Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-106-794-03 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელლობიდან ნივთის გამოთხოვა და მიწით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. და ც. ო-ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს ე. ო-ის მიმართ და მოითხოვეს უკანონო მფლობელობიდან 0,4 ჰა მიწის ნაკვეთის დაბრუნება, კანონიერი მოქმედების ხელშეშლის აღკვეთა, ასევე უკანონო მფლობელობის დროს მიღებული სარგებლის 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მიწის სარეფორმო კომისიამ მათ მიაკუთვნა 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც თავიდან სრულად არ ფლობდნენ. 2001 წელს მოპასუხეს ჩამოერთვა ზედმეტი მიწის ნაკვეთი და მიეკუთვნა მათ. მიუხედავად ამისა მოპასუხე მაინც ფლობდა, ამუშავებდა და იღებდა მოსავალს აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან. მათ მიერ, ასევე უბნის ინსპექტორის მიერ არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მოპასუხე შეეწყვიტა მიწით სარგებლობა, მაგრამ ამ გაფრთხილებას სასურველი შედეგი არ მოყვა.

მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას ამყარებდნენ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მათზე გადაცემულ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია, საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულებანი არ გააჩნია, მაგრამ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა მისი ოჯახი და მიაჩნია, რომ მათ ეკუთვნით მიწაც და მოსავალიც.

ხარაგულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. და ც. ო-ების სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებს დაუბრუნდათ მიწის ნაკვეთი, რომლითაც მოპასუხე უკანონოდ სარგებლობდა. მოპასუხეს ასევე აეკრძალა ამ ნაკვეთების შემდგომი დამუშავება და განკარგვა. მასვე დაეკისრა 325 ლარის გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 მარტის განჩინებით ე. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ, სსკ-ს 365-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების სახით 325 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ იყო დასაშვები, რის გამოც იგი სააპელაციო პალატის გასჯის საგანი ვერ გახდება.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდნენ მოპასუხეები. მიწის რეფორმის შემდეგ მამა-შვილ მ. და ე. ო-ებს ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 1 ჰა და 60 კვ.მ-ისა აღმოაჩნდათ 2 ჰა და 30 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

სოფლის გამგებლის განმარტების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს არაერთხელ შესთავაზეს აერჩია მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთი, ხოლო ზედმეტი დაეტოვებინა, რათა ჩამონაჭერით მომხდარიყო იმ პირთა დაკმაყოფილება, რომელთაც შესავსები ჰქონდათ მიწის ნაკვეთები. მოპასუხეებმა არჩევანი არ გააკეთეს, რის შემდეგაც კომისიამ, რომელიც აწარემოებდა კუთვნილი მიწების ხელახალ მიზომვას, სწორედ სადავო ნაკვეთი ჩამოაჭრა მოპასუხეებს და იგი მოსარჩელეებს მიუზომა, რაზედაც გაიცა მოსარჩელეებზე საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობები.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ 2001 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ სადავო მიწის ნაკვეთები არის მოსარჩელეთა საკუთრება და მათი მოთხოვნა საფუძვლიანია.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ო-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 11 თებერვლის ¹166 ბრძანებულება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 1992 წლამდე კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები გადაეცათ კერძო საკუთრებაში.

კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მოსარჩელეები მოითხოვდნენ 0,46 ჰა მიწის ნაკვეთის დაბრუნებას, ამასთან მათ მიერ წარმოდგენილ საკუთრების მოწმობებში ასეთი ფართის მიწის ნაკვეთი აღნიშნული არ არის. სადავო ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა 1992 წლამდე, როგორც ცალკე კომლი კოლმეურნეობის ნებართვით, სასამართლომ კი კანონის უგულებელყოფით სცნო მოსარჩელეების საკუთრებად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ე. ო-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სადავო მიწის ნავკვეთი არის მოსარჩელეთა საკუთრება და აღნიშნულ მიწის ნაკვეთს უკანონოდ ფლობს და სარგებლობს მოპასუხე. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას საკასაციო პალატა სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მიიჩნევს სავალდებულოდ, რადგან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი არ მიუთითებს ისეთ გარემოებაზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც გამორიცხადა ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ კანონის უგულვებელყოფით სადავო მიწის ნაკვეთი სცნო მოსარჩელეების საკუთრებად, რადგან სააპელაციო პალატამ 2001 წელს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობების საფუძველზე სცნო სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელეების საკუთრებად, ხოლო მოპასუხეებმა კი სადავო მიწაზე მათი უფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცება ვერ წარადგინეს. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არასწორად ჩამოართვეს სადავო მიწის ნაკვეთი და არასწორად მიუზომეს მოსარჩელეებს, აღნიშნულზე მართებულად არ იმსჯელა სააპელაციო პალატამ, რადგან იგი არ ყოფილა სარჩელის საგანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა. ამდენად, გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და შესაბამისად მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.