გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-11-714-03 7 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ჩ-ამ და ა. ი-ემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯ. და ა. შ-ების მიმართ და მოითხოვეს დ. ჩ-ასა და ჯ. შ-ეს შორის 1998წ. 7 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ჯ. შ-ემ დ. ჩ-ას შესთავაზა მიეყიდა მის საკუთრებაში არსებული ოთახები, რაზეც შეთანხმდნენ და გააფორმეს მინდობილობა ა. შ-ეზე. დ. ჩ-ას განმარტებით ჯ. შ-ემ მას მოატყუა და ხსენებულ ოთახებთან ერთად გადაიფორმა ის ოთახებიც, რომლებიც 1985 წელს მას მიყიდული ჰქონდა ა. ი-ვის, მაგრამ ამ უკანასკნელს არ ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო ჯ. შ-ისათვის, რადგან მინდობილობის გაცემისას აუხსნა მას ამის შესახებ.
დ. ჩ-ამ სარჩელით მოითხოვა მასა და ჯ. შ-ეს შორის 1998წ. 7 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, ხოლო ა. ი-ემ _ ქ.ბათუმში, ... მდებარე სახლის ლიტერ “ა”-ს მეორე სართულზე არსებულ ¹27,33,35 ოთახებზე, ¹23,24,25,26,31,36 დამხმარე ოთახებზე, ასევე ეზოში მდებარე ორი დამხმარე სათავსო ფარდულზე მესაკუთრედ ცნობა. ასევე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 250 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისი კურსით ლარებში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2002წ. 26 დეკემბერს გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჯ. და ა. შ-ების გამოუცხადებლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ჩერქეზოვას სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი მასა და ჯ. შ-ეს შორის 1998წ. 7 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ჯ. შ-ეზე, ქ.ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობის ¹27-ე, 33-ე და 35-ე ოთახების, ასევე ¹23,24,25,26 დამხმარე სათავსოებისა და ¹31 ოთახის მიყიდვის ნაწილში. ა. ი-ის სარჩელის ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა დ. ჩ-ასთან ზემოაღნიშნულ ოთახებზე და ფარდულზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობას, საქმე წარმოებით შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯ. შ-ემ იმ საფუძვლით, რომ მას უწყება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. დამტარებელი მის სახლში არ მისულა და არც უწყება ჩაუბარებია მისთვის. ჯ. შ-ემ უარყო ის ფაქტი, რომ მან უწყების ჩაბარებაზე განაცხადა უარი, რასაც ადასტურებს იმით, რომ არ არსებობს სათანადო აქტი აღნიშნულის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ჯ. შ-ის საჩივარი, მიიჩნია, რომ მას უწყება ჩაბარდა სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნის დაცვით და 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლოს აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრდა ჯ. შ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას უწყება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 31 მარტის განჩინებით დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ ა. შ-ისათვის გაგზავნილ უწყებაზე დაფიქსირებული წარწერა, რომ მან უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, საქმის მასალებით არ დასტურდება, რადგან იგი არ იმყოფებოდა სახლში, ჯ. შ-ეც იმყოფებოდა სოფელში, ამიტომ იგი უარს ვერ განაცხადებდა უწყების მიღებაზე. ასევე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეებს უწყებების მიღებაზე უარიც რომ განეცხადებინათ, კურიერი ვალდებული იყო სსკ-ს 75-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებზე.
სასამართლოს მითითებული განჩინება გასაჩივრდა ალექსანდრე იაკობიძის საკასაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონით დადგენილი წესით და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2002წ. 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის მთელი რიგი მოთხოვნების დარღვევით. სასამართლოში შეტანილ სარჩელში მოსარჩელეებად მოიხსენიებიან დ. ჩ-ა და ა. ი-ე. ამასთან, როგორც სარჩელშია მითითებული, ა. ი-ე წარმოადგენს დ. ჩ-ას ინტერესებს სასამართლოში. თუმცა სათანადო წესით დამოწმებული რწმუნებულება საქმის მასალებს არ ახლავს. მართალია, დ. ჩ-ას და ი-ეს სასამართლოში შეტანილი აქვთ ერთი სარჩელი, მათი სასარჩელო მოთხოვნები სხვადასხვაა. კერძოდ, დ. ჩ-ა ითხოვს მასსა და ჯ. შ-ეს შორის 1998წ. 7 სექტემბერს დადებული გარიგების ბათილობას, ხოლო ი-ის მოთხოვნა სადავო ბინის ოთახებზე მესაკუთრედ ცნობასა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაში გამოიხატება. ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 დეკემბრის სხდომაზე, როდესაც გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არ გამოცხადდნენ ჯ. და ა. შ-ები. როგორც სხდომის ოქმშია აღნიშნული, სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ დ. ჩ-ას მინდობილობით ა. ი-ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. ჟ-ა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არსებობს დ. ჩ-ას მინდობილობა ა. ი-ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, დ. ჩ-აც არ შეიძლება ჩაითვალოს სხდომაზე გამოცხადებულ მხარედ. რაც შეეხება ა. ი-ეს, მან უარი განაცხადა თავის სასარჩელო მოთხოვნაზე და იგი უკვე აღარ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოსათვის. თანახმად სსკ-ს 230-ე მუხლისა, შუამდგომლობას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე აყენებს მოსარჩელე. ა. ი-ე, მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა სარჩელზე, აღარ წარმოადგენდა მოსარჩელეს, არც მეორე მოსარჩელე ესწრებოდა სხდომას. ასეთ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო. ამასთან, სსკ-ს 233-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც, თუ გამოუცხადებელი მხარე მიწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ა. შ-ისათვის უწყების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი, ამიტომ სასამართლო უფლებამოსილი არ იყო გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე და თვლის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 თებერვლის განჩინება უნდა გაუქმდეს საკასაციო პალატის მიერ მითითებული მოტივების გამო.
ვინაიდან პალატა თვლის, რომ 2003წ. 7 თებერვლის განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, არ არსებობს ა. ი-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.