Facebook Twitter

¹ ას-102-806-03 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: მემკვიდრეობის მოწმობაში ცვლილებების შეტანა და მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისში ... 1928 წლიდან ცხოვრობდა მოსარჩელე ნ. ს.-ის მამა ბ. ს.-ე მეუღლესთან ვ. ფ.-სთან და შვილებთან _ ნ. და გ. ს.-ებთან ერთად. 1937 წელს ბ. ს.-ე ხელმეორედ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში შევიდა მოპასუხე თ. ქ.-სთან, რომელთანაც შეეძინა შვილები: დ. და ფ. ს.-ეები. ბ. ს.-მ 1952 წელს იყიდა ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლი. ბ. ს.-ე გარდაიცვალა 1981 წელს, რის შემდეგაც თ. ქ.-მ დაადგინა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ბ. ს.-ესთან ქორწინების რეგისტრაციის შესახებ. 1988 წელს თ. ს.-მ ქუთაისის ¹... სანოტარო ბიუროს მეშვეობით მიიღო კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა სადავო სახლზე და გადაიფორმა ის თავის სახელზე. 1998წ. 12 თებერვალს სადავო სახლი თ. ქ.-მ აჩუქა თავის შვილს ფ. ს.-ს.

ნ. ს.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ქ.-ისა და ნოტარიუს პ. ბ...-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მამის _ ბ. ს.-ის დანაშთი ქონების კერძოდ, ქუთაისში, ... მდებარე სახლის 1/6 ნაწილზე მემკვიდრედ ცნობა (შემდეგში ნ. ს.-მ გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა სამემკვიდრეო სახლიდან 1/5 ნაწილი) შემდეგი საფუძვლით: თ. ქ.-მ სამკვიდრო სახლი მემკვიდრეობით მიიღო ფარულად და შემდეგ სახლი აჩუქა ფ. ს.-ს. იგი მამის გარდაცვალების დროიდან ცხოვრობს სადავო სახლში და ფაქტობრივად მიღებული აქვს მემკვიდრეობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ს.-ის სარჩელი. სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 556-ე მუხლი, რომლის თანახმად ჩათვალა, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს მემკვიდრეობის მიღების ვადა. საქალაქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ნ. ს.-მ უარი თქვა მემკვიდრეობაზე თ. ქ.-ის სასარგებლოდ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს.-მ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნ. ს.-ე ცნობილ იქნა სადავო სახლის 1/6-ის მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნოტარიუსმა პ. ბ.-მ და მოპასუხე თ. ქ.-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას. საკასაციო სასამართლოს განჩინებით საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია სადავო სახლი შეძენილი იყო თუ არა მოსარჩელის მამის და თ. ქ.-ის ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში და არის თუ არა სადავო სახლის ნახევრის მესაკუთრე თ. ქ.-ე.

საქმის ხელახალი განხილვის დროს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილი იქნა მამის – ბ. ს.-ის დანაშთი ქონების – საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქუთაისში, ... მემკვიდრედ; ცვლილება შევიდა ქუთაისის ¹... სანოტარო ბიუროს მიერ 1988წ. 18 მაისს ბ. ს.-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში; ბათილად იქნა ცნობილი თ. ქ.-სა და ფ. ს.-ს შორის 1998წ. 12 თებერვალს დადებული სადავო სახლის ჩუქების ხელშეკრულება, ნ. ს.-ის კუთვნილი წილის გასხვისების ნაწილში და ამ მიმართებით შევიდა ხელშეკრულებაში ცვლილება.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო სახლი არ წარმოადგენს ბ. ს.-ისა და თ. ქ.-ის მეუღლეთა თანასაკუთრებას, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ქ.-მ 1988 წელს ქუთაისის ¹... სანოტარო კანტორიდან აიღო მემკვიდრეობის მოწმობა, რომლითაც იგი ცნობილ იქნა ბ. ს.-ის ერთადერთ მემკვიდრედ, ამის შემდეგ 1998წ. 12 თებერვალს ჩუქების ხელშეკრულებით თ. ქ.-მ სადავო სახლი გაასხვისა ფ. ს.-ეზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ს.-ე მამის გარდაცვალების დროიდან ფაქტობრივად დაეუფლა სამემკვიდრეო სახლს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ქ.-მ, ფ. ს.-მ და ნოტარიუსმა მ. ბ.-მ, რომლითაც ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: გადაწყვეტილებაში არასწორად არ ჩაითვალა სადავო სახლი ბ. ს.-ისა და თ. ქ.-ის, როგორც მეუღლეების თანასაკუთრებად. ის გარემოება, რომ ქორწინების რეგისტრაცია ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ მოხდა არ ნიშნავს, რომ ამ დროიდან გახდნენ ბ. ს.-ე და თ. ქ.-ე ცოლ-ქმარი. დ. და ფ. ს.-ეების დაბადების მოწმობიდან დგინდება, რომ ისინი შეუღლდნენ 1937 წელს, ასევე არასწორად არის გადაწყვეტილებაში აღნიშნული, რომ ნ. ს.-ე ცხოვრობდა სამკვიდრო სახლის კანონიერ ნაგებობაში. ოჯახის წევრის პირადი ურთიერთობა სხვა წევრებთან არ ნიშნავს ქონების დაუფლებას. სააპელაციო სასამართლომ ნ. ს.-ის მოთხოვნა გაზარდა მოპასუხეთა თანხმობის გარეშე. გარდა ამისა, გადაწყვეტილებით ისე შევიდა ცვლილებები ჩუქების ხელშეკრულებაში, რომ ფ. ს.-ე მოპასუხედ არ ყოფილა პროცესში ჩაბმული და იყო მე-3 პირი დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავალა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო სახლის შეძენის დროს ბ. ს.-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხე თ. ქ.-სთან არ იმყოფებოდა. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ რადგან მათი შვილები დაბადებული არიან 1937 წლამდე ისინი რეგისტრირებული ცოლ-ქმარი იყვნენ. ბ. ს.-ე და თ. ქ.-ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ საქორწინო ურთიერთობა ქორწინების რეგისტრაციის გარეშე სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, ქორწინების რეგისტრაცია კი მოხდა 1983 წელს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ბ. ს.-ის გარდაცვალების შემდეგ ტყიბულის მმაჩის განყოფილებაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია სადავო სახლი ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში შეძენილად. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ს.-ის გარდაცვალების შემდეგ ნ. ს.-მ ფაქტობრივად მიიღო მამის დანაშთი ქონებიდან მემკვიდრეობა. კერძოდ, ქუთაისში მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლი. მოპასუხე არ უარყოფს, რომ ნ. ს.-ე მამის გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც ცხოვრობდა სადავო სახლში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 556-ე მუხლის თანახმად, სწორად მიიჩნია, რომ ნ. ს.-ს ფაქტობრივად მიღებული აქვს მემკვიდრეობა. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოსარჩელე ს.-ე ცხოვრობდა სადავო სახლის უნებართვო მინაშენში, რადგანაც აღნიშნული საქმის მასალებით, არ დასტურდება. პალატა იზიარებს კასატორ ფ. ს.-ის მოსაზრებას, რომ იგი საქმეში ჩაბმული უნდა ყოფილიყო არა მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, არამედ იგი უნდა ყოფილიყო მოპასუხე, მაგრამ პალატა ითვალისწინებს, რომ ფ. ს.-ე მონაწილეობდა პროცესის მსვლელობაში, ჰყავდა ადვოკატი გ. კ.-ე, რომელიც ახორციელებდა მისი უფლებების დაცვას პროცესში. ფ. ს.-მ ისარგებლა ყველა იმ უფლებით, რაც გააჩნია საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით მოპასუხეს, მათ შორის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არც ფ. ს.-ს და არც მის წარმომადგენელს, საქმის განხილვის დროს არასოდეს პრეტენზია არ გამოუთქვამთ იმის შესახებ, რომ ისინი საქმეში ჩაბმულიყვნენ არა მოპასუხეებად, არამედ მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. პალატა თვლის, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ შეიძლება გახდეს ის გარემოება, რომ ფ. ს.-ე პროცესში არ იყო მოპასუხე. სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სწორია და ის უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ქ.-ის, მ. ბ.-ისა და ფ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.