Facebook Twitter

¹ ას-100-809-03 19 ნოემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: დაუშვებელი ხელყოფის გამო ნაგებობის გადატანა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 20 აგვისტოს სპს “მ. ს.” ი. ი-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება მეზობელ ნაკვეთზე არსებული ნაგებობის გადატანის შესახებ შემდეგი საფუძვლით:

1992 წლიდან მას იჯარით ჰქონდა აღებული ქ. ზუგდიდში ... მდებარე “ზ.” უნივერმაღ “ე.” 12 კვ.მ ფარდული.

1996 წელს მოსარჩელემ მოახდინა ამ ფართის პრივატიზაცია და 1997წ. 7 ივლისიდან ამ ფართის მესაკუთრეა.

ფარდულის წინა მხარის კედელზე მისი ნების საწინააღმდეგოდ მოპასუხემ მიაშენა ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხური, რომელმაც თითქმის მთლიანად დაფარა მისი ფარდულის წინა მხარე. ჯიხურიდან ჩამონადენი წვიმის წყალი აზიანებს ფარდულის კედელს. მისი ინტერესების ხელყოფა არსებითია და დაუშვებელი. უნებართვოდ ჩადგმული ჯიხურის გამო, მას ხელი ეშლება ფარდულზე დამატებითი ფანჯრის და კარების გაკეთებაში.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას გააჩნია სათანადო ნებართვა ჯიხურის ჩადგმის შესახებ და იგი ამ ადგილზე მუშაობს 1963 წლიდან.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის ჯიხურით მოსარჩელეს ხელი ეშლება თავის ფარდულზე დამატებითი ფანჯრისა და კარების ღიობის გაკეთებაში. ამასთან, ჯიხურიდან ჩამონადენი წვიმის წყალი ესხმება ფარდულის კედელს და აზიანებს მას.

მოცემული დავის გადაწყვეტის დროს სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 175-ე და 176-ე მუხლები.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოპასუხე 1963 წლიდან დღემდე მუშაობს სადავო ჯიხურში.

სასამართლომ, სკ-ს 159-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ჯიხურის კეთილსინდისიერ მფლობელად მიიჩნია.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე არ იყო მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი ჯიხურის მესაკუთრე, მაგრამ მიუხედავად ამისა, გაზიარებული ვერ იქნებოდა მოსარჩელის მოსაზრება ამ ჯიხურის აღების თაობაზე, ვინაიდან სკ-ს 160-ე, 161-ე და 162-ე მუხლები მესაკუთრის მსგავსად იცავს კეთილსინდისიერი მართლზომიერი მფლობელის ინტერესებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრივ მისი ინტერესების დაუშვებელი ხელყოფის ფაქტი.

2003წ. 27 მაისს სპს “მზია სორდიას” წარმომადგენელმა ქ. პენტენავამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა საკასაციო საჩივრით, ხოლო 2003წ. 10 აგვისტოს თვით სპს “მზია სორდიას” დირექტორმა – დამატებითი საკასაციო საჩივრით.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მისი მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ ასევე დაარღვია საპროცესო ნორმები, რასაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, კერძოდ:

1. სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლის შესაბამისადაც სადავო ჯიხური თვითნებური ნაგებობაა და თვითნებურად არის ჩადგმული ფარდულის წინ. ამ დოკუმენტის მიღებაზე და განხილვაზე უარის თქმით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 380-ე მუხლის მოთხოვნა. კასატორის მოსაზრებით, ამ მტკიცებულების მიღება და გამოკვლევა ხელს არ უშლიდა საქმის დროულ განხილვას;

2. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და შეფასება არ მისცა მოსარჩელის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ ჯიხური ხელს უშლის ფარდულის კედელში დამატებითი ფანჯრისა და კარების ღიობის გაკეთებას, ამასთან ნესტიანდება მისი ფარდულის კედელი. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ადგილზე დათვალიერების ოქმის ის ნაწილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ჯიხური ფარავდა ფარდულის კედელს;

3. სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა სადავო ჯიხურზე მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობის საკითხი, რომ არ გამოუკვლევია, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ფლობდა იგი ამ ჯიხურს;

4. სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვადის დარღვევით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და სათანადო შეფასება არ მისცა მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის ჯიხური მას ხელს უშლის ფარდულზე დამატებითი ფანჯრისა და კარების ღიობის გაჭრაში. სააპელაციო სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა საქმეში არსებული ექსპერტის კონსულტაციის აქტს, რომლის შესაბამისადაც ფარდულზე შესაძლებელია ღიობის მოწყობა.

სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია რა სამართლებრივი საფუძვლით ფლობდა მოპასუხე სადავო ჯიხურს და გამოკვლევის გარეშე მიიჩნია იგი ჯიხურის მართლზომიერ მფლობელად.

სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, რა სამართლებრივი საფუძვლით არის სადავო ჯიხური ჩადგმული მოსარჩელის ფარდულის კედელთან, არსებობს თუ არა ამის თაობაზე სათანადო ნებართვა და დაცულია თუ არა ნაგებობების კედლებს შორის დაცილების ნორმები.

სსკ-ს 222-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური სასამართლოს თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისას მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამოკვლევას.

ამავე კოდექსის 380-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები.

მოცემული დავის გადაწყვეტილების დროს სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, გამოერკვია სადავო ჯიხური რა სამართლებრივი საფუძვლით იყო განლაგებული მოსარჩელის ფარდულის გვერდით, ვინ იყო მისი მესაკუთრე და დაცული იყო თუ არა შენობის ერთმანეთზე დაშორების მანძილი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, მხარისათვის თვითონ უნდა დაესვა ის შეკითხვები, რომელიც ხელს შეუწყობდა სარჩელში მითითებულ გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებათა დამადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამოკვლევას. ამის ნაცვლად სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი, რომლიც ხელს შეუწყობდა ზემოთ მითითებული გარემოებების გამოკვლევას.

სსკ-ს 382-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

სსკ-ს 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ახალი ფაქტები და ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო მოეყვანა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ უხეში გაუფრთხილებლობის გამო არ წარადგინა ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების განხილვა ხელს არ შეუშლიდა სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულ განხილვას, პირიქით, ამ მტკიცებულებების გამოკვლევა ხელს შეუწყობდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებას, ამიტომ იგი უნდა მიეღო სასამართლოს და განეხილა დადგენილი წესის შესაბამისად.

ზემოთ მითითებული გარემოებების გამო საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და იგი განჩინებაში აღნიშნული გარემოებების გარკვევების მიზნით, უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა დ გ ი ნ ა :

სპს “მ. ს.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.