საქმე # 330100122005600053
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №979აპ-22 ქ. თბილისი
ჭ. ვ. 979აპ-22 23 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ჭ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ძალადობა, ე.ი. სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით;
1.2. იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.3. მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.4. მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ჭ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის 2 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ვ. ჭ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ ნ. შ. იყო ქალი, უნდა დამორჩილებოდა მის ყველა მითითებას, მისი შეხედულებისამებრ ჩაეცვა, გამოეყენებინა კოსმეტიკური საშუალებები და ყველა ქმედება მასთან შეეთანხმებინა, აღნიშნული მითითებების, შენიშვნებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ სისტემატურად ძალადობდა ნ. შ-ზე, მათ შორის:
2022 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ნ. შ. და ვ. ჭ. გადაადგილდებოდნენ ნ. შ-ს კუთვნილი ,,BMW-ს“ ფირმის ავტომანქანით თ-ში, დ. დ-ში, პ. ი-ს ქუჩაზე, რა დროსაც ვ. ჭ. გახდა აგრესიული, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ნ. შ-ს, კერძოდ, ორივე ხელი დაარტყა თავში, მუშტი - სახეში და ორივე ხელი წაუჭირა ყელში, ასევე სხეულის სხვადასხვა მიდამოში ურტყამდა მუშტებს. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2022 წლის 1 თებერვალს, თ-ში, დ. დ-ში, მ. მ-ს ქუჩა N.., ბინა N..-ში, ვ. ჭ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ნ. შ-ს, კერძოდ, სიტყვიერი უთანხმოებისას მუშტი დაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2021 წლის დეკემბერში, თ-ში, დ. დ-ში, მ. მ-ს ქუჩა N.., ბინა N..-ში, ვ. ჭ. იმყოფებოდა ნ. შ-თან ერთად. ნ. შ-მ ვ. ჭ-ს მოსთხოვა საცხოვრებელი ბინის დატოვება, რაზეც იგი გახდა აგრესიული და იძალადა ნ. შ-ზე, კერძოდ, თმაში წაავლო ხელი და მოქაჩა, მიანარცხა კედელს, აგრეთვე გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ცხვირიდან და ტუჩიდან დაეწყო სისხლდენა.
2021 წლის აგვისტოში, თ-ში, დ. დ-ში, მ. მ-ს ქუჩა N.., ბინა N..-ში ყოფნისას, ვ. ჭ-მ ყოფითი კონფლიქტის გამო იძალადა ნ. შ-ზე, კერძოდ, უკბინა ლოყაზე და მუშტები დაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მითითებული ფაქტების გარდა, 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის 2 თებერვლის ჩათვლით დროის პერიოდში, ვ. ჭ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად ძალადობდა ნ. შ-ზე, რაც იწვევდა მის ფსიქიკურ ტანჯვას.
2.2. 2022 წლის იანვარში, თ-ში, დ. დ-ში, მ. მ-ს ქუჩა N.., ბინა N..-ში ყოფნისას, ვ. ჭ-მ ნ. შ-ს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი მას დაშორდებოდა და მასთან აღარ იქნებოდა, შვილს აივნიდან გადაუგდებდა და ყველაფერს ისე მოაწყობდა, რომ უბედურ შემთხვევად წარმოაჩენდა. აღნიშნულით შეშინებული ნ. შ. განაგრძობდა ვ. ჭ-თან ურთიერთობას.
2.3. 2021 წლის დეკემბერში, თ-ში, დ. დ-ში, მ. მ-ს ქუჩა N.., ბინა N..-ში, ვ. ჭ. იმყოფებოდა ნ. შ-სთან ერთად. ნ. შ-მ ვ. ჭ-ს მოსთხოვა საკუთარი ბინიდან წასვლა, რაზეც იგი გახდა აგრესიული და იძალადა ნ. შ-ზე, კერძოდ, თმაში წაავლო ხელი, მოქაჩა, მიანარცხა კედელს, აგრეთვე გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ცხვირიდან და ტუჩიდან დაეწყო სისხლდენა. ძალადობისას ვ. ჭ. მოკვლით დაემუქრა ნ. შ-ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. 2022 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ნ. შ. და ვ. ჭ. გადაადგილდებოდნენ ნ. შ-ს კუთვნილი ,,BMW-ს“ ფირმის ავტომანქანით თ-ში, დ. დ-ში, რა დროსაც ვ. ჭ. გახდა აგრესიული, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ნ. ჭ-ს, კერძოდ, ორივე ხელი დაარტყა თავში, სახეში - მუშტი და ორივე ხელი წაუჭირა ყელში, აგრეთვე დაემუქრა დახრჩობით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით ვ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა
შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;
3.6. მსჯავრდებულ ვ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2022 წლის 6 თებერვლიდან 2022 წლის 8 თებერვლის ჩათვლით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ. ჭ-ს მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ, პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად შეფარდება.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ვ. ჭ-ს ადვოკატმა ს. ჯ-მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და ვ. ჭ-ს მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, კერძოდ, პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად შეფარდებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს სასჯელის დამძიმებას, კერძოდ, პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ვ. ჭ-ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მსჯავრდებულის აღიარებით, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და თანდართული ფოტომასალით, შემაკავებელი ორდერით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ვიზუალური დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტომასალით, დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტომასალით, სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნით, ამბულატორიული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.. დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ. ჭ-მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედებები.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით დადგენილი დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა, ასევე - მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ვ. ჭ-ს, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით (რისთვისაც დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები) შეუფარდა ყველაზე მკაცრი სასჯელის მაქსიმალური ხანგრძლივობა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ვ. ჭ-მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, წარსულში არ არის ნასამართლევი, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, გამოიყენა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შეღავათი.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მითუფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. სასამართლო იმავდროულად, კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22 განჩინებები).
14. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე