიზოდი).
6. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ:
· ფ. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის შეფარდება.
· დ. თ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის შეფარდება.
6.1. მსჯავრდებულ ფ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. რ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ფ. კ-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ. გ-ს ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში.
6.2. მსჯავრდებულ დ. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ზ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენის გაუქმება და დ. თ-ს გამართლება.
7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ფ. კ-ს ედავება ქურდობის მცდელობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად (ორი ეპიზოდი), ხოლო დ. თ-ს - ქურდობის მცდელობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არაერთგზის (ორი ეპიზოდი).
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ფ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ც. ა-ს ეპიზოდი) და დ. თ-ს - სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ც. ა-ს ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
10.1. დაზარალებულ ც. ა-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2021 წლის 1 მარტს, ქ. ბ-ი, ჭ-ა და ბ-ს ქუჩების გადაკვეთის ადგილას ავიდა N... სამარშუტო ტაქსიში, ასვლისას გზა იყო რაღაცნაირად შეზღუდული და უკან, სადაც თავისუფალი იყო ადგილი, თავიდან ვერ გადავიდა. როდესაც მოახერხა და დაჯდა, დაიწყო ყურება ტელეფონში. რამდენიმე ხნის შემდეგ მოხუც ქალს ჰკითხეს, გაქვს თუ არა საფულეო, რაზეც ქალმა უპასუხა, რომ არაო. მისივე ჩვენებით, სავარძელზე რომ დაჯდა, მართლა არ დაუნახავს არაფერი, არ იცის, ვინ ეკითხებოდა ასაკოვან ქალბატონს საფულესთან დაკავშირებით. მან დაადასტურა გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ჩვენება და განმარტა, რომ იგი ქურდობის ფაქტს არ შესწრებია და არავინ დაუნახავს.
11. ამდენად, ც. ა-ს ეპიზოდთან დაკავშირებით, მართალია, მოწმე პოლიციის თანამშრომლები მიუთითებენ ფ. კ-ა და დ. თ-ს მიერ შესაძლო ქურდობის მცდელობის ჩადენის ფაქტზე, თუმცა მათი ჩვენებები არ არის გამყარებული საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. დაზარალებულად ცნობილი ც. ა-ს ჩვენების მიხედვით, იგი, მართალია, 2021 წლის 1 მარტს მგზავრობდა მიკროავტობუსით, თუმცა მისთვის რაიმე ნივთი არ მოუპარავთ და არც დაუნახავს მიკროავტობუსში ქურდობის ფაქტი. ამდენად, ბრალდების მხარეს, გარდა პოლიციელების ჩვენებებისა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ც. ა-ს ეპიზოდში დ. თ-ა და ფ. კ-ს ბრალეულობას, საქმეში არ წარმოუდგენია.
12. საკასაციო სასამართლო თვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივებს ფ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ც. ა-ს ეპიზოდი) და დ. თ-ს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ც. ა-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მათ ჩაიდინეს მითითებული მუხლით (ც. ა-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.
14. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ფ. კ-ა და დ. თ-ს მსჯავრდება ეფუძნება დაინტერესებულ პირთა - პოლიციის თანამშრომელთა ცრუ ჩვენებებს, ხოლო საქმეში არ არსებობს სხვა, უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ. გ-ს ეპიზოდი) ფ. კ-ს, ხოლო სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (მ. გ-ს ეპიზოდი) დ. თ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების - ფ. კ-ა და დ. თ-ს მიერ დაზარალებულ მ. გ-ს ეპიზოდში ქურდობის მცდელობის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისას, სააპელაციო სასამართლო დაეყრდო შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მ. გ-ს ჩვენებას, მოწმეების - თ. ბ-ს, ი. გ-ს, რ. რ-ს, ჯ. მ-ს ჩვენებებს, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს, ამოცნობის ოქმს და სხვა მტკიცებულებებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები შეიცავს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ ინფორმაციებს, რომლებიც ერთობლივად საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
14.1. დაზარალებულ მ. გ-ს ჩვენების თანახმად, ქ. ბ-ი, N.. მიკროავტობუსით მგზავრობისას, ერთ-ერთი მგზავრი დაადგა თავზე, მის ხელჩანთას დაადო ცელოფანი და მისკენ გადაიხარა. აღნიშნული ქმედებით იგი შეწუხდა, თუმცა არაფერი უთქვამს. ამის შემდეგ უცებ მოაშორა ცელოფანი და მეორე პირთან ერთად მალევე ჩავიდა მიკროავტობუსიდან. მათგან ერთს წითელი ქურთუკი ეცვა. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ ამ დროს მიკროავტობუსში ისხდნენ პოლიციელები, რომლებმაც თქვეს, ჩანთები გაჩხრიკეთო და აღმოჩნდა, რომ მას საფულე აღარ ჰქონდა ჩანთაში. მისი საფულე იყო შავი ფერის, რომელშიც ჰქონდა თანხა 3 ლარამდე, რაც შემდეგში მან ამოიცნო.
14.2. დ. თ-ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მისგან ამოღებულ იქნა შავი ფერის საფულე, რომელშიც აღმოჩნდა თანხა - 3 ლარისა და 20 თეთრის ოდენობით. ამოცნობის ოქმით კი დასტურდება, რომ მ. გ-მ ამოიცნო მისი კუთვნილი შავი ფერის საფულე.
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე დაკითხულ მოწმე პოლიციის თანამშრომელთა - ი. გ-ს, ჯ. მ-ა და რ. რ-ს ჩვენებებს, რომლებმაც დეტალურად აღწერეს 2021 წლის 1 მარტს N... მიკროავტობუსში ფ. კ-ა და დ. თ-ს მიერ მ. გ-ს მიმართ ჩადენილი ქმედებები. მათი ჩვენებებით დასტურდება, რომ ფ. კ-ე და დ. თ-ე მიკროავტობუსში მოქმედებდნენ საეჭვოდ, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და ანიშნებდნენ მიმიკებით, მიკროავტობუსის შესავლელში მგზავრებს უქმნიდნენ გადაადგილების დაბრკოლებას. მოწმეებმა დაინახეს თავდაპირველად როგორ მივიდა მ. გ-ნ შავქურთუკიანი მამაკაცი დ. თ-ე, იგი დაიხარა და ცდილობდა მისი ჩანთიდან რაღაცის ამოღებას, თუმცა ვერ შეძლო, შემდეგ რაღაცა ანიშნა მეორეს, წითელქურთუკიანს - ფ. კ-ს, ამის შემდეგ კი ეს უკანასკნელი მივიდა მ. გ-ნ, გადაიხარა მისკენ და გარკვეული მოძრაობით ჩანთიდან ამოაცალა საფულე, რომელიც გადასცა დ. თ-ს, რის შემდეგაც ორივე მათგანი მალევე ერთად ჩავიდა მიკროავტობუსიდან.
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებითა და სხვა მასალებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ დ. თ-ე და ფ. კ-ე მიკროავტობუსში მოქმედებდნენ ერთობლივად და შეთანხმებულად, ისინი მიმიკებითა და ჟესტებით ანიშნებდნენ ერთმანეთს გარკვეული მოქმედებების შესრულების შესახებ. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით ასევე დატურდება, რომ ისინი მიკროავტობუსიდან ერთად ჩავიდნენ. აქვე საყურადღებოა მოწმის სახით დაკითხული, მიკროავტობუსის მძღოლის - თ. ბ-ს ჩვენება, რომლის მიხედვითაც, დ. თ-ე და ფ. კ-ე ერთად ჩავიდნენ მიკროავტობუსიდან და რომ ერთ-ერთმა გადაიხადა ორივეს მგზავრობის საფასური. მსჯავრდებულების მიკროავტობუსიდან ერთად ჩასვლის ფაქტი ასევე დასტურდება დაცვის მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი, 2021 წლის 3 აპრილის დოკუმენტის (ვიდეოჩანაწერის) დათვალიერების ოქმითაც.
17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ (ადვოკატებმა - ლ. რ-მ და მ. ზ-მ) ვერ წარმოადგინა ხელშესახები და ნათელი დასაბუთება, თუ რა კონკრეტული საფუძველი არსებობს პოლიციელთა ჩვენებების სარწმუნოობასა და მათ ობიექტურობაში ეჭვის შესატანად. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების შეფასებისას სასამართლო უნდა დაეყრდნოს სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს და მტკიცებულების მნიშვნელობა შეაფასოს მათი რელევანტურობის, შინაარსისა და ინფორმაციულობის თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენების წინასწარ უსაფუძვლოდ გამორიცხვის პირობებში, სასამართლო, აპრიორი ვერ გაიზიარებდა ვერცერთი პოლიციელის ან სამართალდამცავის ჩვენებას მხოლოდ და მხოლოდ მათი სტატუსის გამო. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ვერ შეძლო მიეთითებინა პოლიციის თანამშრომელთა პირადი დაინტერესების ან სხვა სუბიექტური მოტივის განმაპირობებელი თუნდაც ერთი გარემოება. როგორც ირკვევა, პოლიციის თანამშრომლები ზეპირი მოსმენისას მხარეთა შეჯიბრებითობის სრული უზრუნველყოფის პირობებში დაიკითხნენ და გაფრთხილებულნი იყვნენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ამდენად, სამართლიანი განხილვის ყველა სტანდარტის დაცვით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებათა შეფასებისათვის დადგენილი საპროცესო ტესტის ფარგლებში და დარწმუნდა, რომ მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების შინაარსი არის ცხადი და თანმიმდევრული, შეიცავს საკმარის ინფორმაციას ფაქტებისა და გარემოებების შესახებ, არ არის შაბლონური, მათი ჩვენებები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
18. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს: ის გარემოება, რომ დ. თ-მ ქურდობის მცდელობა ჩაიდინა არაერთგზის, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განაჩენით, რომლითაც გამოწვეული ნასამართლობა მას მოხსნილი და გაქარწყლებული არ აქვს.
19. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივრებში განვითარებულ ზოგად მსჯელობებს მსჯავრდებულების - ფ. კ-ა და დ. თ-ს მიმართ საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის შესახებ, რადგან საკასაციო პალატაში აღნიშნული საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლით კანონიერების რაიმე არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა. ასევე, საქმის როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულების საპროცესო უფლებები არ დარღვეულა.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. კ-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ. გ-ს ეპიზოდი), ხოლო დ. თ-ს - სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (მ. გ-ს ეპიზოდი) კანონიერია, რისი მხედველობაში მიღებითაც, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები.
22. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის, მსჯავრდებულ ფ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. რ-ა და მსჯავრდებულ დ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი