საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1069აპ-22 თბილისი
მ. მ., 1069აპ-22 16 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენზე სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. მ-ს ბრალი დაედო:
ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობასა და სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი);
ü ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის ნივთის განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o მ. მ- 2007 წლის 3 აპრილიდან 2020 წლის 17 თებერვლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. კ-ასთან. იგი გ. კ-ასა და თავის არასრულწლოვან შვილთან - მ. მ-ასთან ერთად 2020 წლის 4 ივლისამდე ცხოვრობდა ქ. ს-ში, თ. დ-ას ქუჩის №-ში მდებარე სახლში;
o 2015 წლიდან მ. მ- მ. მ-ას თანდასწრებით, პირადი უთანხმოებისა და ეჭვიანობის გამო, გ. კ-ას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ: აგინებდა როგორც მას, ასევე მის მშობლებს. 2020 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ზემოაღნიშნულ სახლში მ. მ-მ, მ. მ-ას თანდასწრებით, იძალადა გ. კ-აზე, კერძოდ: თავში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა;
o მ. მ-, მ. მ-ას თანდასწრებით, პირადი უთანხმოებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, გ. კ-ას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ: აგინებდა როგორც მას, ასევე მის ახლობლებს. 2020 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ზემოაღნიშნულ სახლში მ. მ-მ იძალადა გ. კ-აზე, კერძოდ: მხრებში ძლიერად ჩაავლო ხელი და დაეჯაჯგურა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა;
o 2020 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. ს-ში, თ. დ-ას ქუჩის №-ში მდებარე სახლში, მ. მ- შევიდა გ. კ-ას საძინებელში და აიღო მისი კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერების მიზნით. გ. კ-ამ მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რის გამოც იგი გაბრაზდა და გაანადგურა 200 ლარად ღირებული, გ. კ-ას კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განაჩენით მ. მ-, - - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორ ეპიზოდში) და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დავით პაპავამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; მ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორ ეპიზოდში) და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დავით პაპავამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; მ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორ ეპიზოდში) და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
7. გამართლებულ მ. მ-ს ადვოკატი რევაზ მიქაია საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. მ-ს ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამასთან, დამატებით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, რომელიც განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე