საქმე # 080100122005601564
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1020აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ე ნ., 1020აპ-22 15 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განაჩენით:
1.1. ნ. ბ-ე, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ნ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 29 აპრილიდან
1.2. გაუქმდა ნ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და უნდა მოიხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს - 10000 ლარის უზრუნველსაყოფად მ. ბ-ს (პ/ნ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა, მდებარე ზ-ს რაიონის სოფელ ფ-ი, საკადასტრო კოდი №...
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 18 დეკემბერს, 09:24 საათზე, ზ-ი, დ. ა-ს ქუჩაზე, ნ. ბ-მ ,,მ-ს“ მოდელის ავტომობილით, სახ.№..., მოძრაობისას დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 - ,,მძღოლს ეკრძალება-სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით - შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“. 33.2 - ,,სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები, (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს“. 33.6 - „დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით“ მუხლებისა და ამავე კანონის დანართის 1.3 - ,,ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი ან ოთხზე მეტი ზოლი აქვს. 1.3 ,,ხაზის გადაკვეთა აკრძალულია“... პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე ქვეითად მოძრავ კ. ბ-ს, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ნ. ბ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. დ-მ საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ბ-ს დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა, ხოლო ალტერნატივის სახით - საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილის - პირობით ჩათვლა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - გ. კ-ს, ე. ჭ-ს, ზ. კ-ს, ბ. ს-ს, ვ. კ-ს, ნ. ჭ-ს, თ. ბ-ს, ა. ა-ს, ლ. ბ-ს, შ. კ-ს, შ. ხ-ს, კ. კ-ს, ა. ჯ-ს, შ. შ-ს, მ. ძ-ს, ც. გ-ს, ც. მ-ს, გ. გ-ს, გ. ხ-ს, ზ. გ-ა და ე. კ-ს გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; დათვალიერების ოქმებით; ნიმუშის აღების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით; ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით; ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.
7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ნ. ბ-ა და მისი ადვოკატის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მის შემსუბუქებასთან.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ნ. ბ-ს განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.
11. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. ბ-ს სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, პირველადაა სამართალში, საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ასევე ის, რომ ნ. ბ-ს მიერ ჩადენილ ქმედებას მოჰყვა ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა; დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია, რომელმაც ითხოვა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სასჯელის გამოყენება, რისი გათვალისწინებითაც, მსჯავრდებულს შეუფარდა ისეთი სასჯელი, რომელიც სამართლიანია და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი