Facebook Twitter

საქმე # 330100121005024080

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№967აპ-22 30 ნოემბერი, 2022 წელი

დ. რ-, 967აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. დ--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით:

რ. დ-, - დაბადებული --- წლის 7 იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთიდან და ჯარიმა - 3000 ლარიდან, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე რ. დ–ს 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები - აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები.

რ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 3 ივლისიდან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:

2021 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ–ი, ქ-ს ქუჩის №--, ბინა №--ში, რ. დ–მა მასთან მუდმივად მცხოვრებ ბიძას - რ. დ–ს დანის გამოყენებით მიაყენა ერთი ჭრილობა გულმკერდის არეში.

ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად რ. დ–მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენით:

მსჯავრდებულ რ. დ--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ რ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ფ-ა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის გაუქმება და რ. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. საკასაციო საჩივრის თანახმად, რ. დ. მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაზარალებულის ფიზიკური მონაცემები, რაც მის უპირატესობაზე მიანიშნებს, აგრეთვე ის ფაქტი, რომ იგი იქცეოდა აგრესიულად და ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული; ამასთან, რ. დ. მთელი სხეულით აწვებოდა რ. დ-ს, მაშინ, როდესაც მსჯავრდებული იატაკზე იწვა ზურგით და წამოდგომის საშუალება არ ჰქონდა, თანაც მას ემუქრებოდნენ მოკვლით. სასამართლო სხდომაზე რ. დ–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. ამავე დროს იგი არცერთ ეტაპზე არ უარყოფდა, რომ შემთხვევის დღეს დანა თავდაცვის მიზნით გამოიყენა და არ გააჩნდა განზრახვა, თავს დასხმოდა რ. დ-ს. მოწმე ე. დ-ს ჩვენების გულწრფელობაში დაცვის მხარეს ეჭვი არ შეუტანია, მაგრამ მიაჩნია, რომ მისი ჩვენება არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან მოწმე უშუალოდ დაჭრის ფაქტს არ შესწრებია.

6. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

2. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მართებულად მიიჩნია, რომ რ. დ. რ. დ-სათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების დროს არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა რ. დ-მა ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ ცხოვრობს ოჯახის წევრებთან, მათ შორის ძმისშვილ რ. დ-თან ერთად. 2021 წლის 2 ივლისს, სამუშაოს დასრულების შემდეგ, სამზარეულო ოთახში მიიღო ალკოჰოლური სასმელი. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ გ. და რ. დ–ები. არაყთან დაკავშირებით რ. დ–თან სამზარეულოში მცირედ შელაპარაკდა. დაეჭიდნენ ერთმანეთს და მოულოდნელად, ბრალდებულთან ერთად, ძირს დავარდა. ამ დროს სამზარეულოს დანით დაჭრა რ. დ-მა. ნასვამი იყო და დეტალები ზუსტად არ ახსოვს. ჭრილობიდან სისხლი წამოუვიდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. რ. დ-სთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა გამოკითხვისას გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე. მისი განმარტებით, 2021 წლის 2 ივლისს შევიდა სამზარეულო ოთახში, სადაც იმყოფებოდა რ. დ. აიღო არყის ბოთლი, რომელიც აღმოჩნდა ცარიელი. სახლიდან წასვლამდე არყის ბოთლი სავსე დატოვა. რ. დ–ს ჰკითხა, რატომ გადაღვარა არაყი. ბრალდებულმა უპასუხა, რომ მას არ გადაუქცევია და საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა. რ. დ–ს შეაგინა და ხელი დაარტყა კისრის არეში. ბრალდებულმა ჰკრა ხელი და დავარდა ძირს. ამ დროს გადმოცვივდა სამზარეულოს ნივთები, მათ შორის - დანა. რ. დ–მა დავარდნილი დანა აიღო, მოუქნია და დაარტყა მუცლის მარცხენა მხარეს. ამ დროს იგრძნო ძლიერი ტკივილი და მუცლიდან წამოუვიდა სისხლი. ბრალდებულს უყვიროდა, თუ რატომ დაარტყა დანა. ამ დროს ოთახში შევიდნენ მამამისი, ე. დ- და ძმისშვილი, გ. დ. აიღო დანა და გაბრაზებული გაეკიდა რ. დ–ს. ვინაიდან დაჭრილი იყო, გაჩერდა ეზოში და დაელოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას.

მოწმე ე. დ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 2 ივლისს სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც გაიგონა ხმაური. შევიდა სამზარეულო ოთახში, სადაც დაინახა ძირს დაწოლილი რ. დ. მას ზევიდან ეწვა დაზარალებული. ასწია რ. დ, რა დროსაც დაინახა, რომ მუცელში, მარცხენა მხარეს, იყო დაჭრილი. ამ დროს ბრალდებული გაიქცა, ხოლო დაზარალებული გაეკიდა გინებით და გაჩერება მოსთხოვა. რ. დ. დაბრუნდა ოთახში, ხოლო რ. დ. გაიქცა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელიც მალევე მოვიდა. მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას, დაზარალებული უკვე დაჭრილი იყო. რ. დ–ს ხელში დასაკეცი დანა ეჭირა, რომელსაც საოჯახო დანიშნულებით იყენებდნენ. დანის დარტყმა ნამდვილად არ დაუნახავს. დაზარალებული ზემოდან ეწვა ბრალდებულს და მთელი სხეულით იყო გადაფარებული. კიბეზე შეამჩნია სისხლის კვალი. კონფლიქტის მიზეზი იყო ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ბრალდებულმა დამალა. რ. დ. ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს, თუმცა აგრესიული არ არის და არ ჩხუბობს, უბრალოდ, ბევრს საუბრობს. დაზარალებული ფიქრობდა, რომ არაყი ბრალდებულმა დაუმალა და კონფლიქტი ამას მოჰყვა. როდესაც რ. დ–ს ჰკითხა, დანა რატომ დაარტყა ბიძას, ბრალდებულმა უპასუხა, რომ დაზარალებული აწვალებდა და სწორედ ამიტომ დაარტყა დანა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, რ. დ. კლინიკაში მოთავსდა 2021 წლის 2 ივლისს (ე.ი შემთხვევის დღეს), 15:16 საათზე და გაეწერა იმავე დღეს. რ. დ-–ს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის წინა, მარცხენა კედელზე, ლავიწშუა ხაზზე, მე-9 ნეკნთაშუა სივრცეში, კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დაზიანებით. დაზიანება (ჭრილობა) განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ. ჯ-მ.

მოწმე გ. დ-მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ისარგებლა საქართველოს საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

ბრალდებულმა რ. დ-მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. დანა თავის დაცვის მიზნით დაარტყა დაზარალებულს, რომელმაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და წააქცია (ზურგით დაეცა). რ. დ. მას ,,ძალიან უჭერდა ყელში“ და იძულებული გახდა, დანა დაერტყა მისთვის.

საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, მათ შორის - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და ვიზუალური დათვალიერების ოქმს.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ფაქტი, რომ დაზარალებულმა გულმკერდის არეში ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება რ. დ-ს ქმედების შედეგად მიიღო, დადასტურებულია როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (მოცემულს სადავოდ არ ხდის არც თავად დაცვის მხარე). რაც შეეხება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ ერთ-ერთ გარემოებას - აუცილებელ მოგერიებას, ხსენებულს არ ადასტურებს წარმოდგენილი საქმის მასალები, კერძოდ:

მოცემულ ვითარებაში საკასაციო სასამართლო დეტალურად აფასებს დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ჩვენებებს, აგრეთვე - მათი სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, მიყენებული დაზიანების ლოკალიზაციასა და მოწმე ე. დ-ს ჩვენებას. რ. დ-ს მითითება, რომ დანა თავის დაცვის მიზნით დაარტყა დაზარალებულს, ვინაიდან იგი მას ფიზიკურად შეურაცხყოფდა, მათ შორის ,,ძალიან უჭერდა ყელში“ და უჭირდა სუნთქვა, არ არის დადასტურებული სხვა არცერთი მტკიცებულებით. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ვიზუალური დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმადაც, რ. დ–ს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება, გარდა მარცხენა და მარჯვენა მუხლზე არსებული ნაკაწრებისა, რაზედაც მან განმარტა, რომ იგი მიიღო დაკავებამდე.

რაც შეეხება ყელის (მითუმეტეს, რომ რ. დ-ს ჩვენებით, მას იმდენად უჭერდა რ. დ, რომ სუნთქვა უჭირდა) და თავის არეებს (აღნიშნულზეც მიუთითებს ჩვენებაში რ. დ), მათზე რაიმე სახის დაზიანების კვალის დამადასტურებელი მასალა სასამართლოს არ გააჩნია.

მოცემული გარემოების პარალელურად, საკასაციო სასამართლო აფასებს რ. დ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და თავად დაზარალებულის ჩვენებას, სადაც იგი მიუთითებს ალკოჰოლის დამალვაზე, რ. დ-–თან შელაპარაკებასა და მუცელში მისთვის დანის დარტყმის ფაქტზე.

მოწმე ე. დ-ს ჩვენება არ ეწინააღმდეგება დაზარალებულის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას - რ. დ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასთან მიმართებით და მიაჩნია, რომ არ არსებობს მასში ცვლილების შეტანის რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი.

3. რაც შეეხება რ. დ-სათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან/მტკიცებულებებიდან გამომდინარე, იგი ზედმეტად მკაცრია და უნდა შემსუბუქდეს.

4. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც: ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (დანაშაულის ჩადენის დროს, 2021 წლის 2 ივლისს მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამავდროულად, მოცემულ საქმეში საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის ფაქტს, რა დროსაც პალატა შეზღუდული არ არის, გამოიყენოს როგორც ნაწილობრივი, თუ სრული შეკრების, ისე - სასჯელის მოუხდელი ნაწილის სრულად შთანთქმის პრინციპი.

6. განსახილველი საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების, განხორციელებული ქმედების სახისა და ხერხის, ნასამართლობის, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისა და მიყენებული დაზიანების მსუბუქი ხარისხის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია რ. დ-სათვის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა (რომელიც არ წარმოადგენს ამ დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომის მინიმუმს); თუმცა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის დამატება აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს. ამავდროულად, არც სააპელაციო სასამართლოს მიუთითებია რაიმე დამატებითი სახის არგუმენტებზე მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. დ-სათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რასაც დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი ნაწილიდან - 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 2 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - არის სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების პროპორციული, რომლითაც შესაძლებელი იქნება კანონით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევა.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი რ. დ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

რ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 1 (ერთი) თვით; საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, რ. დ-ს 2 (ორი) წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება;

3. რ. დ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 3 ივლისიდან;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი