Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №997აპ-22 თბილისი

ი-ი ი., 997აპ-22 16 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჯალაღანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ი. ი., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 22 მარტიდან.

2. განაჩენის მიხედვით, ი. ი-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 22 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში, ა. შ-ის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ი-მა ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა არეში დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა ისა მუსტაფაევს, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ი-ის ადვოკატებმა - ე. გ-მა და ო. მ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ი. ი-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

· ი. ი-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე;

· ი. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 22 მარტიდან.

5. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ი. ი-ს მსჯავრი დაედო მკვლელობაში აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 22 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში, ა. შ-ის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ი-მა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით, დანის გამოყენებით, მარცხენა მუხლქვეშა არტერიის დაზიანებით ისა მუსტაფაევს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, მსჯავრდებულ ი. ი-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებასა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. მსჯავრდებულ ი. ი-ის ადვოკატები - ე. გ. და ო. მ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვენ, რომ პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება ი. ი-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ (მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის პრაქტიკაზე მითითებით), რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჯალაღანიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე