Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№947აპ-22 20 დეკემბერი, 2022 წელი

ნ-ე რ., 947აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ _ ალექსანდრე ძირკვაძის

ადვოკატ – მ. კ-ის

მსჯავრდებულ _ რ. ნ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის განაჩენით რ. ნ., – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტქტით, 262-ე მუხლის 11-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებული რ. ნ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

2. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ადილარ წირღვავამ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, რ. ნ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 11-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის განაჩენი: რ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 წლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით, 262-ე მუხლის 11-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და რ. ნ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები – 10 წლით. მსჯავრდებულ რ. ნ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 17 მაისიდან 2017 წლის 6 იანვრის ჩათვლით.

4. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ რ. ნ-ემ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა; დიდი ოდენობით ახალი ფსიქოატიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა; დიდი ოდენობით ახალი ფსიქოატიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· რ. ნ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში თ-ის რესპუბლიკაში უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: 0,02102 გრამი „ბუპრენორფინის“ შემცველი ტაბლეტების მრავლობითი ნატეხები, 0,1866 გრამი „ჰეროინი“, 0,5645 გრამი „მდმა-ს“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცველი სამი ტაბლეტი, ასევე – 0,5667 გრამი მცენარეული მასა, რაც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიტერულად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება რ. ნ-ემ 2016 წლის 17 მაისს „ს-ს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 2016 წლის 17 მაისს, 22:37 საათზე, „ს-ს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ, ამოიღეს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა რ. ნ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. შ-ემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და რ. ნ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 20 მარტის განჩინებით ადვოკატ ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით არ იქნა დაშვებული ადვოკატ ლ. შ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რ. ნ-ის მიმართ განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით დაუშვებლად ცნო ადვოკატ შ. ხ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რ. ნ-ის მიმართ განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ადვოკატ შ. ხ-ას საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

10. მსჯავრდებული რ. ნ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენის შეცვლასა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 11-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობას.

11. 2022 წლის 27 ნოემბერს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულებისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, დანაშაულთა ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და პიროვნული მახასიათებლები, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, უარი განაცხადა სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

12. 2022 წლის 7 დეკემბერს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ რ. ნ-ეს შორის, მისი ადვოკატის მონაწილეობით, 2022 წლის 27 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ:

რ. ნ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად;

რ. ნ. ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდეს და განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის 11-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კი, ასევე სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვლება პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრება ჯარიმა – 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელებს და რ. ნ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრება 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვლება პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრება ჯარიმა – 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები – 10 წლით.

13. სასამართლო სხდომაზე, საკასაციო საჩივრის განხილვის დროს, მსჯავრდებულმა რ. ნ-ემ აღიარა მისთვის მსჯავრად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რასაც დაეთანხმა მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. კ..

14. 2022 წლის 20 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე ბათუმის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილემ – ალექსანდრე ძირკვაძემ, მსჯავრდებულმა რ. ნ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-ემ.

15. ამასთან, მხარეებმა საკასაციო საჩივართან მიმართებით დააზუსტეს მოთხოვნა და იშუამდგომლეს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნიკა მენთეშაშვილსა და მსჯავრდებულ რ. ნ-ეს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების – თ. კ-ას, გ. ნ-ის, ი. ტ-ის, ხ. კ-ის, ჯ. შ-ისა და ი. გ-ის ჩვენებებით, ინფორმაციით სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ, ნივთიერი მტკიცებულებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, №- სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით რ. ნ-ის მიმართ მსჯავრად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ რ. ნ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული რ. ნ. ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მოტივს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. ამდენად, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ რ. ნ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს კასატორის – მსჯავრდებულ რ. ნ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის, ასევე პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის მოთხოვნებს სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. დამტკიცდეს პროკურორ ნიკა მენთეშაშვილსა და მსჯავრდებულ რ. ნ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

5. რ. ნ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის 11-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდეს და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის 11-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა – 5000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და რ. ნ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა – 5000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

7. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. ნ-ეს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

8. მსჯავრდებულ რ. ნ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2022 წლის 9 აგვისტოდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 17 მაისიდან 2017 წლის 6 იანვრის ჩათვლით, ასევე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2022 წლის 2 მარტიდან იმავე წლის 9 აგვისტომდე;

9. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

10. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ. ნ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

11. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი