საქმე # 190100121005097391
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1052აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ე გ., 1052აპ-22 19 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანისა და მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ბ-ს, - დაბადებულს … წლის … ნოემბერს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 00:15 საათზე, ქ.რ-ი, მ-ს მე-… გასასვლელში მდებარე სუპერმარკეტ ,,ს-ს‘‘ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ბ-მ ყოფილ მეუღლეს - მ. ყ-ს, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის, 2020 წლის 23 ივნისს დაბადებულ ს. ბ-ს თანდასწრებით, იმის გამო, რომ მ. ყ-ი არ ასრულებდა მის მოთხოვნას და თავის 9 წლის შვილს არ მოიხსენიებდა უარყოფით კონტექსტში, მუშტი ოთხჯერ ჩაარტყა თავში და ხელი სამჯერ გაარტყა სახის არეში. გ. ბ-ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად მ. ყ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.რ-ი, მე-… მ/რ-ნში მდებარე …-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ბ-მ ყოფილ მეუღლეს - მ. ყ-ს, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის, 2020 წლის 23 ივნისს დაბადებულ ს. ბ-ს თანდასწრებით, იმის გამო, რომ საშუალებას არ აძლევდა, ჩაერტყა მცირე ზომის ლითონის ნაჯახი და, სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, ტიროდა, მარცხენა მაჯის მიდამოში უკბინა, ასევე, მითითებული ნაჯახის უკანა, არამჭრელი მხარე დაარტყა შუბლის არეში, შემდეგ კი სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტები. გ. ბ-ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად მ. ყ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.რ-ი, მე-… მ/რ-ნში მდებარე …-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ბ-მ ყოფილ მეუღლეს - მ. ყ-ს უთხრა, რომ ,,მოკლავდა, თავში ჩაარტყამდა მცირე ზომის ლითონის ნაჯახს და გააფრთხობინებდა სულს“, რა დროსაც მ. ყ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენით:
2.1. გ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 11 სექტემბერი, 00:15 სთ. ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 11 სექტემბერი, 00:30 სთ. ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2.3. გ. ბ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენი.
3.2. გ. ბ-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი (ერთი ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილი.
3.3. გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათით.
3.4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ბ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 14 სექტემბრიდან იმავე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით და, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ მოსახდელად დარჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 55 საათით.
4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ. ბ-ს უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4.1. მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-ა შესაგებლით მოითხოვა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
4.2. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, გ. ბ-ს უდანაშაულოდ ცნობა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ თითქოსდა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ვინაიდან საქმეში მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის კანონიერების სტანდარტს, კერძოდ:
7. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ. ყ-ა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის - გ. ბ-ს წინააღმდეგ.
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა კი არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა მ. ყ-ა არათუ შეცვალა, არამედ ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, რაც უპირობოდ არ გულისხმობს გამოძიების მიმდინარეობისას საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის გამორიცხვას და დაუდასტურებლობას. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის დროს ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებსაც, რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით, მოძალადისადმი დამოკიდებულებით და სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით.
9. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან, მათ შორის, კონვენცია მოუწოდებს მხარეებს, მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
10. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2021 წლის 11 სექტემბრის №2405829 შეტყობინება, რომლის თანახმად, მ. ყ-ა განაცხადა, რომ 2021 წლის 10 სექტემბერს, ქ.რ-ი, მ-ს მე-… გასასვლელში, სუპერმარკეტ „ს-ნ“, ყოფილმა მეუღლემ - გ. ბ-მ, ავტომანქანაში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ბლაგვი საგნით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც.
11. საგამოძიებო ორგანოში დაზარალებულმა მ. ყ-ა განაცხადა წერილობითი თანხმობა, რათა მომხდარიყო მის სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში, ხილული დაზიანებების დაფიქსირება და აღწერა (ტ.1.ს.ფ.11). მ. ყ-ს დაზიანებების დაფიქსირების შესახებ ოქმის თანახმად, დეტექტივ გამომძიებელმა დ. ო-მ ასახა მის სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში, ხილული დაზიანებები: მარცხენა ხელის მაჯის მიდამოში, ზედა მხრიდან - დაზიანება, კერძოდ, კბილების მოჭერის შედეგად დატოვებული ნაჭდევები. მარცხენა მხარზე აღენიშნება სილურჯე, ცხვირზე - სილურჯე და სიწითლე, შუბლზე, მარჯვენა მხარეს - სილურჯე. მარცხენა წარბის ზემოთ - დაზიანებები ნაკაწრის სახით და სილურჯე. ამავე მხარეს, საფეთქელთან, აქვს სილურჯე.
12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №… დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით მ. ყ-ს აღენიშნება სისხლჩაქცევები - მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედის უკანა ზედაპირზე, მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე, ცხვირზე, მარცხენა თვალბუდეზე გადასვლით, შუბლზე, ორივე მხარეს. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად აღებული, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
13. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას მიაქცევს №… შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის შინაარსზე, რომელიც შედგენილია მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და მხარეებმა მიიჩნიეს უდავო მტკიცებულებად. შემაკავებელ ორდერზე დასმულია როგორც მსხვერპლის, ასევე, მოძალადის ხელმოწერები და აღნიშნულია, რომ 2021 წლის 11 სექტემბერს, ქ.რ-ი, მე-… მ/რ-ში მდებარე №… საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 00:15 საათიდან 02:00 საათის შუალედში, გ. ბ-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - მ. ყ-ს. მომხდარი კონფლიქტის დროს, მ.-ს თან ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი - ს. ბ-ე. დასახელებული შემაკავებელი ორდერის ოქმის შინაარსი შეეხება უშუალოდ მტკიცების საგანს, კერძოდ, მსხვერპლის მიერ აღნიშნულია, რომ მოძალადე 2021 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ფაქტის დროს ემუქრებოდა მოკვლით, რაც მან რეალურად აღიქვა. მანვე აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს მას ხელში ეკავა ნაჯახი და მას უღერებდა, ემუქრებოდა მოკვლით, რის შემდეგაც ნაჯახის არამჭრელი პირი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ერთგვაროვნად და სწორად ასახავენ მ. ყ-ე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებულ მთავარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე კანონიერი სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად.
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მოწმე რ. გ-ს გამოკითხვის ოქმზე, რომლის თანახმად, იგი არის მ. ყ-ს ბებია. მასთან ერთად ცხოვრობს შვილიშვილი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად. 2017 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე მ. ყ-ი დაქორწინებული იყო გ. ბ-ე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ საერთო შვილი - ს. ბ-ე. 2021 წლის აგვისტოში მ. და გ. დაშორდნენ. 2021 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, მ. და ბავშვი დაბრუნდნენ სახლში. მ.-მა სახლში შესვლისთანავე უთხრა: „ვაიმე, ბებო, მიშველე, მომკლა, აღარ შემიძლია, გამანადგურა“. მან ბავშვი გამოართვა, სახეზე შეხედვისას შეამჩნია, რომ მ.-ს ჰქონდა დაზიანებები. დამშვიდების შემდეგ ჰკითხა, თუ რა მოხდა, რაზეც მ.-მა უამბო მომხდარი. მოწმის ჩვენებით, შვილიშვილმა მას უთხრა, რომ გ.-მ მარჯვენა ხელის მუშტი ოთხჯერ ზედიზედ ჩაარტყა თავში, მერე ხელი სამჯერ შემოარტყა სახეში. შემდეგ გ.-მ მანქანა გააჩერა და უთხრა, რომ მოკლავდა და ამოიღო მცირე ზომის ნაჯახი, ასწია, მოუღერა მჭრელი მხრიდან და უთხრა, რომ სულს გააფრთხობინებდა, მოკლავდა, ხოლო თვითონ ბავშვთან ერთად წავიდოდა. შეშინებულმა მ.-მა ნაჯახიანი ხელი დაუჭირა და სთხოვდა, რომ გაჩერებულიყო და არ მოეკლა. ხელი რომ გაეთავისუფლებინა, მან მარცხენა ხელის მაჯის მიდამოში უკბინა და ეს ნაკბენი მ.-მა აჩვენა რ. გ-ს. შემდეგ უამბო, რომ ნაჯახი არამჭრელი მხრიდან ჩაარტყა მარცხენა მხარზე. მოწმე რ. გ-ა განმარტა, რომ ამ ადგილზეც ნახა სილურჯე. შემდეგ იგივე ნაჯახი უკანა მხრიდან ჩაურტყამს შუბლის არეში, სადაც, ასევე, ჰქონდა სილურჯე. მ.-ს სილურჯე ჰქონდა ცხვირზეც, რაზეც მან უთხრა, რომ ცხვირში მუშტი დაარტყა. ასევე, დაზიანებები აღენიშნებოდა მარცხენა თვალის ზემოთ, წარბთან და საფეთქელთან, რაზეც მ.-მა უთხრა, რომ ეს დაზიანებები მიაყენა გ.-მ ცემის შედეგად. რ. გ-ს განმარტებით, მ. იყო ძალიან განერვიულებული და დაბნეული. იმ საღამოს პოლიციის გამოძახებაზე უარი უთხრა, რადგან ძალიან ცუდად იყო, თუმცა განუმარტა, რომ დაისვენებდა და დილით თავად გამოიძახებდა პოლიციას.
16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია, დასახელებული მოწმე არ ყოფილა კონფლიქტის უშუალო თვითმხილველი და იგი მხოლოდ დაზარალებულის ნაამბობს გადმოსცემს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის გარემოება, როს დროის უმოკლეს ვადაში მან პირადად ნახა ყველა ის დაზიანება მ. ყ-ს სხეულზე, რაც გადმოცემულია დაზარალებულის დაზიანებების აღწერის ოქმში, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და შემაკავებელი ორდერის ოქმში.
17. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20).
18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ, მართალია, დაზარალებულ მ. ყ-ს მიერ განცდილი ტკივილისა და შიშის რეალურობის დადგენა შეუძლებელია თავად დაზარალებულის სასამართლო ჩვენებით, თუმცა საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები განსახილველი დანაშაულების ამ სავალდებულო ნიშნების ფაქტობრივად (ობიექტურად) დასადასტურებლად. კერძოდ, მოწმე რ. გ-ი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ფაქტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მისი შვილიშვილი იყო განერვიულებული და დაბნეული, აღენიშნებოდა დაზიანებები; შემაკავებელი ორდერის ოქმში (რომელიც დადასტურებულია დაზარალებულის ხელმოწერით) მითითებულია, რომ ნაჯახით დამუქრების დროს მას შეეშინდა და მუქარა აღიქვა რეალურად; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (რომლის შინაარსიც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მისმა ჩამტარებელმა პირმა) და დაზიანებების დათვალიერების ოქმით დადასტურებულია დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რომელთა აღწერილობა და ლოკალიზაცია სრულად არის თანხვდენილი ზემოთ მითითებულ მტკიცებულებებში გადმოცემულ გარემოებებთან. აღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ მიღებული დაზიანებები ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ადამიანში უდავოდ გამოიწვევდა ტკივილს (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №118აპ-20; 443აპ-20).
19. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ ოჯახური ძალადობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის - ფიზიკური ტკივილის განცდის - დადგენა შესაძლებელია როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე - საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება №443აპ-20).
20. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ. ყ-ს ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივად შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას და ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას) მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა სწორედ მისი პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის - რადიკალური შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
21. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კერძო (დახურულ) სივრცეში მტკიცებულებათა მოპოვება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს და ხშირად შეუძლებელიცაა, სწორედ ამიტომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე დაუშვებელია არსებული მტკიცებულებების რაიმე სახით კლასიფიკაცია, რაოდენობრივი შეფასება, წინასწარ იურიდიული ძალის განსაზღვრა და შინაარსის ინტერპრეტაცია. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებულად, აშკარად და დამაჯერებლად ადასტურებს მომხდარ ფაქტებს, ერთიანი ლოგიკური ჯაჭვით აღადგენს დანაშაულის ვითარებას და ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებაში.
22. ამდენად, დაცვის მხარის მოთხოვნა გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
23. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. სასამართლომ მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ქმედებების ჩადენის მოტივი და მიზანი (ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა და მუქარა), ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება (ჩადენილია ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე დანაშაულები), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ფიზიკური ძალადობა და მუქარა მუშტებისა და ნაჯახის გამოყენებით, ასევე, კბენით), ასევე ის გარემოება, რომ შეურიგდა დაზარალებულს და ცხოვრობენ ერთად, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლირებულად, რაც, ზოგადად, სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნების განხორციელებას.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანისა და მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი