გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-104-797-03 19 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: სადაზღვევო თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. შ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სადაზღვევო კომპანია “ა.” მიმართ და მოითხოვა 3070 ლარის გადასახდელად მოპასუხისათვის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ ა. გ-ემ სადაზღვევო ხელშეკრულება დადო “ა.” სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ მესამე პირების სასარგებლოდ. 2001წ. 22 ივნისს ა. გ-ის კუთვნილი ავტომანქანით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა მისმა შვილმა ა. გ-ემ, რომელიც მინდობილობით მართავდა მამის კუთვნილ ავტომანქანას, რის შედეგადაც მან მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება და დღეის მდგომარეობით არის მეორე ჯგუფის ინვალიდი.
ა. გ-ემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო ეცნობებინა სადაზღვევო კომპანიისათვის. მოპასუხეს აღნიშნულის შესახებ აცნობა მამამისმა – ა. შ-მა 2001წ. 24 ივლისს, 30 დღიან ვადაში, მაგრამ სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე.
მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრვ საფუძვლად მიუთითა “ავტომოტოტრანსპორტის მფლბელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე, მეოთხე, მერვე, მეთერთმეტე მუხლები და სკ-ს 839-ე, 889-ე, 999-ე, 1008-ე მუხლები. ძირითადი თანხის გარდა მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დამატებით მოითხოვა 2001წ. 24 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცირებულ დღეზე 0,1%-ის დარიცხვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაზარალებულს და მის წარმომადგენელს “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვათლისწინებულ ვადაში არ უცნობებია მათთვის და არ წარუდგენია ცნობები მიყენებული ზიანის დროის, ადგილის, მიზეზისა და სხვა გარემოების შესახებ. აღნიშნულის გარდა, მოპასუხემ მიუთითა, რომ სადაზღვევო ხელშეკრულება დადებული ჰქონდა ავტომანქანის მფლობელ ა. გ-ესთან, ხოლო ავტომანქანას მინდობილობის გარეშე არამართლზომიერად მართავდა მისი შვილი, რომლის მიერ ჩადენილ ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება, რის გამოც მოსარჩელეს არა აქვს უფლება მოითხოვოს სადაზღვევო თანხის ანაზღაურება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა. გ-ე არამართლზოგიერად, მინდობილობის გარეშე მართავდა ავტომანქანას. სასამართლომ მიიჩნია, რომ “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონი არამართლზომიერი მფლობელის მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიისაგან არ ითვალისწინებს. სასამართლომ ასევე სარჩელი მიიჩნია ხანდაზმულად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2000წ. 17 აგვისტოს ა. გ-ესა და და სადაზღვევო კომპანია “ა.” შორის დაიდო სადაზღვევო ხელშეკრულება ავტომანქანის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ მესამე პირების წინაშე.
სადაზღვევო კომპანია “ა.” სადაზღვევო კომპანია “ა.” უფლებამონაცვლეა.
2001წ. 22 ივნისს ა. გ-ის კუთვნილი ავტომანქანით ავტოსაგზო შემთხვევა მოახდინა მისმა შვილმა ა. გ-ემ, რა დროსაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო გ. შ-მა, რომელიც დღეის მდგომარეობით მეორე ჯგუფის ინვალიდია.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადაზღვევო კომპანია პასუხს აგებს მხოლოდ ა. გ-ის მიერ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისაგან გამომდინარე შედეგებზე, ხოლო ა. გ-ესთან მოპასუხეს ხელშეკრულება არ ჰქონია დადებული, რის გამოც იგი პასუხს არ აგებს. დანანჩენ ნაწილში სააპელაციო პალატამ გაიზიარა ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები, სამართლებრივი შეფასება და 2003წ. 13 მარტის განჩინებით უცვლელად დატოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი და მეორე მუხლები.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია. კასატორს ასევე მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ბ’’ პუნქტის თანახმად ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი არის ნებისმიერი პირი, რომლის საკუთრებაშია ავტომოტოტრანსპორტი ან მართლზომიერად განაგებს მას.
სკ-ს 999-ე მუხლის I ნაწილის თანახმად მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც კანონიერი საფუძვლებით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელად არ ჩაითვლება პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას მფლობელის ნებართვის გარეშე ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე (მძღოლები, მემანქანეები და სხვა) ანდა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
სკ-ს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. ამასთან მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
მითითებული ნორმის თანახმად მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოიშობა, თუ იგი სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს სხვა პირს ან, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია ავტომანქანის სამართავად, ანდა მფლობელის ბრალის გამო შესაძლებელი გახდა მისი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება. აქედან გამომდინარე მფლობელის ზიანის ანაზრაურების ვალდებულება (სამოქალაქო პასუხისმგებლობა) წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. ე.ი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ მართავს სატრანსპორტო საშუალებას.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით).
აღნიშნულიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრა ეფუძნება იურიდიულ და არა ფიზიკურ მფლობელს.
სკ-ს 843-ე მუხლი ითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობას სავალდებულო დაზღვევისას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფალია დამზღვევის წინაშე მოვალეობისაგან, მისი პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ძალაშია სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ავტოტრანსპორტის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ყოველ ავტომოტოტრანსპორტზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ავტომოტოტრანსპორტის მფლობელს ეძლევა სადაზღვევო პოლისი წარმდგენზე, რომელშიც ფიქსირდება ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური მონაცემები.
სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი კისრულობს ვალდებულებას ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში გაათავისუფლოს დაზღვეული იმ მატერიალური პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ეკისრება ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო (მუხლი 4).
ამდენად, ავტომანქანის მფლობელები მოვალენი არიან დააზღვიონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. დაზღვეულის პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი ავტომანქანის ექსპლუატაციას, ე.ი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ მართავს ავტომანქანას, ზიანი უნდა მოჰყვეს დაზღვეულის ავტომანქანის ექსპლუატაციას. სადაზღვევო პოლისით იფარება ავტომობილის ექსპლუატაციით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა. აღნიშნულის დადასტურებაა ის გარემოება, რომ დაზღვევის ვალდებულების შესრულება კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან. საგზაო პოლიციის ორგანოებს ევალებათ არ გაატარონ ტექნიკურ დათვალიერებაზე ის ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც გაფორმებული არა აქვს შესაბამისი დაზღვევა (მუხლი 6).
უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს მიყენებული ზიანისათვის კომპენსაცია დამზღვევისაგან კონკრეტული ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობისაგან დამოუკიდებლად. თავის მხრივ დამზღვევს შეუძლია რეგრესული სარჩელი წარადგინოს ზიანის მიმყენებლის წინააღმდეგ.
“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის თანახმად მზღვეველს, რომელმაც დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი, უფლება აქვს მფლობელს რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა შემდეგ შემთხვევებში:
ა)ზიანის განზრახ მიყენებისას;
ბ)ავტომოტოტრანსპორტის ალკოჰოლური, ტოქსიკური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას;
გ)მართვის უფლების გარეშე ავტომოტოტრანსპორტის მართვისას.
მოთხოვნა რეგრესის წესით წარედგინებათ აგრეთვე პირებს, რომლებიც არაკანონიერად ფლობდნენ ავტომოტოტრანსპორტს, აგრეთვე ტექნიკურ დათვალიერებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების წესების დარღვევით გატარების ფაქტი.
ამდენად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დროს ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილია დაზარალებული მესამე პირის დარღვეული უფლებების დაცვა. სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ამ კანონის თანახმად ძალაშია. სადაზღვევო კომპანია მოვალეა დაზარალებულს აუნაზღაუროს ზიანი და შემდგომ კი რეგრესული სარჩელით მოითხოვოს ბრალეული პირისაგან გადახდილი თანხების დაბრუნება.
ამ კანონის 22-ე მუხლის თანახმად დაზარალებულის ინტერესები დაცულია ასევე იმ შემთხვევაში, როცა ზიანი გამოწვეულია დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტით, დაუდგენელი და გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის ფონდიდან.
მოცემულ საქმეზე ავტომანქანა, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დადგენილია. ავტომანქანა გატაცებული არ ყოფილა და ამ ავტომანქანის მფლობელის პასუხისმგებლობა დაზღვეული იყო მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის მიერ. აქედან გამომდინარე სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის ფონდიდან ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა ,,ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ,, კანონის პირველი და მეორე მუხლები, არ გამოიყენა სკ-ს 843-ე, 999-ე მუხლები, რის შედეგადაც საქმეზე გააკეთა არასწორი დასკვნა იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანია პასუხს აგებს მხოლოდ ა. გ-ის მიერ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისაგან გამომდინარე შედეგებზე.
რაც შეეხება სააპელაციო პალატის განჩინების იმ ნაწილს, სადაც მითითებულია, რომ დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატა იზიარებს ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულ ნაწილში განჩინება დაუსაბუთებელია. დადგენილი არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამო შეუძლებელია ამ ნაწილში განჩინების სამართლებრივი შეფასება.
ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მოსცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 13 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.