საქმე # 120100121004858333
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1094აპ-22 ქ. თბილისი
მ-ე დ., 1094აპ-22 22 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის - გიორგი აღლემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 30 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქალაქ ბ-ში, თ-ს ქუჩის პ-ლ შესახვევში, N...-ის მიმდებარედ, ალკოჰოლური სასმლის ჩუქების შესახებ ზ. მ-გან უარის მიღების გამო განაწყენებულმა დ. მ-მ ზ. მ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 31 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქალაქ ბ-ში, თ-ს ქუჩის პ-ლ შესახვევში, N...-ის მიმდებარედ, ალკოჰოლური სასმლის ჩუქების შესახებ ზ. მ-გან უარის მიღების გამო განაწყენებულმა დ. მ-მ ზ. მ-ს მოკვლის განზრახვით, დანის დარტყმით, შემავალი ჭრილობა მიაყენა მუცლის ღრუს არეში, რის შედეგადაც ზ. მ-ს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენით:
2.1. დ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.2. დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 31 მაისიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 30 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქალაქ ბ-ში, თ-ს ქუჩის პ-ლ შესახვევში, N...-ის მიმდებარედ, ალკოჰოლური სასმლის ჩუქების შესახებ ზ. მ-ნ უარის მიღების გამო განაწყენებულმა დ. მ-მ ზ. მ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 31 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქალაქ ბ-ში, თ-ს ქუჩის პ-ლ შესახვევში, N...-ის მიმდებარედ, დ. მ-მ ზ. მ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით, დანა დაარტყა მუცლის არეში, რითაც მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი, ნაკვეთი, სწორკიდეებიანი ჭრილობა დასწვრივი კოლინჯის დაზიანებით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილემ - გიორგი აღლემაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 126-ე მუხლით და კანონიერი სასჯელის შეფარდება.
5.1. მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-მ შესაგებლით მოითხოვა ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის - გიორგი აღლემაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. დ. მ-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება):
7.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. მ-ს მხრიდან ზ. მ-ს მიმართ ჩადენილი სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ზ. მ-ა და მოწმეების - ზ. ჩ-ს, ნ. მ-ს, დ. მ-სა და სხვათა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
8. დ. მ-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება):
8.1. საკასაციო სასამართლო გაეცნო განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, გააანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებების ხარისხი და ბუნება, ასევე მათი სამართლებრივი მისადაგება დ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით ბრალად შერაცხულ ქმედებასთან და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი; ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი დილემა, რაც განსხვავებული იქნებოდა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №227აპ-16; 680აპ-17; 355აპ-19; 329აპ-20; №76აპ-21; 587აპ-21) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
8.2. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დაკითხულ, დაზარალებულ ზ. მ-სა და მოწმეების - დ. მ-ს, ი. მ-ს, ნ. მ-ს, ნ. მ-ს, ე. შ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ სწორედ დ. მ-მ მიაყენა ზ. მ-ს დანით დაზიანება - მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი, სწორკიდეებიანი ჭრილობა დასწვრივი კოლინჯის დაზიანებით, რასაც არც მსჯავრდებული უარყოფს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით ვერ დგინდება დ. მ-ს განზრახვა - მოეკლა ზ. მ-ი. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დ. მ-ს ქმედების კვალიფიკაციას და განსხვავებულ ჭრილში აფასებს მსჯავრდებულის ქმედებებს, ცოდნასა და მისწრაფებას კონკრეტული დანაშაულებრივი შედეგის - დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მისაღწევად. ამდენად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საკასაციო საჩივრის დასაბუთებას დ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობასთან მიმართებით.
8.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ: „ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა - განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის №227აპ-16 და 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 გადაწყვეტილებები). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის სუბიექტური მხარის ისეთი ელემენტის განსაზღვრისას, როგორიც არის მართლწინააღმდეგობის შეგნება და მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის სურვილი, ობიექტურმა დამკვირვებელმა ერთობლივად უნდა შეაფასოს განზრახვის ფორმირების განმსაზღვრელი ფაქტორები და ის წინაპირობები, რაც დამნაშავის კონკრეტულ მისწრაფებაზე ახდენს გავლენას.
8.4. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის გარემოებები, რომ 2021 წლის 30 მაისს დ. მ-სა და ზ. მ-ს შორის მოხდა გარკვეული კონფლიქტი, კერძოდ, ღვინის მიცემაზე უარის თქმის გამო გაღიზიანებულმა დ. მ-მ სახეში ხელი დაარტყა ზ. მ-ს, თუმცა ამ უკანასკნელს არც მოკვლით დამუქრებია და არც დანა უხმარია კონფლიქტის დროს (დ. მ-ს განმარტებით, ამ დღეს მას დასაკეცი დანა ნამდვილად ჰქონდა ჯიბეში, ვინაიდან სჭირდებოდა სუფრაზე, ქეიფისას). ასევე დადგენილია, რომ წარსულში მათ შორის რაიმე მტრობას და ურთიერთდაპირისპირება არ ყოფილა, პირიქით, ისინი არიან ერთმანეთის მეზობლები და დ. მ-ე ზ. მ-ს მეუღლის - ი. მ-ს კლასელია. ამგვარი მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, საფუძველს მოკლებულად მიაჩნია დანაშაულის ჩადენის მოტივი - ღვინის მიცემაზე უარის თქმის გამო განაწყენებულ დ. მ-ს მეორე დღეს აღეძრა ზ. მ-ს მოკვლის სურვილი და სპეციალურად დანით შეიარაღებული წავიდა მის მოსაკლავად. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა დ. მ-მ განმარტა, რომ 30 მაისს, როდესაც მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, მაშინ ედო დანა სპორტული ქურთუკის ჯიბეში. იგივე ქურთუკი ეცვა მეორე დღეს, როდესაც ბოდიშის მოსახდელად წავიდა დაზარალებულთან და კონფლიქტის დროს გადმოუვარდა ჯიბიდან. დანას ზოგადად არ ატარებს და ამ შემთხვევაში ჩარჩა ქურთუკის ჯიბეში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულის საპირისპირო რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. რაც შეეხება 31 მაისს მომხდარ კონფლიქტს, როგორც მსჯავრდებულმა აჩვენა, იგი წინა დღეს მომხდარი ჩხუბის გამო ბოდიშის მოსახდელად გაემართა ზ. მ-ს სახლში. მსჯავრდებულის ჩვენებას ასევე ადასტურებენ ნეიტრალური მოწმეები - რ. კ-ე და ი. ჯ-ე, რომლებიც როგორც მსჯავრდებულის, ისე დაზარალებულის მეზობლები არიან. ორივე მათგანმა თავიანთ ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2021 წლის 31 მაისს, დილით, როდესაც გაჩერებაზე ტრანსპორტს ელოდებოდნენ, შეხვდათ დ. მ-ე, რომელმაც მათ განუმარტა, რომ წინა დღეს ზ. მ-თან მომხდარი შელაპარაკების გამო ამ უკანასკნელთან ბოდიშის მოსახდელად მიდიოდა. მოწმე ც. გ-მაც თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ იმ დღეს, დილით, მასაც შეხვდა დ. მ-ე, რომელიც მიესალმა მას, იგი არ ყოფილა აგრესიული და ხელში არაფერი ეჭირა. მან იცოდა რა წინა დღეს მომხდარი კონფლიქტის შესახებ, ჰკითხა - აქ რაღა გინდაო?.. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ ვერ იქნება გაზიარებული დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები, რომ ისინი ც. გ-ს ხმაზე სახლიდან გარეთ გამოვიდნენ და დაინახეს სახლთან მდგარი დ. მ-ე, რომელსაც დანა ეჭირა ხელში, ზ. მ-ს მოკვლით ემუქრებოდა და ამ უკანასკნელის დაჭრის შემდეგ კვლავ იწევდა მის მოსაკლავად, რისი საშუალებაც არ მისცეს. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება როგორც მსჯავრდებულის, ისე ზემოხსენებული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებს. მხედველობაშია მისაღები სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზარალებულ ზ. მ-ს მიყენებული აქვს მუცლის ღრუში შემავალი ერთი განივი, ნაკვეთი ჭრილობა დაახლოებით 3X0,5 სმ-ზე, უმნიშვნელოდ სისხლმდენი.
8.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტია უშუალოდ დანაშაულის ჩადენისას დამნაშავის განზრახვის განმსაზღვრელი გარემოებების შეფასება, რომლებიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, გონივრულ ეჭვს მიღმა არ მიუთითებენ ზ. მ-ს მოკვლის კონკრეტული განზრახვის არსებობას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებები საკმარისად ნათელი და დამაჯერებელია, რათა დადგინდეს დ. მ-ს მიერ ზ. მ-თვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება.
8.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდების შესახებ.
9. დ. მ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:
9.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
9.2. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ - შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.
9.3. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დ. მ-ს მიერ ჩადენილ ყოველ დანაშაულთან მიმართებით სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი - მსჯავრდებულმა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მსჯავრდებულის სურვილი, მისწრაფება დანის გამოყენებით დაზარალებულისათვის მიეყენებინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), მისი პირადი და ეკონომიკური პირობები (პირველადაა სამართალში, ჰყავს ოჯახი და დანაშაულის ჩადენამდე იყო დასაქმებული), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (ურთიერთშელაპარაკება/ზ. მ-თვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება), რის გამოც მიაჩნია, რომ იგი პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნებს.
9.4. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სამოსამართლო საქმიანობის ფუნქცია სწორედ ისეთი სასჯელის სახისა და ზომის შერჩევაში გამოიხატება, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნებას და პროპორციულია სასჯელის მიზნების მისაღწევად.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის - გიორგი აღლემაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი