საქმე # 330100121005278404
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1073აპ-22 ქ. თბილისი
მ-ი რ, 1073აპ-22 22 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის, მსჯავრდებულ რ. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენით:
1.1. რ. მ-ი, - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 8 სექტემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. მ-ა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.თ-ი, მ-ის პ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანით შეიარაღებული რ. მ-ი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მობილური ტელეფონისა და სხვადასხვა ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა შ. ბ. ე-ს, რომელმაც თავდამსხმელს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა. ვინაიდან რ. მ-ა გააცნობიერა, რომ გაწეული წინააღმდეგობის გამო ვერ დაეუფლებოდა შ. ბ. ე-ის ქონებას და ამავე დროს, მას შეეძლო სამართალდამცველებთან მისი მხილება, ნივთების მისაკუთრების გაადვილებისა და ყაჩაღობის დაფარვის მიზნით, განიზრახა განსაკუთრებული სისასტიკით შ. ბ. ე-ის მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად რ. მ-ა ხელთ ნაქონი დანით ცამეტი ჭრილობა მიაყენა შ. ბ-ი ე-სს სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის: მარცხენა ლოყაზე, კისრის წინა და მარცხენა ზედაპირზე, ორივე მტევნის უკანა ზედაპირზე, ასევე - შუბლის, მარცხენა თვალბუდის, მარცხენა ლოყის, ორივე ყურის, მარცხენა ქვედა ყბის, მარჯვენა ყვრიმალის, ნიკაპის, კისრის, მუცლის, მარცხენა და მარჯვენა იდაყვის სახსრის, მარცხენა და მარჯვენა წინამხრის, მარჯვენა მხრის, მარცხენა ბარძაყის, მარჯვენა მუხლის, ორივე წვივის მიდამოში, ორივე მტევნის უკანა ზედაპირსა და გულმკერდის უკანა ზედაპირზე - მრავლობითი დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. მანვე ხელები და ფეხები მოუჭირა შ. ბ. ე-სს კისრის არეში, რის შედეგადაც განვითარებული მექანიკური ასფიქსიით იგი გარდაიცვალა. შ. ბ. ე-ის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის შემდეგ რ. მ-ი დაეუფლა მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, სხვა ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
4.1. მსჯავრდებულმა რ. მ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
4.2. მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჯ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ რ. მ-ის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - მ. ხ-ას, რ. ბ-ის, რ. ა. ჯ. ტ-ს, ნ. კ-ა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გვამის ამოცნობის ოქმით, მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.... და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N... დასკვნებით, სამედიცინო ექსპერტიზის N....და N.... დასკვნებით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ლევან ვეფხვაძე ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ რ. მ-სათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას, ხოლო მსჯავრდებული და მისი ადვოკატი მ. ჯ-ა - სასჯელის შემსუბუქებას.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
10. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ რ. მ-სათვის განსაზღვრულ სასჯელს - 20 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
11. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოთხოვნას მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით, ვინაიდან სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული. მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში რ. მ-ის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მას განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:
11.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განზრახ მკვლელობის ჩადენა სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, მართალია, წარმოადგენს ამ კონკრეტული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, მაგრამ მათი სიმრავლე და ერთობლივად, კუმულაციურად არსებობა გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის ზომის განსაზღვრისას. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენას დანით (ცივი იარაღით), საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.
12. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებულ ისეთ გარემოებებს, როგორებიცაა მსჯავრდებულ რ. მ-ის მიერ თავდასხმის განხორციელების დეტალების წინასწარ ზედმიწევნით განსაზღვრა და დაგეგმვა, რაც მისი მართლსაწინააღმდეგო ურყევი ნების არსებობაზე მიუთითებს - დაგეგმილი დანაშაულის სისრულეში მოყვანისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად იგი წინასწარ იყო შეიარაღებული დანით, თავდასხმისათვის შეარჩია მყუდრო, უკაცრიელი ადგილი და ამით დაზარალებულ შ. ბ. ე-სს მოუსპო ყოველგვარი შანსი - გარშემომყოფთათვის ეთხოვა დახმარება, რაც შესაძლოა, მისი განზრახვის განხორციელების ხელშემშლელი ფაქტორი გამხდარიყო. მსხვერპლისაგან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ამ წინააღმდეგობის დასაძლევად, მან მიზანმიმართულად მიაყენა დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების, სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, ბოლოს კი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ რ. მ-ა იზრუნა დანაშაულის კვალის დაფარვაზე - გვამი დამალა ბუჩქებში და ზემოდან დააყარა ხის ტოტები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები მიუთითებს მსჯავრდებულ რ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედებების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე და მის პიროვნებას მკვეთრად უარყოფითად ახასიათებს, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამორიცხავს მის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი სასჯელის - 20 წლით თავისუფლების აღკვეთის - შემსუბუქებას.
13. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ რ. მ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი ნასამართლობის არმქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, უდავოდ ცნო მტკიცებულებათა უმრავლესობა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ. მ-სათვის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისა და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რ. მ-სათვის დანიშნული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა - სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც არ არსებობს ბრალდებისა და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
15. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის, მსჯავრდებულ რ. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი