საქმე # 160100122005371634
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1050აპ-22 ქ. თბილისი
ქ-ი ვ, 1050აპ-22 15 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აგვისტოს განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განაჩენით:
1.1. ვ. ქ-ი, - დაბადებული .... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის ოქტომბრის შუა რიცხვების ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის ოქტომბრის ბოლო რიცხვების ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების საფუძველზე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისა (2021 წლის ოქტომბრის შუა რიცხვების ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2021 წლის ოქტომბრის ბოლო რიცხვების ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ვ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.
1.2. ვ. ქ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ქ-ა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, შუადღის საათებში, დ-ის რაიონის სოფელ გ-ის დასაწყისში მდებარე მინდვრებიდან, სოფელ გ-ა და სოფელ შ-ის შუაში არსებული მინდვრიდან, ასევე სოფელ ტ-ა და სოფელ ყ-ის მიმდებარედ არსებული ტერიტორიიდან ვ. ქ-ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს „ს-ის“ კუთვნილ 50 ცალ გიდრანტს თავისი მოწყობილობით, რითაც შპს „ს-ს“ მიადგა 6900 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, შუადღის საათებში, დ-ის რაიონის სოფელ დიდ დ-ა და სოფელ ვ-ის მიმდებარედ არსებული მინდვრებიდან, ასევე სოფელ ვ-ან მდებარე მეფრინველეობის ფერმის მიმდებარე ტერიტორიიდან ვ. ქ-ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს „ს-იის“ კუთვნილ 30 ცალ გიდრანტს თავისი მოწყობილობით, რითაც შპს „ს-ას“ მიადგა 4140 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, დილის საათებში, დ-ის რაიონის სოფელ ტ-ა და სოფელ ვ-ის მიმდებარედ არსებული ნაკვეთებიდან, ვ. ქ-ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს „ს-ის“ კუთვნილ 30 ცალ გიდრანტს თავისი მოწყობილობით, რითაც შპს „ს-ას“ მიადგა 4140 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აგვისტოს განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ. ქ-ის უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის შეფარდება, რაც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის მოხდასთან.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ ვ. ქ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულის წარმომადგენლის - ტ. გ-ა და მოწმეების - ლ. ც-ს, ბ. ა-ის, დ. გ-ის, ნ. ი-ის, მ. ყ-ის, ჯ. ა-ის, ლ. ტ-ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მასზე დართული ფოტოსურათებით, აუდიტორული დასკვნით, ჩხრეკის ოქმებით, დათვალიერების ოქმებითა და მათზე დართული ფოტოსურათებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და მასზე დართული ფოტოსურათებით, ამოცნობის ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორმა ნინო პაპაშვილმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ ვ. ქ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. ქ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
11. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. ქ-ს სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნება, პირადი და ეკონომიკური პირობები (ვ. ქ-ი არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი; ასევე მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია), მსჯავრდებულის კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, მათ შორის ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს (უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), მის მისწრაფებაა, აანაზღაუროს ზიანი (ჰქონდა მიყენებული ზიანის ეტაპობრივად ანაზღაურების მცდელობა), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე), რომელიც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით. ამდენად, აღნიშნული სასჯელი კანონიერია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
12. სახელმწიფო ბრალმდებელი მსჯავრდებულ ვ. ქ-ის შეფარდებული სასჯელის დამძიმების მოთხოვნისას საკასაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მას არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი ვერ გახდება სასჯელის დამძიმებისათვის გადამწყვეტი არგუმენტი იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულ მხარეს ზიანის ანაზღაურების მოტივით შეუძლია სასამართლოს მიმართოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ანაზღაურებული ზიანი შესაძლებელია, გახდეს მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქების წინაპირობა, თუმცა დამძიმებისათვის უპირობო არგუმენტად ვერ განიხილება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი