Facebook Twitter

საქმე # 330100122005659514

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1009აპ-21 ქ. თბილისი

გ-ე ი., 1009აპ-21 19 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე. მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის განაჩენით:

1.1. ი. გ-ე, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 17 თებერვლიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან იმავე წლის 4 თებერვლის ჩათვლით დროის შუალედში, ი. გ-ე სისტემატურად ძალადობდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 2018 წელს დაბადებულ გერზე - ზ. დ-ე, კერძოდ, იმის გამო, რომ არასრულწლოვანი ზ. დ-ი ვერ ასრულებდა ი. გ-ს მითითებებს, მათ შორის, 2022 წლის იანვრის ბოლოს და ამავე წლის 1 თებერვალს, ქ. თ-ი, წ-ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ი. გ-მ სხვაგვარი ძალადობა ჩაიდინა ზ. დ-ს მიმართ, კერძოდ, ხელი დაარტყა საჯდომის მიდამოში. ანალოგიური მიზეზით, 2022 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. თ-ი, წ-ს ქუჩა №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. გ-მ კვლავ ჩაიდინა ზ. დ-ს მიმართ სხვაგვარი ძალადობა და ფეხი დაარტყა საჯდომის მიდამოში. ი. გ-ს ქმედებების შედეგად არასრულწლოვანმა ზ. დ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რაც გამოიხატებოდა მისი მხრიდან ტირილსა და უკონტაქტობაში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა ი. გ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენის გაუქმება და გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. კასატორი არ მიუთითებს არცერთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც დაარღვია თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის დაუსაბუთებლობის არგუმენტად ავითარებს ზოგად მსჯელობას და აღნიშნავს, რომ უკანონოდ დადგინდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც ხელი შეუწყო მის დამნაშავედ ცნობას.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ იგი უდანაშაულოა. საქმეში არსებული, ურთიერთშეჯერებული და პრეიუდიციად ცნობილი მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები, დაკავების ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნა, №0... შემაკავებელი ორდერი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტომასალითა და სხვა მტკიცებულებები) ქმნის საკმარის ერთობლიობას ი. გ-ს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის, კერძოდ:

8. მოწმე გ. მ-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს საკურიერო კომპანია „ვ-ი“. 2022 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 00.30 საათზე, მიდიოდა სამსახურში, რა დროსაც წ-ს ქუჩაზე, დაახლოებით ... ნომერთან, შეამჩნია, რომ ქუჩაზე მიდიოდნენ ქალი, მამაკაცი და დაახლოებით 3 წლის ბავშვი. მამაკაცს ბავშვი ჰყავდა ხელში აყვანილი. ავტომობილით ჩავლისას მან გაიგონა, რომ მამაკაცი, სავარაუდოდ, უყვიროდა ბავშვს, რომელიც ხელში ეჭირა. მოწმის ჩვენებით, მან დაახლოებით 150-200 მეტრში გააჩერა ავტომობილი და ამ პირებს დაუწყო ყურება, რადგან აინტერესებდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ცოტა ხანში ისინი კვლავ მიუახლოვდნენ გ. მ-ს ავტომობილს და დაახლოებით 4-5 მეტრში დაინახა, რომ მამაკაცმა ბავშვი ძირს ჩამოსვა, მარჯვენა ხელი მოჰკიდა მარცხენა ხელში, გასწია წინ და უკანა მხარეს მარჯვენა ფეხი ისეთი სიძლიერით ამოარტყა, რომ ბავშვი ჰაერში ,,აიწია“. აღნიშნულის შემდეგ ისევ ხელით დაიმორჩილა, რის გამოც იგი აღარ წაქცეულა. ამის შემდეგ მამაკაცმა ქალბატონს გადასცა ბავშვი, რომელიც სიმწრისგან ტიროდა. მან დარეკა 112-ში მომხდარი ფაქტის დაფიქსირების მიზნით.

9. მოწმე ბ. ნ-ს ჩვენებით, მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის განყოფილებაში, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის ბავშვთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი, მინდობით აღზრდა, რეინტეგრაცია, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებზე ზრუნვა და მათი მონიტორინგი. 2022 წლის 4 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოდან შემოსული მომართვის წერილის საფუძველზე, საპროცესო წარმომადგენლობა განახორციელა არასრულწლოვან, 2018 წელს დაბადებულ ზ. დ-ე, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი მამობილის - ი. გ-ს მხრიდან და აღნიშნულ ფაქტზე არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც ზ. დ-ს ფიზიკური დაზიანებების დასადგენად გამომძიებელმა დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც თავადაც დაესწრო, როგორც ზ. დ-ს საპროცესო წარმომადგენელი. მოწმის ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობისას, ზ. დ-ს, გარდა ორივე ლოყასა და შუბლზე არსებული ხილული დაზიანებებისა, რომლებიც გამოხატულია სილურჯესა და სისხლჩაქცევებში, კიდევ შეამჩნია, რომ მრავლობითი სახის სხვადასხვა დაზიანება ჰქონდა სხეულზე, კერძოდ: ორივე მხარეს, დუნდულებზე და ორივე ფეხის ბარძაყებზე, საჯდომსა და სასქესო ორგანოზე - სილურჯეების, ნაკაწრებისა და ფუფხების სახით, რაც ექსპერტმა სრულად აღწერა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ზ. დ-ს სხეულზე შემჩნეულ სხვა დაზიანებებთან დაკავშირებით, გაესაუბრა ზ. დ-ს დედას, რომელსაც ჰკითხა, თუ საიდან ჰქონდა მის შვილს ასეთი დაზიანებები, რაზედაც დედამ უთხრა, რომ მისი მეუღლე ი. გ-ე დაახლოებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მის შვილზე - ზ. დ-ე, ძირითადად მაშინ, როდესაც იყო ნასვამი და ამის შედეგად ჰქონდა მას აღნიშნული დაზიანებები. კონკრეტულად, თუ რა ვითარებაში მიაყენა ი. გ-მ მის შვილს დაზიანებები, მ. ბ-ს არ უთქვამს.

10. მოწმის სახით დაკითხული მ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ჰყავს სამი წლის შვილი, ზ. დ-ი, რომელსაც აქვს გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება. დაქორწინების შემდგომ ი. გახდა აგრესიული ბავშვის მიმართ და მისგან მოითხოვს ისეთ რაღაცეებს, რაც მისი ასაკიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, არის შეუსაბამო. როდესაც ბავშვს სურდა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, არ იტყოდა და მაინც ჩაისვრიდა, ამის გამო ი. სცემდა, უფრო სწორედ, წამოარტყამდა საჯდომსა და თეძოებზე, ამას აკეთებდა ხელით და სხვა რაიმე საგანს ამ დროს არ იყენებდა. თავიდან ბავშვს სწყინდა ეს საქციელი და იბუტებოდა, თუმცა იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც ტიროდა. 2022 წლის 3 თებერვალს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ი.-ს მეგობართან წ-ს ქუჩაზე, საიდანაც ფეხით წამოვიდნენ გვიან ღამით. ი.-მ ბავშვს მოუწოდა სწრაფად ევლო და ფეხი ამოარტყა საჯდომზე, თუმცა ეს იყო ხუმრობით, რადგან ამაზე ბავშვს არ უტირია. აღნიშნული ფაქტი შენიშნა მისთვის უცნობმა, შემთხვევით გამვლელმა მოქალაქემ, რომელმაც გააჩერა მანქანა და აგრესიული ტონით ი.-ს მისცა შენიშვნა, ბავშვს როგორ ექცევიო. მოწმის ჩვენებით, თანაცხოვრების პერიოდში ი.-მ ბავშვის მიმართ წამოაყენა სხვადასხვა მოთხოვნა, რის შემდგომ იგი არის შეშინებული. მისი სახლში ყოფნის დროს აღარც საუბრობს და აღარც თამაშობს, ცდილობს ი.-ს დაემალოს და აღარ სურს მასთან ურთიერთობა. 2022 წლის 1 თებერვალს, სახლში ყოფნისას, მისაღებ ოთახში ი. ზ-ს ისევ გაუბრაზდა და მოარტყა საჯდომზე. შენიშვნის მიცემისას ი.-მ უპასუხა, რომ ,,მე მინდა კაცად გაიზარდოს და როდესაც გაიზრდება, მერე მადლობას მეტყვისო“. მოწმის განმარტებით, ი.-ს მხრიდან ზ.-დმი ასეთი დამოკიდებულება, აგრესია და ფიზიკური ძალადობა გრძელდება დაახლოებით ბოლო ერთი თვე.

11. შემაკავებელი ორდერის თანახმად, ის გამოიცა №1000402220001 საქმის ფარგლებში. ი. გ-ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; შეეზღუდა იარაღით სარგებლობაც. ძალადობის ფორმა - ფიზიკური, ფსიქოლოგიური.

12. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ი. გ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული. სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. გ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის შემცირება.

13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებისას, გარეგნულად ზ. დ-ს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, როგორც ცალ-ცალკე, იზოლირებულად აღებული, ასევე ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ნაჭდევები კისრისა და მარცხენა მტევნის მიდამოში, ასევე სისხლნაჟღენთები მარცხნივ, ყვრიმალისა და მარჯვენა დუნდულოს მიდამოში, ცენტრალურად ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით 3-7 დღისაა.

14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ზ. დ-ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მისი გონებრივი შესაძლებლობები შეესაბამება ასაკს. არასრულწლოვანი გამოსაკვლევი პირის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არ ფასდება ფსიქოლოგიურ ტანჯვად. არასრულწლოვანმა ზ. დ-ა მის მიმართ ჩადენილი ქმედების შედეგად არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ი. გ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

16. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი. გ-ს განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ი. გ-ს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი (მსჯავრდებული პირველადაა სამართალში; ამასთან გასათვალისწინებელია არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის მიყენებული ფიზიკური/მორალური ზიანი - ი. გ-ე არასრულწლოვან - 4 წლის გერზე სისტემატურად ძალადობდა, რაც გამოიხატებოდა საჯდომის მიდამოში ხელისა და ფეხის დარტყმაში, რამაც ტკივილთან ერთად, არასრულწლოვნის ტირილი და უკონტაქტობა გამოიწვია (ძალადობა ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ნებისმიერ ადამიანში, მითუფრო - არასრულწლოვანში და წარმოადგენს ბავშვის ნორმალური განვითარებისა და აღზრდის ხელშემშლელ წინაპირობას).

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

18. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი