საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №728აპ-22 თბილისი
ზ. შ., 728აპ-22 26 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ზ-ის ადვოკატების - თ. ხ-ასა და ვ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ. ზ-ეს ბრალი დაედო:
1.1. განზრახ უკანონო დაკავებაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც გამოიხატა შემდეგში:
o საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მარტის ბრძანებით შ. ზ-ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - პოლიციის დეპარტამენტის დ-ის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
o შ. ზ-ემ გადაწყვიტა უდანაშაულო პირის - ლ. ტ-ის უკანონოდ დაკავება, რის შესახებაც მას 2021 წლის აპრილში სატელეფონო საუბრისას აცნობა. ამასთან, შესთავაზა, თავად აერჩია დანაშაული, რისთვისაც დააკავებდა უკანონოდ - ქურდობა, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა ანდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა, რომ ასევე უკანონოდ დააკავებდა უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ლ. ტ-ი იძულებული გახდა, შეთავაზებულ დანაშაულთაგან აერჩია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით უკანონოდ დაკავება;
o აღნიშნულის შემდეგ, შ. ზ-ემ დაგეგმა და უკანონოდ დააკავა ლ. ტ-ი, კერძოდ: 2021 წლის 8 აპრილს, ქ. მ-დან ქ. დ-ში, თავისი სამსახურებრივი მანქანით წაიყვანა ლ. ტ-ი და უკანონო დაკავების მიზნით, გადასცა თავის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა - ორი 16 მმ კალიბრიანი ვაზნა;
o ლ. ტ-ი ქ. დ-ში ყოფნისას მალევე დააკავეს შ. ზ-ეზე დაქვემდებარებულმა, დმანისის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის, ვინაიდან პირადი ჩხრეკისას მისგან ამოიღეს შ. ზ-ის მიერ გადაცემული ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა;
1.2. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი), რაც გამოიხატა შემდეგში:
o საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მარტის ბრძანებით შ. ზ-ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
o შ. ზ-ემ, რომელსაც ევალებოდა, დაეცვა როგორც ფიზიკური პირის უფლებები და თავისუფლებები, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და უდანაშაულო პირის - ლ. ტ-ის პირადი ღირსების შელახვით განზრახ უკანონოდ დაკავებით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ: 2021 წლის აპრილში, სატელეფონო საუბრისას, ლ. ტ-ს აცნობა, რომ მიუხედავად მისი უდანაშაულობისა, უნდა დაეკავებინა ბრალდებულის სახით. ამასთან, ლ. ტ-ს დამამცირებელი ფორმითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით შესთავაზა, თავად აერჩია დანაშაული, რისთვისაც დააკავებდა უკანონოდ - ქურდობა, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა ანდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა, რომ ასევე უკანონოდ დააკავებდა უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ლ. ტ-ი იძულებული გახდა, შეთავაზებულ დანაშაულთაგან აერჩია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით უკანონოდ დაკავება;
o აღნიშნულის შემდეგ, შ. ზ-ემ დაგეგმა და უკანონოდ დააკავა ლ. ტ-ი, კერძოდ: 2021 წლის 8 აპრილს, ქ. მ-დან ქ. დ-ში, თავისი სამსახურებრივი მანქანით წაიყვანა ლ. ტ-ი და უკანონო დაკავების მიზნით, გადასცა თავის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა - ორი 16 მმ კალიბრიანი ვაზნა;
o ლ. ტ-ი ქ. დ-ში ყოფნისას მალევე დააკავეს შ. ზ-ეზე დაქვემდებარებულმა, დ-ის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის, ვინაიდან პირადი ჩხრეკისას მისგან ამოიღეს შ. ზ-ის მიერ გადაცემული ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა;
1.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რაც გამოიხატა შემდეგში: შ. ზ-ემ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა - ორი 16 მმ კალიბრიანი ვაზნა, რასაც 2021 წლის 8 აპრილს, საღამოს საათებში, უკანონოდ ატარებდა ქ. დ-ში. იმავე დღეს მან აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა ქ. დ-ში მყოფ ლ. ტ-ს იმ მიზნით, რომ უკანონოდ დაეკავებინა იგი;
1.4. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი), რაც გამოიხატა შემდეგში: შ. ზ-ემ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა - ორი 16 მმ კალიბრიანი ვაზნა, რასაც 2021 წლის 8 აპრილს, საღამოს საათებში, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქ. დ-ში. იმავე დღეს მან აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა ქ. დ-ში მყოფ ლ. ტ-ს იმ მიზნით, რომ უკანონოდ დაეკავებინა იგი;
1.5. მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რაც გამოიხატა შემდეგში:
o საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მარტის ბრძანებით შ. ზ-ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
o შ. ზ-ემ გადაწყვიტა სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, რის საფუძველზეც განზრახ უკანონოდ უნდა დაეკავებინა ლ. ტ-ი, კერძოდ: 2021 წლის აპრილში სატელეფონო საუბრისას შ. ზ-ემ ლ. ტ-ს აცნობა, რომ მიუხედავად მისი უდანაშაულობისა, უნდა დაეკავებინა ბრალდებულის სახით. ამასთან, ლ. ტ-ს შესთავაზა, თავად აერჩია დანაშაული, რისთვისაც დააკავებდა უკანონოდ - ქურდობა, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა ანდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა, რომ ასევე უკანონოდ დააკავებდა უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ლ. ტ-ი იძულებული გახდა, შეთავაზებულ დანაშაულთაგან აერჩია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით უკანონოდ დაკავება;
o აღნიშნულის შემდეგ, შ. ზ-ემ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაყალბების გზით, დაგეგმა და უკანონოდ დააკავა ლ. ტ-ი, კერძოდ: 2021 წლის 8 აპრილს, ქ. მ-დან ქ. დ-ში, თავისი სამსახურებრივი მანქანით წაიყვანა ლ. ტ-ი და უკანონო დაკავების მიზნით, გადასცა თავის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა - ორი 16 მმ კალიბრიანი ვაზნა, რითაც მოახდინა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაყალბება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია. პარალელურად, დმანისის შს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე ლ. ტ-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და დმანისის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შ. ზ-ის მიერ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, ქ. დ-ში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებისათვის დააკავეს ლ. ტ-ი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:
· შ. ზ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
· შ. ზ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ზ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 10 აპრილიდან. მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, შ. ზ-ეს მსჯავრი დაედო:
3.1. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რაც გამოიხატა შემდეგში: შ. ზ-ემ, ლ. ტ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა - ორი 16 მმ კალიბრიანი ვაზნა, რომლებსაც 2021 წლის 8 აპრილს, საღამოს საათებში, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, ლ. ტ-ისათვის გადაცემამდე, უკანონოდ ატარებდა ქ. დ-ში;
3.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი), რაც გამოიხატა შემდეგში: შ. ზ-ემ, ლ. ტ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა - ორი 16 მმ კალიბრიანი ვაზნა, რომლებსაც 2021 წლის 8 აპრილს, საღამოს საათებში, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქ. დ-ში. იმავე დღეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მან გადასცა ქ. დ-ში მყოფ ლ. ტ-ს, რათა მოეხდინა მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია;
3.3. მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რაც გამოიხატა შემდეგში:
o საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 მარტის ბრძანებით შ. ზ-ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - პოლიციის დეპარტამენტის დ-ის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილისა და ამავე დროს დეტექტივების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;
o შ. ზ-ე, როგორც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი, წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო მოსამსახურესა და მოხელეს, რომელიც უფლებამოსილი იყო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეწარმოებინა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და შესაბამისად, სარგებლობდა გამომძიებლის სტატუსით. შ. ზ-ეზე დაქვემდებარებული დეტექტივების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები განსაზღვრული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №- ბრძანებით, რომლის თანახმადაც, განყოფილების ამოცანებს წარმოადგენდა: ოპერატიული ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, სჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა, აღკვეთა, აცილება; სამმართველოს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიება ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესრულება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება;
o 2021 წლის აპრილში შ. ზ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ თავის ნაცნობ ლ. ტ-ს, რომელიც არ იმყოფებოდა დმანისის რაიონის ტერიტორიაზე, პირადი პრობლემებისაგან თავის დასაღწევად, ესაჭიროებოდა საზოგადოებისაგან იზოლაცია და გარკვეული ვადით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად მოხვედრა ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც არ ჩაუდენია და არც ჩადენის განზრახვა ჰქონდა;
o იმის გამო, რომ შ. ზ-ის სამსახურებრივ ამოცანებს წარმოადგენდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულის გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, თავისი განყოფილების საქმიანობის დადებით კონტექსტში წარმოჩენის მიზნით, განიზრახა ლ. ტ-ის მის სამოქმედო ტერიტორიაზე ჩამოყვანა და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციით ისეთი სიმძიმის კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულში მხილება, რომელზეც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ლ. ტ-ისათვის დიდი ალბათობით გამოიწვევდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას;
o 2021 წლის აპრილში შ. ზ-ე ტელეფონით დაუკავშირდა ლ. ტ-ს, რა დროსაც კიდევ ერთხელ დაინტერესდა, იყო თუ არა თანახმა მოეხადა საპატიმრო სასჯელი ისეთი დანაშაულისათვის, რაც რეალურად არ ჰქონდა ჩადენილი. მისგან თანხმობის მიღების შემდეგ, შესთავაზა, თავად აერჩია დანაშაულის სახე, კერძოდ: ბინის ქურდობა, საქონლის ქურდობა ან ნარკოტიკული დანაშაული, რაზეც ლ. ტ-მა გამოთქვა პოზიცია, რომ მისთვის შეთავაზებულ დანაშაულებზე უფრო მისაღები იქნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისათვის გასამართლება, რისთვისაც ის ადრეც იყო მსჯავრდებული და რაც მისი მხრიდან უფრო „გაბედულ დანაშაულად“ გამოიყურებოდა. აღნიშნულზე შ. ზ-ემ დადებითად უპასუხა და თან დაიყოლია, ამ მიზნით ლ. ტ-ი მესტიიდან ჩასულიყო დ-ში, სადაც მოხდებოდა მისი მხილება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. გარდა ზემოაღნიშნულისა, შ. ზ-ე ლ. ტ-ს დაჰპირდა, რომ თბილისიდან მარნეულამდე მგზავრობის ხარჯებსაც თვითონ გაიღებდა;
o 2021 წლის 8 აპრილს შ. ზ-ე ლ. ტ-ს დახვდა ქ. მ-ში და თავისი სამსახურებრივი ავტომანქანით წაიყვანა ქ. დ-ში, რათა მტკიცებულების ფალსიფიკაციით თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ემხილათ ლ. ტ-ი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შ. ზ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი და ორი საბრძოლო ვაზნა, რასაც 2021 წლის 8 აპრილს, ქ. დ-ში, ლ. ტ-ის მიმართ მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით ლ. ტ-ისათვის გადაცემამდე, უკანონოდ ინახავდა და ატარებდა;
o იმავე დღეს შ. ზ-ემ, დაუდგენელი პირის მეშვეობით, უზრუნველყო თავისი განყოფილების გამომძიებლის მიერ ლ. ტ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (მძიმე კატეგორიის დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და საგამოძიებო ორგანოსათვის ლ. ტ-ის კონკრეტული ადგილსამყოფლის მითითება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი გამოვლენა შ. ზ-ის მიერ ფალსიფიცირებული მამხილებელი მტკიცებულებით;
o შ. ზ-ემ განზრახვის შესაბამისად, ქ. დ-ში ლ. ტ-ს გადასცა თავის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი, უკანონოდ შენახული და ნატარები ცეცხლსასროლი იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი და ორი საბრძოლო ვაზნა, რითაც მოახდინა მტკიცებულების ფალსიფიკაცია და რის საფუძველზეც ლ. ტ-ის მიმართ უნდა დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა. მან ამავე მიზნით ლ. ტ-ი მიიყვანა და დატოვა იმ ადგილზე, რომელიც ცნობილი იყო მისდამი რწმუნებული საგამოძიებო ორგანოსთვის და იმავე დღეს დმანისის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შ. ზ-ის მიერ ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, ქ. დ-ში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტი გამოავლინეს და დააკავეს ლ. ტ-ი, რომლის ნამდვილ ნებასა და განზრახვას არ წარმოადენდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
- მსჯავრდებულ შ. ზ-ის ადვოკატებმა - თ. ხ-ამ და ვ. მ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და შ. ზ-ის გამართლება;
- ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მერაბ მერაბიშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; შ. ზ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
· შ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ზ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 10 აპრილიდან. მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ შ. ზ-ის ადვოკატებმა - თ. ხ-ამ და ვ. მ-მა, რომლებიც საჩივრებით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და შ. ზ-ის გამართლებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც შ. ზ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
10. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. ზ-ის ადვოკატების - თ. ხ-ასა და ვ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე