¹ ას-120-813-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ლ.-მ და ე. რ.-მ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მოპასუხე სს “მ.-ში” სამუშაოზე აღდგენა შემდეგი საფუძვლით: სს “მ.-ში” თ. ლ.-ი მუშაობდა სალაროს გამგედ, ხოლო რ.-ი – მოლარედ. 2002წ. 25 თებერვალს ისინი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან საკასო ოპერაციების წარმოების წესების დარღვევის გამო; მოსარჩელეთა განმარტებით მათი გათავისუფლების დროს ადმინისტრაციის მიერ დაირღვა შკკ-ს ნორმები, კერძოდ, მათ არ ჩამორთმევიათ ახსნა-განმარტება. ადმინისტრაციასთან დადებული შრომითი კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის შეწყვეტა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუშაკი არღვევს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას ან შინაგან წესს და მის მიმართ უკვე გამოყენებულია რაიმე დისციპლინარული სასჯელი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე სს “მ.-მ” სარჩელები არ ცნო შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელეები არღვევდნენ საკასო ოპერაციების წესებს; მათ, ხელშეკრულების თანახმად, ეკისრებოდათ მატერიალური პასუხისმგებლობა. აღნიშნულმა დარღვევამ განაპირობა ადმინისტრაციისაგან მოსარჩელეთა მიმართ ნდობის დაკარგვა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელები არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ ადმინისტრაციას შრომის კანონმდებლობა მოსარჩელეთა გათავისფლლების დროს არ დაურღვევია. მოსარჩელეებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება, ისინი არ საჭიროებდნენ 2 თვით ადრე გაფრთხილებას; ის გარემოება რომ გათავისუფლების ბრძანებაში არ არის მითითებული საფუძვლები, სასამართლოს მოსაზრებით, არის ფორმალური რადგან ეს არ ცვლის ფაქტობრივ გარემოებებს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს რ.-მ და ლ.-მ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ლ.-მ, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არაფრად ჩააგდო მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სს “მ.-ში” დღესაც თანხის გაცემა ხდება მხოლოდ მოლარეების მიერ; მინიჭებული ჰქონდა მოლარე-ოპერაციონისტის სტატუსი და ამდენად, კანონი არ დაურღვევია, დარღვევაზე არ ჩამორთმევია ახსნა-განმარტება. სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 პუნქტი, არ შეაფასა მტკიცებულებები, აგრეთვე, არ შეაფასა მისი ადვოკატის საპაექრო სიტყვაში მოყვანილი არგუმენტები იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონის კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თითოეული ბანკის მართვა ხორციელდება შინაგანაწესით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ თ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება რომ 2002წ. 6 თებერვლის აუდიტორულ შემოწმების აქტით სს “მ.-ის” სალომბარდე განყოფილების საკასო განყოფილებაში დარღვეულია ეროვნული ბანკის ¹66ა ბრძანებით დამტკიცებული საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ დებულება, კერძოდ, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერებზე სალომბარდო განყოფილების მოლარეები ოპერატორის გვერდის ავლით ახორციელებდნენ კლიენტებზე ფულის გაცემას. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ თ. ლ.-თან ბანკს 2001წ. 14 მაისს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ. დადგენილად არის მიჩნეული. ასევე რომ თ.ლ.-ს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება აღნიშნულ დარღვევებზე.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
პალატა თვლის, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესახებ კასატორის მიერ წამოყენებული პრეტენზია არც დასაბუთებულია და არც დამატებითი. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არასწორად არ მიიღო მტკიცებულებად ბანკის შინაგანაწესი, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განმარტებულია თუ რის გამო არ იქნა მიღებული მტკიცებულებად ხსენებული დოკუმენტი, რადგან მას არ ჰქონდა საჭირო რეკვიზიტები, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არ იქნა მიღებული მტკიცებულებად გასავლის ორდერები. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განმარტებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი იქნა მხარეთა პაექრობისას, რის გამოც ისინი მტკიცებულებად არ მიიღეს. სსკ-ს 226-ე მუხლის თანახმად, საქმეში მტკიცებულებების განხილვის და შემოწმების შემდეგ სასამართლო ეკითხება მხარეებს ხომ არ სურთ რაიმე დაუმატონ საქმის მასალებს, თუ ასეთი სურვილი არ გამოითქვა სასამართლო საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შემდეგაც დაიწყება მხარეთა კამათი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინებიდან ირკვევა და ამას კასატორიც ადასტურებს, თავის საკასაციო საჩივარში, რომ აღნიშნული მტკიცებულებები წარდგენილ იყო პაექრობის დროს ე.ი. მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაასრულა მტკიცებულებათა გამოკვლევა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიღო აღნიშნული მტკიცებულებები.
პალატა თვლის, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა თ. ლ.-ის სარჩელი, რადგან შკკ-ს 34-ე მუხლის “თ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეწყვიტოს მუშაკთან შრომის ხელშეკრულება, თუ გამოვლინდა იმ მუშაკის ბრალეული ქმედება, რომელიც პასუხისმგებელია ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე, თუ ეს ქმედება ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძელს. მოცემულ შემთხვევაში საკასო ოპერაციების წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციას გააჩნდა ნდობის დაკარგვის საფუძველი თ.ლ.-ის მიმართ, რომელიც სრული მატერიალური პასუხისმგებელი პირი იყო.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.