Facebook Twitter

საქმე # 330100121004471637

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1154აპ-22 ქ. თბილისი

შ-ი მ, 1154აპ-22 15 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. შ-ს, - დაბადებულს .... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ იძულება - ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 1 თებერვლის დაახლოებით 21:00 საათიდან 2021 წლის 2 თებერვლის ჩათვლით, თ-ი, პ. გ-ის ქუჩა №...-ში, მ. შ-ა მეუღლეს - ი. შ-ს, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, იმის გამო, რომ არ მოეწონა მისი მაკიაჟი, უთხრა, რომ გამოიყურებოდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ი. შ-ს მოსტყდა კბილები, რის შემდეგაც უკბინა ხელზე, წააქცია და ფეხი დაარტყა მარჯვენა მენჯის არეში, შემდეგ კი მოქაჩა თმა და ცხვირის არეში დაარტყა მუშტი. მ. შ-ის ქმედების შედეგად ი. შ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ-ი, პ. გ-ის ქუჩა №...-ში, მ. შ-ა მეუღლეს - ი. შ-ს ზურგისა და თავის არეში დაარტყა მუშტი, რის გამოც ი. შ-ს მოსტყდა კბილი, შემდეგ კი ყელის არეში მოუჭირა ხელი. მ. შ-ის ქმედების შედეგად ი. შ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ-ი, პ. გ-ის ქუჩა №...-ში, მ. შ-ა მეუღლის - ი. შ-ის მიმართ ჩაიდინა ფსიქიკური იძულება და დაემუქრა, რომ თუ ფიზიკური ძალადობის შესახებ პოლიციაში განაცხადებდა, მოკლავდა, რის გამოც ი. შ-ა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება და განიცადა ფსიქიკური იძულება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენით:

2.1. მ. შ-ი საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. მ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და მ. შ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2021 წლის 4 თებერვლიდან იმავე წლის 30 მარტის ჩათვლით), ჩაეთვალა მოხდილად.

2.3. მ. შ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. შ-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 1 თებერვლის დაახლოებით 21:00 საათიდან 2021 წლის 2 თებერვლის ჩათვლით, თ-ი, პ. გ-ის ქუჩა №...-ში, მ. შ-ა მეუღლეს - ი. შ-ს, სახის და ტანის არეში დაარტყა ხელები და ფეხები, უკბინა ხელზე და მოქაჩა თმა. მ. შ-ის ქმედების შედეგად ი. შ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ-ი, პ. გ-ის ქუჩა №...-ში, მ. შ-ა მეუღლეს - ი. შ-ს ზურგისა და თავის არეში დაარტყა მუშტი, შემდეგ კი ყელის არეში მოუჭირა ხელი. მ. შ-ის ქმედების შედეგად ი. შ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენით:

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, მ. შ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5.1. მსჯავრდებულ მ. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ-ა შესაგებლით მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. მსჯავრდებულ მ. შ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი. შ-ა და მოწმე მ. ა-ს გამოკითხვის ოქმებით, ელსმენით შეტყობინების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

8. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მ. შ-ის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულშიც, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არც ძალადობის (2022 წლის 1 თებერვლის ეპიზოდში) გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა დასტურდება.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მ. შ-ის საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი ფიზიკური ძალადობისათვის სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით.

12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის განსაზღვრის ნაწილშიც. სასამართლომ მსჯავრდებულ მ. შ-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები (პირველადაა სამართალში; მსხვერპლი და მოძალადე ერთად აღარ ცხოვრობენ, დაზარალებული იმყოფება საზღვარგარეთ, სამი მცირეწლოვანი შვილის ერთადერთი აღმზრდელი ამ ეტაპზე თავადაა), რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლირებულად, რაც, ზოგადად, სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნების განხორციელებას.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი