გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-108-801-02 30 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, საკადასტრო რუკისა და სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 1 ოქტომბრის ¹2/389 სააღსრულებო ფურცლით ე. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა რ. თ-ას 738 აშშ დოლარის გადახდა. რადგან რ. თ-ამ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ხობის რაიონის სოფ. პატარა ფოთში ორჯერ იქნა გატანილი აუქციონზე გასაყიდად სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ. ვინაიდან მეორე აუქციონზეც არ მოხდა ქონების რეალიზაცია, ე. შ-ის განცხადების საფუძველზე ეს საცხოვრებელი სახლი ნატურით გადაეცა მას უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2001წ. 31 მაისის აქტის საფუძველზე. ე. შ-ი 2001წ. 6 ივნისს რეგისტრირებული იქნა ხობის რაიონის სოფ. .... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში. რ. თ-ას წარმომადგენელმა დ.ს-ამ 2001წ. 7 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლის თაობაზე პ. თ-ასთან. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში რეგისტრირებული იქნა პ. თ-ა 2001წ. 7 სექტემბერს.
ვინაიდან ეს საცხოვრებელი სახლი უკვე რეგისტრირებული იყო ე. შ-ის სახელზე, მან სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ხობის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფროსის ზ. ზ-ას, ხობის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის ქ-ას, ხობის რაიონის ნოტარიუსის ზ. კ-ას, პ. თ-ასა და რ. თ-ას მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების, მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაცემული საკადასტრო რუკისა და სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება.
ხობის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით ე. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხობის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ პ. თ-ას სახელზე 2001წ. 7 სექტემბერს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, ბათილად იქნა ცნობილი ასევე ხობის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2001წ. 10 სექტემბერს პ. თ-ას სახელზე გაცემული საკადასტრო რუქა ¹45/08/105, გაუქმდა რ. თ-ას წარმომადგენლის დ. ს-ასა და პ. თ-ას შორის 2001წ. 7 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
ხობის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა პ. თ-ას წარმომადგენელმა ზ. ქ-ემ. მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ, ბოლოს
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პ.თ-ას წარმომადგენელი ზ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ხობის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 მარტის გადაწყვეტილება. ე. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 2001წ. 7 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება რ. თ-ას წარმომადგენლის დ.ს-ასა და პ.თ-ას შორის (რეესტრი ¹....), გაუქმდა ხობის რაიონის ტექაღრიცხვის სამსახურის 2001წ. 7 სექტემბრის სარეგისტრაციო მოწმობა გაცემული პ.თ-ას სახელზე; გაუქმდა პ.თ-ას სახელზე გაცემული ხობის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2001წ. 10 სექტემბრის საკადასტრო რუკა ¹45/08/105.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით,M რომ ე. შ-ისათვის სადავო საცხოვრებელი სახლის ნატურით გადაცემის 2001წ. 31 მაისის აქტი მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუსაჩივრებია, მისი ნამდვილობა არ წარმოადგენს დავის საგანს და ძალაშია. ე. შ-ი სადავო ბინის მესაკუთრეა სკ-ს 183-ე და 301-ე მუხლის პირველი ნაწილის, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 75-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო საცხოვრებელ სახლზე. 2001წ. 7 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს პ. თ-ასათვის ცნობილი იყო, რომ რ.თოფურიას ედავებოდა ამ ქონებაზე ე.შ-ი და რ.თ-ა არ იყო ამ ბინის მესაკუთრე. ამიტომ პ.თ-ა არ შეიძლება ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად. პალატამ ჩათვალა, რომ პ. თ-ასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგო გარიგებაა და სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შესაბამისად უნდა გაუქმდეს ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობა და საკადასტრო რუკა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ნ. ტ-ას მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული; ვინაიდან დავა შეეხება საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას, ამიტომ დანარჩენი მოთხოვნები გამომდინარეობენ თავდაპირველი მოთხოვნიდან. ხობის რაიონულ სასამართლოს მოცემული საქმე სსკ-ს მე-11 მუხლის თანახმად უნდა განეხილა არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და თვითონ მიიღო მოცემულ საქმეზე ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა პ. თ-ას წარმომადგენელმა ზ. ქ-ემ, რომელმაც მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადების და ქონების ე. შ-ისათვის გადაცემის მომენტისათვის იგი ირიცხებოდა არა რ. თ-ას სახელზე, არამედ მისი გარდაცვლილი მამის ჯ. თ-აზე. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ე. შ-ისათვის სადავო საცხოვრებელი სახლის ნატურით გადაცემის აქტი არ არის გასაჩივრებული და იგი ძალაშია, რადგან ხობის რაიონულ პროკურატურაში წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღძრულია ხობის რაიონის სასამართლოს აღმასრულებელი გ. გ-ას, ა. ჩ-ას და სხვათა მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ტ” პუნქტით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საქმის მასალების განხილვის, პ. თ-ას წარმომადგენელ ზ. ქ-ის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვინაიდან რ. თ-ამ ვერ გადაუხადა ე. შ-ს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 738 აშშ დოლარი, ამიტომ ე. შ-ს საკუთრებაში გადაეცა ხობის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ფოთის სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2001წ. 31 მაისს შედგენილი უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ აქტის საფუძველზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ვინაიდან ემა შენდრიკისათვის სადავო საცხოვრებელი სახლის გადაცემის აქტის შედგენის დროისათვის ე.ი. 2001წ. 31 მაისისათვის იგი ირიცხებოდა არა რ. თ-ას, არამედ მისი აწ გარდაცვლილი მამის ჯ. თ-ას სახელზე, ამიტომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ე. შ-ის სარჩელი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სკ-ს 183-ე მუხლი და ე. შენდრიკი მიიჩნია სადავო საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ამ მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს. საქმეში წარმოდგენილია ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, რომელშიც მითითებულია, რომ ე. შ-ზე საკუთრების უფლებით 2001წ. 6 ივნისს რეგისტრირებულია ხობის რაიონის სოფ. .... მდებარე საცხოვრებელი სახლი 224.0 კვ.მ. სასარგებლო ფართობით, 49.0 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობით და 2747 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სკ-ს 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემული დავის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია შეგებებული სარჩელი და არ მოუთხოვია ე. შ-ისათვის უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2001წ. 31 მაისის აქტის და უძრავი ქონების საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება. იგი საქმის განხილვისას ძალაშია. რადგან ე. შ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის თაობაზე 2001წ. 7 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება რ. თ-ას წარმომადგენელი დ. ს-ასა და პ. თ-ას შორის, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია აღნიშნული ხელშეკრულება ბათილად როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგება სკ-ს 54-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ვინაიდან ბათილი ხელშეკრულების საფუძველზე ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში პ. თ-ა რეგისტრირებული იქნა სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ, შემდეგ კი ხობის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ 2001წ. 10 სექტემბერს შეადგინა საკადასტრო რუკა ¹15/08/105 პ. თ-ას სახელზე, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ისინი გაუქმებულად.
სააპელაციო სასამართლომ პ. თ-ა სწორად მიიჩნია არაკეთილსინდისიერ შემძენად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. თ-ასათვის სადავო საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ე.ი. 2001წ. 7 სექტემბრისათვის ცნობილი იყო, რომ რ. თ-ას ამ ქონებაზე როგორც მესაკუთრე ედავებოდა ე. შ-ი. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის განხილვისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
სკ-ს 185-ე მუხლის თანახმად შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ. თ-ას წარმომადგენლის ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.