საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №730აპ-22 თბილისი
კ-ო ვ-ი, 730აპ-22 26 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ვ. კ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 11 აპრილიდან.
2. განაჩენის მიხედვით, ვ. კ-ოს მსჯავრი დაედო ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
3. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 10 აპრილს, საღამოს საათებში, რ-ში, მ-ის ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე, ვ. კ-ომ, გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ზ-ის საფლავიდან მოხსნა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 177 კილოგრამი ალუმინის დეტალები, რის შედეგადაც ს. ბ-ეს მიადგა 531 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. კ-ს ადვოკატმა ა. ც-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ. კ-ს გამართლება. ალტერნატივის სახით, მან მოითხოვა ვ. კ-ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებიდან ამავე კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება. დაცვის მხარემ მიუთითა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს, რომლებიც არ იყო უტყუარი. ამასთან, სასამართლომ არასწორად შეაფასა ეს მტკიცებულებები და ვ. კ- დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისათვის, ხოლო ფაქტობრივად მას მსჯავრი წარედგინა საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის ჯგუფურად, რაც უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის ჯგუფურად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
· ვ. კ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;
· ვ. კ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 11 აპრილიდან.
6. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ვ. კ-ს მსჯავრი დაედო საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 10 აპრილს, საღამოს საათებში, რ-ში, მ-ის ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე, ვ. კ-მ, გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, ზ-ის საფლავიდან მოხსნა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 177 კილოგრამი ალუმინის დეტალები.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებასა და მსჯავრდებულ ვ. კ-ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირებას. პროკურორი მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ არგუმენტებზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლი გაერთიანებულია ამ კოდექსის 32-ე თავში, რომელიც მოიცავს დანაშაულებს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მოტივი არის მიცვალებულის უპატივცემულობა, რის გამოც ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ როდესაც პირს აქვს კონკრეტული მიზანი - საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებით მიიღოს ქონებრივი სარგებელი და როდესაც არსებობს დაზარალებული, რომელსაც ქონებრივი ზიანი მიადგა აღნიშნული ქმედებით, გამოკვეთილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. ამასთან, ვ. კ- იმავე ალუმინის დეტალებს დაზარალებულის ეზოდან რომ დაუფლებოდა - იქნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება და ვინაიდან საფლავიდან ნივთის ქურდობა მორალურად უფრო მძიმეა, ხოლო სასჯელი - ნაკლები, პროკურორი მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანი არ იყო ასეთი ქმედების ჩამდენ პირთა წახალისება უფრო მსუბუქი სასჯელით, თუ ისინი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს საფლავებზე ჩაიდენდნენ, რის გამოც, პროკურორის მოსაზრებით, ქმედების კვალიფიკაციისათვის მოტივს აქვს მნიშვნელობა და ქონებრივი სარგებლის მიღების მოტივით საფლავიდან ნივთის დაუფლება იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება ვ. კ-ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებიდან ამავე კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში.
11. ამასთან, ვ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციასთან მიმართებით კასატორის მოთხოვნის შესახებ საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ არგუმენტაციას, რომ ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, დანაშაულის ჩამდენ პირს გააჩნდეს კონკრეტული მოტივი - უპატივცემულობა გამოიჩინოს მიცვალებულის მიმართ, ხოლო თუ პირს არანაირი კავშირი და ინტერესი არ აქვს მიცვალებულისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ და იკვეთება მატერიალური ინტერესი, ქმედება იძლევა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შემადგენლობას - სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა და მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება არ წარმოადგენს მოტივსა და სხვა სუბიექტურ ნიშნებზე დაფუძნებულ დელიქტს. მოტივი შესაძლებელია იყოს როგორც მიცვალებულთან დაკავშირებული, ასევე სხვა, მათ შორის - საფლავზე არსებული ნივთის საკუთარი შეხედულების მიხედვით განკარგვა, მიცვალებულის უპატივცემულობას კი იწვევს თავად ქმედება - საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ხოლო მიცვალებულის მიმართ უპატივცემულობის ინტერესის ან მასთან რაიმე კავშირის არსებობას კანონმდებელი ქმედების ჩამდენისაგან არ მოითხოვს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე