¹ას-12-715-03 10 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2300 ლარის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ბ-ე სს “ა-ის” გენერალური დირექტორის 1998წ. 1 მარტის ბრძანებით განთავისუფლდა პურის მტვირთავის სამუშაოდან, სამუშაო კონტრაქტის ვადის გასვლის გამო. ადმინისტრაციის თანხმობით, 1998წ. 1 მარტიდან ა. ბ-ე კვლავ აგრძელებდა პურის მტვირთავად მუშაობას. მაგრამ ხელფასი არ მიუღია; 2002წ. იანვრიდან ადმინისტრაციამ იგი აღარ დაუშვა სამუშაოზე, ამიტომ ა. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “ა-ის” მიმართ და მოითხოვა ან სამუშაოზე აღდგენა, ან კიდევ მოპასუხე ორგანიზაციისათვის 3 წლისა და 6 თვის მიუღებელი ხელფასის – 2300 ლარის, ანაზღაურების დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
a. ბ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 28 მარტის განჩინებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, უცვლელი დატოვა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ აპელანტი შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო განთავისუფლდა სამუშაოდან 1998წ. 1 მარტიდან და აუნაზღაურდა საბოლოო ანგარიში; სს “ა-ის” ადმინისტრაციას მასთან ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია და არც ძველი კონტრაქტის ვადა აღუდგენია, ამიტომ შკკ-ს 31-ე მუხლის საფუძველზე არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მას განუსაზღვრელი ვადით გაუგრძელდა შრომის ხელშეკრულების ვადა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ა. ბ-ე სამუშაოდან განთავისუფლების შემდეგ ავტომანქანის მძღოლთან კერძო მოლაპარაკების საფუძველზე, თავისი ინიციატივით აგრძელებდა მტვირთავად მუშაობას, მძღოლისგან იღებდა 2-3 პურს გაწეული დახმარების საკომპენსაციოდ. ყოველივე ეს არ ნიშნავს ადმინისტრაციის მიერ განთავისუფლებული მუშაკის სამუშაოზე დაშვებას და არ წარმოადგენს მასზე ხელფასის გამოწერის საფუძველს.
ა. ბ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმას, რომ იგი ადმინისტრაციის თანხმობით კვლავ უხელფასოდ აგრძელებდა მტვირთავად მუშაობას, რადგან ადმინისტრაცია ჰპირდებოდა თავის უფლებებში აღდგენას; ადმინისტრაციას მისთვის შრომის წიგნაკი არ დაუბრუნებია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ა. ბ-ე სს “ა-ის” გენერალური დირექტორის 1998წ. 1 მარტის ბრძანებით განთავისუფლდა პურის მტვირთავის სამუშაოდან შრომითი კონტრაქტის ვადის გასვლის გამო. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ა. ბ-ე 1998წ. 1 მარტის შემდეგ სს “ა-ის” ავტომანქანაზე პურის მტვირთავად მუშაობას აგრძელებდა თავისი ინიციატივით, მძღოლთან კერძო მოლაპარაკების საფუძველზე და რომ, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციის მიერ მუშაკის სამუშაოზე დაშვების საფუძვლად. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სს “ა-ის” წარმომადგენელმა ა. გ-ემ განმარტა, რომ საწარმოსთვის ცნობილი იყო ა. ბ-ე მტვირთავად რომ აგრძელებდა მუშაობას; იმ ავტომანქანაზე, რომელზედაც მოსარჩელე მუშაობდა, ამ სამუშაოზე სხვა არავინ მიუმაგრებიათ; იგი დადიოდა სამუშაოზე და 2002წ. იანვრის ბოლომდე მძღოლს ეხმარებოდა პურის გადატვირთვაში. სააპელაციო პალატის სხდომაზე კი მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბ. ჯ-მა განმარტა, რომ ადმინისტრაციისათვის ცნობილი იყო, რომ მძღოლთან შეთანხმებით მუშაობდა მოსარჩელე. სააპელაციო პალატის სხდომაზე ავტომანქანის მძღოლმა აღნიშნა, რომ ა. ბ-ე ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე ვერ იმუშავებდა მასთან, რადგან სხვა მტვირთავებიც იყვნენ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა შკკ-ს მე-19 მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად, შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) დადებულად ითვლება მაშინაც, როცა ბრძანება ან განკარგულება არ იყო გაცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტობრივად დაშვებული იყო სამუშაოდ იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღებისა და განთავისუფლების უფლება აქვს.
ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მარტის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.