საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№581-22 ქ. თბილისი
ს-ი ჟ., 58I-22 1 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჟ. ს-სა ((ს. ჯ-ის), (J. S. E.)) და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2022 წლის 21 ივნისს ს-ის რესპუბლიკის მარსელის სასამართლომ გამოსცა ჟ. ს-ის დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია: ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 113–2, 132–71, 324–1, 324–2, 324–3, 324–4, 324–5, 324–6, 324–7 და 324–8 მუხლებით (ფულის გათეთრება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაფარვა და წარმომავლობის შეცვლა), იმავე კოდექსის 113–2, 222–38, 222–36 §1, 222–37, 222–40, 222–41, 222–44, 222–45, 222–47, 222–48, 222–49, 222–50, ს-ის რესპუბლიკის ჯანდაცვის კოდექსის L 5132-7, R 5132-84, R 5132-85 და R 5182-86 მუხლებით, ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ 1961 წლის 30 მარტის ერთიანი კონვენციით, ნარკოტიკული საშუალებების სიის დადგენის შესახებ 1990 წლის 22 თებერვლის ბრძანებულებით (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის შედეგად მიღებული ფულის გათეთრება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში; იგი ასევე ბრალდებულია ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 540–1, 450–3 და 450–5 მუხლებით (კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. 2022 წლის 23 ივნისიდან ჟ. ს-ი იძებნება ს-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის არხებით.
3. ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთა ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 15 ივნისამდე პერიოდში ს-ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჟ. ს-ი, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში ახდენდა დანაშაულებრივი გზით, მათ შორის – ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების შედეგად მოპოვებული შემოსავლის ლეგალიზაციას, კერძოდ: ჟ. ს-ი ჯგუფის სხვა წევრებს აძლევდა მითითებებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების შეგროვებასთან, ტრანსპორტირებასთან, გადაცვლასა და საერთაშორისო ფულადი სისტემების გამოყენებით წარმომავლობის დაფარვასთან დაკავშირებით.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 3 თებერვალს საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მარსელში განხორციელებული კონტროლის შედეგად გამოავლინეს ორგანიზებული ჯგუფის წევრი, რომელიც მგზავრობდა მატარებლით და ჩემოდნით გადაჰქონდა 300 000 ევროს ოდენობის ნაღდი ფული. ნაღდი ფულის ნიმუშის ანალიზმა გამოავლინა კოკაინისა და THC-ის (კანაფის) კვალი.
კონტრაბანდისტების მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, სატელეფონო და WHATSAPP-ის შეტყობინებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჟ. ს-ი, რომელსაც სხვანაირად უწოდებენ აბუ ან აბო სალაჰს, ან ლიბანელს, იყო აღნიშნული ფულადი თანხების ტრანსპორტირების თაობაზე ბრძანების გამცემი პირი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ჟ. ს-მა გასცა ბრძანება 2021 წლის იანვარ-თებერვალში ფულადი თანხის – 700 000 ევროს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ჟ. ს-ი ჩართული იყო 300 000 ევროს ნაღდი ფულის ტრანსპორტირების ორგანიზებაში. მითითებული თანხა 2021 წლის 11 აპრილს ამოიღო საბაჟო ადმინისტრაციამ.
გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზით დადგინდა, რომ ჟ. ს-ს ექვემდებარებოდა სტრუქტურული და იერარქიზებული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებდა ფულადი თანხის შეგროვებასა და ფულადი გადარიცხვების, ასევე – ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების, მათ შორის – ნაღდი ფულის ტრანსპორტირების გზით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. ორგანიზებული ჯგუფი ასევე ახდენდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ტრანსპორტირებას და საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში გადარიცხვას და საერთაშორისო ფულადი სისტემის მეშვეობით მის გასუფთავებას (გარეცხვას).
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ჟ. ს-მა და მისმა თანამზრახველებმა მოახდინეს მილიონობით ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ამასთან, მხოლოდ სატელეფონო მოსმენების განხორციელების შემდეგ ჟ. ს-ის ანგარიშზე გადაირიცხა რამდენიმე მილიონი ევრო.
4. აღწერილი ქმედებები დასჯადია ს-ის რესპუბლიკის კანონმდებლობის იმ მუხლებით, რომლებითაც პირი ბრალდებულია (იხ. ზემოთ). ამასთან, აღნიშნული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
5. მითითებული ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
6. 2022 წლის 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ს-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჟ. ს-ი.
7. 2022 წლის 9 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჟ. ს-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
8. 2022 წლის 12 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჟ. ს-ის ექსტრადიციის თაობაზე ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
9. 2022 წლის 5 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჟ. ს-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2023 წლის 7 იანვრამდე.
10. 2022 წლის 11 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
11. ამჟამად ჟ. ს-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
12. 2022 წლის 14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ჟ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის მარსელის სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 113–2, 132–71, 324–1, 324–2, 324–3, 324–4, 324–5, 324–6, 324–7 და 324–8 მუხლებით (ფულის გათეთრება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაფარვა და წარმომავლობის შეცვლა), იმავე კოდექსის 113–2, 222–38, 222–36 §1, 222–37, 222–40, 222–41, 222–44, 222–45, 222–47, 222–48, 222–49, 222–50, ს-ის რესპუბლიკის ჯანდაცვის კოდექსის L 5132-7, R 5132-84, R 5132-85 და R 5182-86 მუხლებით, ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ 1961 წლის 30 მარტის ერთიანი კონვენციით, ნარკოტიკული საშუალებების სიის დადგენის შესახებ 1990 წლის 22 თებერვლის ბრძანებულებითა (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის შედეგად მიღებული ფულის გათეთრება) და ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 540–1, 450–3 და 450–5 მუხლებით (კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობა).
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დასაშვებად ცნო ჟ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის მარსელის სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 113–2, 132–71, 324–1, 324–2, 324–3, 324–4, 324–5, 324–6, 324–7 და 324–8 მუხლებით (ფულის გათეთრება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაფარვა და წარმომავლობის შეცვლა), იმავე კოდექსის 113–2, 222–38, 222–36 §1, 222–37, 222–40, 222–41, 222–44, 222–45, 222–47, 222–48, 222–49, 222–50, ს-ის რესპუბლიკის ჯანდაცვის კოდექსის L 5132-7, R 5132-84, R 5132-85 და R 5182-86 მუხლებით, ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ 1961 წლის 30 მარტის ერთიანი კონვენციით, ნარკოტიკული საშუალებების სიის დადგენის შესახებ 1990 წლის 22 თებერვლის ბრძანებულებითა (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის შედეგად მიღებული ფულის გათეთრება) და ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 540–1, 450–3 და 450–5 მუხლებით (კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობა).
14. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ჟ. ს-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მანანა მახათაძე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ჟ. ს-ი არის ლიბანის მოქალაქე, ეთნიკურად არაბი, მართლმადიდებელი ქრისტიანი; იგი 1989–1992 წლებში რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო ასევე ლიბანის მოქალაქე ვაფა ნაბრუზთან, რომელიც იყო სუნიტი მუსლიმი; მათ შეეძინათ სამი შვილი, თუმცა რელიგიური წესით არ უქორწინიათ და 1992 წელს განქორწინდნენ; განქორწინების მიზეზი კი იყო ვაფა ნაბრუზის ძმის – ისმაილ ნაბრუზის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება, რადგან ისლამური მოძღვრებით მუსლიმი ქალისა და ქრისტიანი მამაკაცის ქორწინება აკრძალულია; ისმაილ ნაბრუზი სისტემატურად ემუქრება ჟ. ს-ს სიცოცხლის მოსპობით. ჟ. ს-მა მიმართა საერთაშორისო დაცვასა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე და დღეის მდგომარეობით საკითხის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში; არსებობს ჟ. ს-ის სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იგი დაავადებულია თირკმლის კიბოთი, ამოჭრილი აქვს ერთი თირკმელი, მეტასტაზები შარდის ბუშტში და შარდის ბუშტის ნაწილი; საქართველოში შექმნა ოჯახი და ჰყავს ქართველი მეუღლე – თვალშავა ბებია, რომელიც ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე.
15. პროკურორმა თემურ ცინდელიანმა სასამართლოსათვის წარმოდგენილი წერილობითი პოზიციით ითხოვა ჟ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ჟ. ს-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2022 წლის 7 ივლისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჟ. ს-ის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. საქმეში არსებული მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ჟ. ს-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ ს-ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა, ანდა ინფორმაცია ს-ის რესპუბლიკაში ჟ. საბაგის უფლებების დარღვევის რაიმე კონკრეტულ ფაქტზე, ან რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ჟ. ს-მა კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ანდა მათ მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებების შესახებ მიმართა ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მათ არაეფექტური რეაგირება მოახდინეს. ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გარემოებას, რომ ჟ. ს-ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ს-ის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.
5. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).
6. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ს-ის რესპუბლიკა ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა. ევროპის კავშირის წევრობისათვის კი სახელმწიფოს, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია, როგორც „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, რომელთა თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. აღსანიშნავია, რომ ს-ის რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, ს-ის რესპუბლიკა „უსაფრთხო სახელმწიფოა“, სადაც ექსტრადიცია არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. ამდენად, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჟ. ს-ის მიმართ განხორციელდება დევნა, იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი.
7. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო.
8. საექსტრადიციო მასალების შესწავლით ასევე ირკვევა, რომ ჟ. ს-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ დაირღვევა უფლებები, მათ შორის – სამართლიანი სასამართლოს უფლება, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული ჟ. ს-ის უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
9. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ჟ. ს-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის ლიბანის რესპუბლიკისა და ს-ის რესპუბლიკის მოქალაქე.
10. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის – ჯიან საბაღის (JEAN SABBAGH) საქმის წარმოება დასრულდა და 2022 წლის 22 აგვისტოს მას უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ისე – ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო გადაწყვეტილება ხელზე ჩაჰბარდა 2022 წლის 25 აგვისტოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო ფაზის დასრულება დასაშვებად მიიჩნევა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობისას. ჟ. ს-ის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობა არ აბრკოლებს არა მარტო მისი ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას, არამედ არ წარმოადგენს ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისათვის მისი გადაცემის ხელშემშლელ ფაქტორს (მაგ. სუსგ №3041-21, №211-20, №521-22). ჟ. ს-ი არის ლიბანის რესპუბლიკისა და ს-ის რესპუბლიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. საერთაშორისო დაცვის მინიჭებისა და საერთაშორისო დაცვის თაობაზე მიმდინარე პროცედურების პარალელურად (ექსტრადიციის განხორციელების კონტექსტში) ორმაგი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებთან დაკავშირებით მოქმედებს სპეციალური წესები როგორც ეროვნულ, ისე – საერთაშორისო სამართალში. კერძოდ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი, თუ იგი არის ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქე და შეუძლია, ისარგებლოს ერთ-ერთი მათგანის მფარველობით. ამდენად, ერთზე მეტი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირის ექსტრადიცია ერთ-ერთი მოქალაქეობის ქვეყანაში შესაძლებელია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე პროცედურების მიმდინარეობის პარალელურად, რადგან მას შეუძლია, ისარგებლოს სხვა მოქალაქეობის ქვეყნის მფარველობით და მოქალაქეობის ქვეყნის დაცვას ყოველთვის აქვს პრიორიტეტი საერთაშორისო დაცვასთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კუთხითაც არ არსებობს ჟ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
11. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ჟ. ს-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. მის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. შესაბამისად, ჟ. ს-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.
12. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ჟ. ს-ი ბრალდებულია ს-ის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამდენად, ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არც ს-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით. შესაბამისად, ჟ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მოთხოვნებს.
13. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსტრადიციის მარეგულირებელი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვერ იმსჯელებენ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის საკითხზე, რამდენადაც ხსენებული საკითხი ექსკლუზიურად ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება. ჟ. ს-ის ბრალეულობის თაობაზე უნდა იმსჯელოს ს-ის რესპუბლიკის უფლებამოსილმა სასამართლომ.
14. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ნაგულისხმევ ვალდებულებებთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში არ მიეცემა შესაძლებლობა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით. ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა მაშინ გამოიკვეთებოდა, თუ პირს საქართველოში ეყოლებოდა პირთა გარკვეული წრე, რომლებთანაც კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისათვის ოჯახური ურთიერთობები ექნებოდა და ექსტრადიციის შედეგად მათთან დაშორება მოუხდებოდა. ჟ. ს-თან ჩატარებული გასაუბრებისას მან განმარტა, რომ საქართველოში ცხოვრობს მისი მეუღლე, საქართველოს მოქალაქე თ. ბ. , რომელთანაც იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში 2022 წლის სექტემბრიდან. თვითონ საქართველოში ცხოვრობს ბოლო ერთი წელია, ს-ში ცხოვრობს მისი ოთხი შვილი, შვედეთში კი – დედა. დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათის, სიმძიმის, რაოდენობისა და მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, რომლებლისთვისაც მოითხოვება ჟ. ს-ის ექსტრადიცია, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი იმთავითვე გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩაურევლობის ინტერესს. ასეთ ვითარებაში ჟ. ს-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჟ. ს-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის მარსელის სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 113–2, 132–71, 324–1, 324–2, 324–3, 324–4, 324–5, 324–6, 324–7 და 324–8 მუხლებით (ფულის გათეთრება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაფარვა და წარმომავლობის შეცვლა), იმავე კოდექსის 113–2, 222–38, 222–36 §1, 222–37, 222–40, 222–41, 222–44, 222–45, 222–47, 222–48, 222–49, 222–50, ს-ის რესპუბლიკის ჯანდაცვის კოდექსის L 5132-7, R 5132-84, R 5132-85 და R 5182-86 მუხლებით, ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ 1961 წლის 30 მარტის ერთიანი კონვენციით, ნარკოტიკული საშუალებების სიის დადგენის შესახებ 1990 წლის 22 თებერვლის ბრძანებულებითა (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის შედეგად მიღებული ფულის გათეთრება) და ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 540–1, 450–3 და 450–5 მუხლებით (კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობა), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჟ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე