ბს-1491-1066(კ-06) 3 ნოემბერი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ბოლნისის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. მ-ი
მესამე პირი _ შპს «ხ...»
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 26 ნოემბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. მ-მა მოპასუხე ბოლნისის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბოლნისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 26 ოქტომბრის ¹116 დადგენილების ბათილად ცნობას შემდეგი საფუძვლებით:
2002 წლის 23 იანვარს ბოლნისის რაიონის გამგეობასა და თ. მ-ს შორის დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც თ. მ-ს გადაეცა 13,17 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 10 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა ბოლნისის რაიონის გამგეობის 2001 წლის 20 მარტის ¹18 დადგენილების საფუძველზე. მხარეთა შეთანხმებით, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში ისინი პასუხს აგებდნენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსარჩელე იჯარის ხელშეკრულების მოქმედების დროისათვის ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, იხდიდა საიჯარო ქირას, დანიშნულებისამებრ იყენებდა იჯარით გამოყოფილ მიწას. მიუხედავად აღნიშნულისა, ბოლნისის რაიონის გამგეობამ ძალადაკარგულად ცნო მისივე 2001 წლის 20 მარტის ¹18 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი და მის საფუძველზე გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება. მოსარჩელე საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას უკანონოდ მიიჩნევდა და თვლიდა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რადგან მას არ მიეცა ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის საშუალება. მოპასუხე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ვალდებული იყო ეცნობებინა მისთვის, რადგან ადმინისტრაციული აქტის გამოცემით გაუარესდა მისი სამართლებრივი მდგომარეობა (ს.ფ. 1).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 65-67).
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-ის წარმომადგენელმა ზ. პ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 70-71).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება შპს «ხ...» (ს.ფ. 89-91).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბოლნისის რაიონის გამგეობის 2004 წლის 26 ოქტომბრის ¹116 დადგენილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ გარემოებებს:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბოლნისის რაიონის გამგეობის გასაჩივრებული დადგენილება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, თავისი ფორმითა და შინაარსით წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც ფიზიკური პირის _ თ. მ-ის უფლება-მოვალეობების შეწყვეტას ითვალისწინებდა, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული უნდა ყოფილიყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV და VI თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი უფლებამოსილებას ანიჭებდა ადმინისტრაციულ ორგანოს თავად გამოეცხადებინა ძალადაკარგულად ადმინისტრაციული აქტი, მხოლოდ საამისო პირობების არსებობისას. დადგენილების აღწერილობით ნაწილში მითითებული გარემოება, რომ გამგეობამ დაამტკიცა მიწის საიჯარო კომისიის კანონდარღვევით მიღებული გადაწყვეტილება, რაც ფაქტობრივად გამგეობის მხრიდან კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების მიღების აღიარებას გულისხმობდა, არ შეიძლებოდა განხილულიყო კანონით გათვალისწინებულ იმ საფუძვლად, რასაც მოიაზრებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლი და რასაც შედეგად შეიძლებოდა აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება მოჰყოლოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან იგი გამოცემული იყო კანონდარღვევით (ს.ფ. 103-107).
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, თ. მ-ისათვის მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის დროს დაირღვა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნა, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი მას იჯარით გადაეცა უკონკურსოდ. თ. მ-ს ფაქტობრივად მიენიჭა კანონმდებლობით გათვალისწინებული უპირატესობა _ უკონკურსოდ მიეღო მიწა, მაშინ როცა იგი არ იყო ერთადერთი მსურველი.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტი შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-53-ე მუხლების მოთხოვნებს. ადმინისტრაციული აქტის სარეზოლუციო ნაწილს წინ უძღვის დასაბუთება. აქტში მითითებულია, რომ მიწა გაიცა კონკურსის გარეშე, რის გამოც აქტი, როგორც კანონსაწინააღმდეგო, უნდა ჩაითვალოს ძალადაკარგულად. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მას არასწორად დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან (ს.ფ. 112-114).
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2006 წლის 31 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელე თ. მ-მა, რომელმაც უარი განაცხადა სარჩელზე და მოითხოვა საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სარჩელზე უარის თქმის შესახებ თ. მ-ის შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე შეწყდეს წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც გულისხმობს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თ. მ-მა სარჩელზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. მ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საქმეზე შეწყდეს წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;
4. თ. მ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 30 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღარ დაიშვება;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.