გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-109-803-03 25 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. რ-ე-მ-ემ განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოითხოვა მამიდისა და ბიძის მ. და ვ. ლ-ების მიერ 1942 წლიდან მისი შვილად აყვანის იურიდიული ფაქტის დადგენა, განმცხადებლის განმარტებით, ოჯახური პირობების გამო 1942 წლიდან იზრდებოდა მამიდისა და ბიძის მ. და ვ. ლ-ების ოჯახში სამტრედიის რაიონის სოფ. .... ცოლ-ქმარმა იგი თავიდანვე შვილად გამოაცხადა, მაგრამ საკომლო წიგნებში შვილად აყვანა არ ყოფილა გაფორმებული, რისი მიზეზიც მისთვის უცნობია. შვილად აყვანის რეგისტრაცია ესაჭიროება მემკვიდრეობის აღსადგენად.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. რ-ე-მ-ის განცხადება, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადასტურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ.რ-ე-მ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება; ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტის დასადგენად მოქმედი სკ-ს 1240-ე მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება, ხოლო იმ დროისთვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსით, შვილად აყვანა სასამართლო წესით გათვალისწინებული არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. და ვ. ლ-ების მიერ ლ. მ-ე-რ-ის შვილად აყვანის ფაქტი. ლ. მ-ე-რ-ის წარმომადგენელმა გ. კ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება; საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, ლ-ების მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ფაქტის დაუდგენლობის შესახებ, შედეგია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაციისა.
სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა კანონი (სკ-ს 1507-ე მუხლის I ნაწილი), რომელიც გამოიყენა და უნდა გამოეყენებინა კანონი (სკ-ს 1507-ე მუხლის II ნაწილი), რომელიც არ გამოიყენა, დავა უნდა გადაეწყვიტა სკ-ს 1240-ე მუხლის შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. მ-ე-რ-ე 1942 წლიდან იზრდებოდა მამიდისა და ბიძის _ მ. და ვ. ლ-ების ოჯახში, სამტრედიის რაიონის სოფ. ...; იგი კანონით დადგენილი წესით მათ მიერ შვილად აყვანილი არ ყოფილა; 1954 წელს მ. და ვ. ლ-ები გარდაიცვალნენ.
პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია განმცხადებლის მოთხოვნის სკ-ს ნორმებით გადაწყვეტის შესახებ.
სკ-ს 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სკ-ს ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997წ. 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
ურთიერთობა, ფაქტი, რომლის დადგენასაც განმცხადებელი მოითხოვს (თუ ასეთს საერთოდ ადგილი ჰქონდა,) წარმოიშვა 1954 წლამდე.
სსრ საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის (1947წ. რედაქცით) 65-ე მუხლის მიხედვით შვილად აყვანა მოხდება სამეურვეო და სამზრუნველო ორგანოს დადგენილებით და უნდა გატარდეს, საერთო წესით, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოს რეგისტრაციაში, რომელ ორგანოსაც ამ მიზნით გაეგზავნება აღნიშნული დადგენილების ასლი.
ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად კი არასრულწლოვანის ფაქტობრივი, იურიდიულად გაფორმებელი მიღება ოჯახში წევრად, სასამართლოს შეუძლია საფუძვლად დაუდოს იმას, რომ არასრულწლოვანს მიანიჭოს შენახვის მოთხოვნის უფლება იმ პირისაგან, ვის ოჯახშიც იგი მიღებული იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით შვილად აყვანა სასამართლოს მეშვეობით სასარჩელო ან სხვა წესით გათვალისწინებული არ ყოფილა.
სსკ-ს 435-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.
სსკ-ს 312-ე მუხლის მიერ ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უდავო წარმოების წესით განიხილავს საქმეებს დაბადების, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტების დადგენის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი ცალსახად განსაზღვრავს, რომ უდავო წარმოების წესით შეიძლება განხილულ იქნეს და დადგინდეს იურიდიული ფაქტი შვილად აყვანის რეგისტრაციის თაობაზე, როცა შვილად აყვანა თავის დროზე კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იყო, მაგრამ აღნიშნული ფაქტის რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტების მოპოვება ვერ ხერხდება სხვადასხვა მიზეზის გამო.
განსახილველ შემთხვევაში კი ლ. მ-ე-რ-ე განცხადებაშივე ადასტურებს, რომ მისი შვილად აყვანა რეგისტრირებული არ ყოფილა, რაც გამორიცხავს აღნიშნული ფაქტის უდავო წარმოების წესით დადგენის სამართლებრივ შესაძლებლობას. სარჩელით ლ.მ-ე-რ-ეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. მ-ე-რ-ის წარმომადგენლის გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.