Facebook Twitter

საქმე # 020100122005411568

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1088აპ-22 ქ. თბილისი

თ-ა ნ., 1088აპ-22 19 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განაჩენით:

1.1. ნ. თ-ა, - დაბადებული … წლის … ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ნ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 12 დეკემბრიდან.

1.2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ნ. თ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. თ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ნ. თ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2021 წლის 11 დეკემბერს, ზ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ-ი მდებარე რ-ს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ყოფნისას, პირადად, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა სროლისათვის ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ „MAKAROV CCCP’’ მოდელის, 9 მმ ნომინალურკალიბრიან, გლუვლულიან პისტოლეტს №28269 და 3 ცალ 9 მმ ნომინალურკალიბრიან ვაზნას, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.

· ნ. თ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2021 წლის 11 დეკემბერს, ზ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ-ი მდებარე რ-ს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ყოფნისას, პირადად, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა სროლისათვის ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ „MAKAROV CCCP’’ მოდელის, 9 მმ ნომინალურკალიბრიან გლუვლულიან პისტოლეტს №28269, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის და 3 ცალ 9 მმ ნომინალურკალიბრიან ვაზნას, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.

· ნ. თ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2021 წლის 11 დეკემბერს, ზ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ-ი მდებარე რ-ს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ყოფნისას, პირადად, უკანონოდ ინახავდა 0,00159 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“.

· ნ. თ-მ (დაუდგენელ დროსა და ვითარებაში) უკანონოდ შეიძინა და 2021 წლის 11 დეკემბრამდე ზ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ-ი მდებარე თავის საცხოვრებელი სახლში უკანონოდ ინახავდა 5,74 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,გამომშრალ მარიხუანას“.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა ნ. თ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განაჩენის გაუქმება, უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში - სასჯელის შემსუბუქება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ნ. თ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვის ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - რ. კ-ს, ლ. წ-ს, გ. რ-ს, ჯ. ზ-ს, ბ. თ-ს, ლ. თ-ს, გ. შ-ს, თ. ხ-ს, მ. თ-ს გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №… დასკვნით, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ ნ. თ-ს მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - გ. თ-ს, ი. ფ-ს, რ. კ-ს, ჯ. ზ-ს, ლ. წ-ს, გ. რ-ა და სხვათა ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის №… დასკვნა და სხვა მტკიცებულებები.

8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მათთვის წინასწარ მტკიცებულებითი წონის მინიჭება გაუმართლებელია. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული და სარწმუნო მტკიცების მთავარ საკითხთან დაკავშირებულ გარემოებებზე, კერძოდ: მოწმე პოლიციელების - რ. კ-ს, ჯ. ზ-ს, ლ. წ-ა და გ. რ-ს ჩვენებები, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში ამხელენ ნ. თ-ს, არის თანმიმდევრული, სარწმუნო და სრულად თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და არანაირი არსებითი წინააღმდეგობა მათ შორის არ არსებობს.

9. პოლიციელთა ჩვენებების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ხსენებული პირები სასამართლოში დაიკითხნენ მხარეთა მონაწილეობით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რა დროსაც თანმიმდევრულად და დამაჯერებლად გადმოსცემდნენ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემებს. მსჯავრდებულის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები პოლიციელების მიერ საქმის შედეგით დაინტერესებასთან დაკავშირებით, არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით და არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური ანალიზიდან.

10. მოწმეების - რ. კ-ს, ჯ. ზ-ს, ლ. წ-ა და გ. რ-ს ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ მ. კ-ს ჩვენებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ნ. თ-ს სამართალდამცავებმა პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს დაკავების ადგილზე - ზ-ს რაიონის სოფელ რ-ი მდებარე რ-ს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მისგან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი - „МАКАРОV ССР“ მოდელის პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - 3 ცალი 9 მმ ნომინალურკალიბრიანი ვაზნა, რომლებიც ადგილზე დაილუქა და ადგილზევე შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი. მისი სისწორე ხელმოწერით დაადასტურა ნ. თ-მ. მანვე ოქმში შენიშვნის სახით აღნიშნა, რომ მისგან ამოღებული ნივთები მას ეკუთვნოდა. ამდენად, მსჯავრდებულის მტკიცება, რომ იგი სამართალდამცავებს არ გაუჩხრეკიათ და არც ჩხრეკის ოქმი შეუდგენიათ მისი დაკავების ადგილზე, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოუჩინეს, მას არ ეკუთვნოდა და პოლიციის თანამშრომლებმა ,,ჩაუდეს“, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ცალსახა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამართლებრივ მოტივაციას, რომლის თანახმადაც, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა ნ. თ-ს ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულებში და მას განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.

12. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

13. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

14. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი