საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №741აპ-22 თბილისი
რ-ი ვ., 741აპ-22 28 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძისა და მსჯავრდებულ ვ. რ-ის ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. რ-ს ბრალი დაედო:
ü ოჯახში ძალადობაში, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ;
ü ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2021 წლის 23 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-ში მდებარე თავის სახლში, ვ. რ-მა საყოფაცხოვრებო საკითხზე განაწყენების გამო, არასრულწლოვანი შვილების - -ს დაბადებულ გ. რ-ისა და -ს დაბადებულ რ. რ-ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს - მ. მ-ს, კერძოდ: სახეში ორჯერ ძლიერად დაარტყა ხელი და მუშტი ჩაარტყა მარჯვენა მხრის მიდამოში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის გამო, ვ. რ-ს თავისმა დედამ - დ. რ-მა შენიშვნა მისცა, რაზეც განაწყენდა და დედასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი, რის შემდეგაც გამოეკიდა და ეზოში ერთხელ ძლიერად ჩაარტყა ხელი თავში. ამ ქმედებების შედეგად დ. რ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2021 წლის 23 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-ში მდებარე თავის სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე განაწყენების გამო, ვ. რ-ი მეუღლეს - მ. მ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2021 წლის 23 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-ში მდებარე თავის სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე განაწყენების გამო, ვ-–- რ-ი დედას - დ. რ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ვ. რ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორ ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ვ. რ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით:
· პროკურორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
· გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდა;
· ვ. რ., - - პირადი №-, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 400 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
· ვ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მ. მ-ის ეპიზოდში) და განესაზღვრა 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
· ვ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დ. რ-ის ეპიზოდში) და განესაზღვრა 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. რ-ს განესაზღვრა 400 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისი პატიმრობაში ყოფნის დროის (2021 წლის 25 მაისიდან იმავე წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, ჩაეთვალა სრულად მოხდილად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
- გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულ ვ. რ-ისათვის განაჩენთა ერთობლიობით (ვინაიდან ვ. რ-მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დროს) თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;
- მსჯავრდებულ ვ. რ-ის ადვოკატმა ნ. ც-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ვ. რ-ის გამართლებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძისა და მსჯავრდებულ ვ. რ-ის ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივრები დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაინიშნა 2022 წლის 28 დეკემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პროკურორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულის ადვოკატის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით. დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, ცდილობდეს ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. ამიტომ, ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაზარალებულის ჩვენების არარსებობისას ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“ განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4. საკასაციო პალატა, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ვ. რ-ის მსჯავრდებასთან მიმართებით და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ვ. რ-ის ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში, კერძოდ:
Ø დაზარალებულებმა - ვ. რ-ის მეუღლემ, მ. მ-მა, დედამ, დ. რ-მა და შვილებმა, მოწმეებმა - რ. და გ. რ-ებმა, საქმის სასამართლოში არსებითი განხილვისას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის მიმართ, ხოლო თავად ვ. რ-მა გამოიყენა დუმილის უფლება.
Ø სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულებმა მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად, მაგრამ არ დგინდება ვ. რ-ის ქმედებების გამო ამ დაზიანებების მიღების ფაქტი. საქმის მასალებით ასევე არ დგინდება, რომ დაზარალებულებმა დაზიანებების მიღების შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
Ø საქმეში არსებულ დანარჩენ მოწმეთა ჩვენებების შესახებ საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მათი ჩვენებები არის ირიბი, ვინაიდან ისინი ვ. რ-ის მიერ დაზარალებულთა მიმართ სავარაუდო ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის თვითმხილველნი არ არიან, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არაკონსტიტუციურია.
Ø რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, შემაკავებელი ორდერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებს, ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საკასაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში ისინი ვერ მიიჩნევა ვ. რ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებებად.
5. ამავე დროს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მტკიცებულებითი სტანდარტი სასამართლოს ვალდებულებას აკისრებს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიზანს წარმოადგენს პირის მსჯავრდების გამორიცხვა ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებებით გაუმყარებლობის შემთხვევაში.
6. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია ბრალმდებელს, ხოლო მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამასთან, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
7. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ. რ-ის მიერ მ. მ-ისა და დ. რ-ის მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს, რის გამოც ვ. რ-ი უნდა გამართლდეს ყველა ბრალდებაში.
8. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივარს ვ. რ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ ამ მოცემულობით აღარ არსებობს სასჯელის დამძიმების შესახებ ბრალდების მხარის მოთხოვნაზე მსჯელობისა და დაკმაყოფილების საფუძველი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ვ. რ-ის ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ვ. რ-ის ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენი გაუქმდეს;
4. ვ. რ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში;
5. გამართლებულ ვ. რ-ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე