საქმე # 330802222006530088
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№60I-22 ქ. თბილისი
ა-ი ე., 60I-22 19 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. ა-ს მიმართ ბ-ის სამეფოში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2017 წლის 9 იანვარს ბ-ს სამეფოს ანტვერპენის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით ე. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ბ-ს სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე და 196-ე მუხლებით (კომერციული, საბანკო ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი თაღლითური განზრახვით ან ზიანის მიყენების მიზნით) და 496-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (თაღლითობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ) ამავე კოდექსის 66-ე (დანაშაულის ამსრულებლობა) და 214-ე (ჯარიმის დანიშვნის წესი) მუხლებთან ერთობლივად და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 30 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ე. ა-ი ესწრებოდა სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვას.
2018 წლის 12 იანვარს ბ-ს სამეფოს ანტვერპენის საჯარო პროკურატურამ ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოსცა ე. ა-ს დაკავების შესახებ ბრძანება.
2021 წლის 22 ნოემბერს ე. ა-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის არხებით.
2. ე. ა-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2022 წლის 6 აგვისტოს ე. ა-ი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2022 წლის 8 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ე. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2022 წლის 22 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ე. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2022 წლის 8 აგვისტოს განჩინების შეცვლის თაობაზე.
2022 წლის 5 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ე. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე ბ-ს სამეფოს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2022 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ე. ა-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2023 წლის 6 თებერვლამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის თებერვალში ბ-ს სამეფოს ქ. ა-ი ე. ა-მ გაიცნო დაზარალებულები - დ. ქ-ი და გ. პ-ი, რომლებიც წარმოადგენდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ე. ა-მ მათ თავი გააცნო გ. კ-ს ფიქციური სახელით და განუცხადა, რომ თითქოს, იგი ქ. ა-ი ფლობდა რესტორანს. აღნიშნულის შემდეგ, მოცემულ პირთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ე. ა-მ დ. ქ-ს გაუფორმა სესხისა და ხსენებულ რესტორანში არსებული 50%-იანი წილის მისთვის გადაცემის შესახებ ფიქციური ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც 2012 წლის 2 მარტსა და 5 მარტს, მოტყუებით მიიღო 3 500 ევრო და 5 000 ევრო იმ პირობით, რომ იგი დროის განსაზღვრულ პერიოდში დააბრუნებდა 15 000 ევროს, თუმცა ე. ა-ს დადებული პირობა არ შეუსრულებია.
ასევე, 2012 წლის 9 მარტს ე. ა-მ დაზარალებულებისგან სესხის სახით მოტყუებით მიიღო 500 ევრო იმ საბაბით, რომ ავადმყოფი ბებიის სანახავად ესაჭიროებოდა ინგლისში გასამგზავრებელი ბილეთის შეძენა, ხოლო 2012 წლის 11 მარტს - 2 000 ევრო, ცხედრის დასაკრძალად. იმავე დღეს ე. ა-მ დაზარალებულებისგან დამატებით, მოტყუებით მიიღო 5 000 ევრო მისი თანაბრალდებული ძმის - ქ. ა-ს შვილის თითქოს, დასაკრძალად.
გარდა ამისა, ე. ა-მ ბოროტად ისარგებლა ზემოხსენებული დაზარალებულების ნდობით და დაარწმუნა, რომ თითქოს, მათ კუთვნილ სახლში საჭირო იყო აზბესტის საშიში ნივთიერების მოშორების სამუშაოების ჩატარება, რის საფუძველზეც 2012 წლის 19 მარტიდან 2012 წლის 14 ივნისამდე პერიოდში დაზარალებულებისგან მიიღო 19 215 ევრო, თუმცა მას დაპირებული სამუშაოები არ ჩაუტარებია.
შემდგომში დაზარალებულებმა ე. ა-ს ძმისგან მიიღეს ცრუ შეტყობინება გ. კ-ს (იგივე ე. ა-ს) ავარიაში გარდაცვალების შესახებ, რომელიც შეეცადა დაზარალებულებისგან დამატებით თანხის მოტყუებით დაუფლებას, თუმცა - უშედეგოდ.
ასევე, 2012 წლის 20 ივლისს დაზარალებულებმა მიიღეს ელექტრონული შეტყობინება, თითქოს, შვეიცარიის ბანკიდან, რომლითაც ეცნობათ, რომ მოცემულ ბანკში ე. ა-ს მიერ ჩარიცხული თანხის ანგარიშზე განბლოკვისა და ე. ა-ს მხრიდან მათ წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად საჭირო იყო გარკვეული თანხის გადარიცხვა, რის საფუძველზეც დაზარალებულებმა - დ. ქ-ა და გ. პ-ა, 2012 წლის 20 ივლისიდან 2012 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ე. ა-ს სასარგებლოდ გადარიცხეს 6 250 ევრო.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2012 წლის 3 ივლისსა და 17 ივლისს ბ-ს სამეფოს ქ. ა-ი, ე. ა-მ, ფიქციური სახელის გამოყენებით, დაზარალებულ ი. უ-ნ მოტყუებით ისესხა 3 800 ევრო, დაბრუნების პირობით და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მას.
აგრეთვე, ე. ა-მ ვებგვერდზე ,,t-e“ განათავსა ცრუ რეკლამა თითქოს, მობილური ტელეფონების რეალიზაციის შესახებ, რის საფუძველზეც 2012 წლის 5 დეკემბრიდან 2013 წლის 16 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ბ-იის სამეფოში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სამი დაზარალებულის კუთვნილ თანხას: 250 ევროს, 400 ევროსა და 2 300 ევროს.
4. 2022 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ა-ს ბ-ის სამეფოში ექსტრადიცია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ა-ს ბ-ის სამეფოში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით - ბ-ის სამეფოს ანტვერპენის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია ბ-ის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე და 196-ე მუხლებით (კომერციული, საბანკო ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი თაღლითური განზრახვით ან ზიანის მიყენების მიზნით) და 496-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (თაღლითობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ), ამავე კოდექსის 66-ე (დანაშაულის ამსრულებლობა) და 214-ე (ჯარიმის დანიშვნის წესი) მუხლებთან ერთობლივად.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ო-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმება.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, დაცვის მხარე არ ეთანხმება ე. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე მიღებულ განჩინებას იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსტრადიციას დაქვემდებრებულ დანაშაულებზე ვრცელდება საქართველოში 2012 წელსა და 2021 წელს გამოცემული ამნისტიის აქტები, რაც წარმოადგენს ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებას (სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად).
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ე. ა-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ ე. ა-ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ საქართველოში გამოცემულ ამნისტიის აქტებს გააჩნია რაიმე სახის ეფექტი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტაციას, ვინაიდან მოცემული დანაშაულები არ ექცევა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების იურისდიქციის ფარგლებში. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ ბ-ის სამეფოში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ მის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურებითაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ბ-ის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ა-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2022 წლის 6 აგვისტოს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ე. ა-ს ბ-ის სამეფოში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
5.2. მოცემულ შემთხვევაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული ქმედებებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ბ-ის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე და 196-ე მუხლებით (კომერციული, საბანკო ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი თაღლითური განზრახვით ან ზიანის მიყენების მიზნით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და 496-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (თაღლითობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ამავე კოდექსის 66-ე (დანაშაულის ამსრულებლობა) და 214-ე (ჯარიმის დანიშვნის წესი) მუხლებთან ერთობლივად. ამასთან, აღნიშნული დანაშაულებისათვის ე. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 თვით; ხოლო აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებების საქართველოს იურისდიქციაში ჩადენის შემთხვევაში ისინი, სულ მცირე, დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.3. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ა-ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე - ბ-ის სამეფოს კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ე. ა-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი თ-ის რესპუბლიკისა და ბ-ის სამეფოს მოქალაქეა.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. ბ-ის სამეფოს შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებით არ იკვეთება რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცესუალური დარღვევა, რაც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ბ-ის სამეფოში ე. ა-ს მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ე. ა-ს ბ-ის სამეფოში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადებიც („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი).
8.2. ამ შემთხვევაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა, ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, შეფასდეს ექსტრადიციის თხოვნის გამომგზავნი ქვეყნის კანონმდებლობაც.
8.3. ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულები შეესაბამება მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს, ხოლო 6 წელში - ნაკლებად მძიმე დანაშაულისას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ბ-ის სამეფოში ე. ა-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მიღებულია 2017 წლის 9 იანვარს, ხოლო 2018 წლიდან იგი იძებნება ბ-ის სამეფოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ.
ბ-ის სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ბ-ის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ამოიწურება 2026 წლის 10 თებერვალს.
8.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნ - ბ-ის სამეფოს (მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე), ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
9.2. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“.
9.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ე. ა-ი არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით. მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისათვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით არ მიუმართავს.
10. ამნისტია:
10.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
10.2. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას - საქართველოში გამოცემული ამნისტიის აქტების ე. ა-ს მიმართ გამოყენების თაობაზე, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
11. შეწყალება:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
11.2. წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
12. პრინციპი ,,Non bis in idem“:
12.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
12.2. ე. ა-ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,non bis in idem“ პრინციპის დარღვევა.
13. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
13.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
13.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
13.3. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
13.4. საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, მიუთითებდეს, რომ ე. ა-ი ბ-იის სამეფოში იდევნება რაიმე ნიშნით ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ანდა სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. ამასთან, არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ ე. ა-ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ბ-იის სამეფოს შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარე არ მიუთითებს რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რის საფუძველზეც არაჰიპოთეტურად იქნებოდა მიჩნეული მისი რომელიმე უფლების შელახვის საფრთხე.
14. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
14.1. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).
14.2. ე. ა-ს ბ-ის სამეფოში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, ვინაიდან მას არ აქვს საქართველოში ცხოვრების გამოცდილება.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი