Facebook Twitter

საქმე # 340100120003860227

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1037აპ-22 ქ. თბილისი

მ-ი ზ. 1037აპ-22 19 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მაისს, - ბრალად ედება საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა; საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ზ. მ-ა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62X39 მმ კალიბრიანი, სამხედრო სპეცდანიშნულების 12 ცალი ე.წ. „მგეზავი“ ვაზნა, ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62X39 მმ კალიბრიანი, სამხედრო დანიშნულების სტანდარტული ფოლადისგულიანი 7 ცალი ვაზნა და „Ф-1“ ტიპის საბრძოლო ხელყუმბარა, რომლებსაც 2020 წლის 4 ივნისს, დანაშაულში მხილებამდე, უკანონოდ ინახავდა.

· 2020 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ზ. მ-ა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული, ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62X39 მმ კალიბრიანი, სამხედრო სპეცდანიშნულების 12 ცალი ე.წ „მგეზავი“ ვაზნა, ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62X39 მმ კალიბრიანი, სამხედრო დანიშნულების სტანდარტული ფოლადისგულიანი 7 ცალი ვაზნა და „Ф-1“ ტიპის საბრძოლო ხელყუმბარა „ჰონდა ფიტის“ მარკის (სახ.№BU-484-UB) ავტომანქანით, რომელსაც ნ. ხ-ი მართავდა, მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდა ქ. თ-ნ გ-ს მუნიციპალიტეტში, რა დროსაც სოფელ ჩ-ი გამავალ ა-ა-თ-ი-ბ-ს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას, ამხილეს შსს გ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით:

2.1. ზ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე.

2.2. ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ზ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 30 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 4 ივნისიდან 2021 წლის 4 თებერვლის ჩათვლით.

2.3. ზ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ნ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 2021 წლის 22 თებრვალს გადახდილი თანხა - 3000 ლარი (სისხლის სამართლის საქმე №023040620003).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ზ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე.

3.3. ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 30 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 4 ივნისიდან 2021 წლის 4 თებერვლის ჩათვლით.

3.4. ზ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ნ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 2021 წლის 22 თებერვალს გადახდილი თანხა - 3000 ლარი (სისხლის სამართლის საქმე №023040620003).

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ტ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ზ. მ-ს შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება, ხოლო დანარჩენ ნაწილში - გამართლება.

4.1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შალვა ნიკვაშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ნივთმტკიცებებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის №... დასკვნით, პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

7. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ზ. მ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, თუმცა საკასაციო საჩივარში არაა მითითებული იმ რელევანტურ სამართლებრივ არგუმენტებზე, რაზე დაყრდნობითაც ადვოკატი გ. ტ-ი ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, კერძოდ:

8.1. ზ. მ-ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მას ზურგზე მოკიდებულ ჩანთაში აღმოაჩნდა შემდეგი სახეობისა და რაოდენობის ნივთები: 19 ცალი ვაზნა, 5 ცალი 12-კალიბრიანი ვაზნა, 6 ცალი დანა, 1 ცალი კასტეტი, 1 ცალი ფრჩხილების საჭრელი, 1 ცალი მცირე ზომის მეტალის ნივთი, 2 ცალი საფულე, 1 ცალი სანთებელა, 2 ცალი ნიღაბი, 2 ცალი ხელთათმანი, 1 ცალი ბინოკლი, 4 ფირფიტა ტაბლეტები, 2 ცალი ფლაკონი, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, 1 ცალი ხელყუმბარა თავისი დეტონატორით. ასევე ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ავტომანქანა „ჰ-ს“ (სახელმწიფო ნომრით -...) ჩხრეკისას, რომლითაც შემთხვევის დღეს გადაადგილდებოდა ზ. მ-ი, ავტომანქანის უკანა, მარცხენა სავარძელთან, ფეხების დასადებ ლანჩზე, ვერტიკალურად იდო ერთლულიანი, მოკლელულიანი სანადირო თოფი, რომელსაც მექანიკური ზემოქმედების შედეგად, წაშლილი ჰქონდა ნომერი. ამოღებულ ნივთებზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის №... დასკვნით დადგინდა, რომ ზ. მ-ს ზურგჩანთიდან ამოღებული 12 ცალი ვაზნა ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ასევე 7 ცალი ვაზნა ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

8.2. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ 2020 წლის 4 ივნისს ზ. მ-ნ ერთად მყოფი პირები: ბ. ს-ი, ნ. ხ-ი და თ. უ-ი.

8.3. მოწმე ნ. ხ-ა მიუთითა, რომ 2020 წლი 4 ივნისს შეხვდა ზ. მ-ს ქ. თ-ი, „ნ-ის“ ტერიტორიაზე. თვითონ იმყოფებოდა ავტომობილით. ზ.-ს ჰქონდა ჩანთა, რომელშიც პირადი ნივთები ელაგა. ჩანთა ჯერ ზ.-ს ეჭირა, მერე დადეს უკანა სავარძელზე და წავიდნენ შ-ი - თ. უ-ს ოჯახში. იქ დახვდათ თ. და ბ. შემდგომ წამოვიდნენ გ-ს მიმართულებით. წინ, მძღოლის გვერდით, იჯდა თ. უ-ი, უკან კი ისხდნენ ზ. მ-ი და ბ. ს-ი. გზაში გაჩერდნენ რამდენჯერმე, მათ შორის ვ-ი, რა დროსაც ზ. მ-ი გადავიდა მანქანიდან, მალევე დაბრუნდა, ახადა მანქანის საბარგული და შემდეგ დააფარა. როგორც ახსოვს, მას ეჭირა რაღაც, რაც ნაჭერი უნდა ყოფილიყო. რა ჩადო, არ დაუნახავს. ჩ-ი გააჩერა პოლიციამ, რა დროსაც ზ.-მ დაიძახა -,,გამიჩალიჩესო“. ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს ვაზნები, იარაღი და სანადირო თოფი. მოწმის განმარტებით, ზ. მ-ს თან ჰქონდა ,,რუგზაკი“ და ,,სუმკა“. ,,რუგზაკი“ საბარგულში გადადებული დახვდა.

8.4. მოწმე თ. უ-ა განმარტა, რომ 2020 წლის 4 ივნისს ზ. მასთან მივიდა სახლში, რა დროსაც თან ჰქონდა ჩანთა. რა იდო მასში, მოწმემ არ იცის. ზ.-ს დაპატიჟებით წავიდნენ გ-ი. მგზავრობისას, ზ. მ-ს მოთხოვნით, ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ავტომობილი გააჩერეს სოფელ ვ-ი და ზ. წავიდა ხევისკენ. გაჩერებასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ ვინაიდან მანამდეც იყვნენ გაჩერებულები, უსაყვედურა კიდეც ზ.-ს. მას შემდეგ, რაც ზ. ხევიდან დაბრუნდა, მან საბარგულს ახადა და დააფარა. არ დაუნახავს, რა ჩადო საბარგულში. გზაში დაეწიათ პოლიცია და მოითხოვეს ავტომანქანის შეჩერება. აღნიშნულზე ზ.-მ განმარტა, რომ ,,გაუჩალიჩეს“.

8.5. მოწმე ბ. ს-ც განმარტა, რომ იმყოფებოდა თ. უ-ს სახლში, რა დროსაც მივიდა ზ. მ-ი და წამოვიდნენ გ-ი. მგზავრობისას გაჩერდნენ რამდენჯერმე, ერთხელ ზ.-ც გადავიდა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. როდესაც უკან დაბრუნდა, ხელში ეჭირა შავი ფერის მატერია. შემდეგ მანქანის საბარგული ახადა, ხელები დაიბანა და ისევ დააფარა. იგი პოლიციამ დააკავა გ-ს რაიონის სოფელ ჩ-ი. როგორც გაიგო, ზ.-ს სანადირო იარაღი ამოუღეს.

9. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. მ-ნ ერთად, 2020 წლის 4 ივნისს მყოფი სამივე მოწმე ადასტურებს, რომ მითითებულ დღეს ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ თ-ნ გ-ს მიმართულებით. გ-ი მიდიოდნენ ზ. მ-ს ინიციატივით. ასევე აღნიშნული პირების ჩვენებით ცალსახად დგინდება, რომ ზ. მ-ს თ-ი, მანქანაში ჩაჯდომისთანავე ჰქონდა ზურგჩანთა, რომლიდანაც შემდგომში პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს კანონსაწინააღმდეგო ნივთები. ასევე აღსანიშნავია, რომ მოწმე თ. უ-ა განმარტა, რომ არ იცოდა, თუ რა ედო ჩანთაში ზ. მ-ს. რაც შეეხება ნ. -ს, მან მიუთითა, რომ ზ.-ს ჩანთაში ელაგა პირადი ნივთები.

10. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მან გზად შემთხვევით იპოვა აღნიშნული ნივთები, მოეწონა, აიღო და წამოიღო. საკასაციო პალატა, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მხედველობაში იღებს ზ. მ-ს ქცევას პოლიციის მიერ ავტომანქანის შეჩერებისას და განმარტებას ,,გამიჩალიჩეს“, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მისი პოზიციის (ნივთები იპოვა და ქმედების მნიშვნელობას ვერ მიხვდა) არადამაჯერებლობაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი განმარტება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებიდან.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამართლებრივ მოტივაციას, რომლის თანახმადაც, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა ზ. მ-ს ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვაში.

12. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ. მ-ს განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (პირველადაა სამართალში, ხასაითდება დადებითად, ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებების ნაწილი მიიჩნია უდავოდ) და მსჯავრდებულ ზ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა მინიმალური სასჯელი.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

14. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი