Facebook Twitter

ას-128-824-03 31 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: იჯარის ხელშეკრულების მოშლა.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “ლ.” სარჩელი აღძრა თ. ყ-ის მიმართ და მოითხოვა მისი მფლობელობიდან იჯარით გაცემული ფართის დაბრუნება, ქირის 1100 ლარის გადახდევინება იმ საფუძვლით, რომ იგი არ იხდის საიჯარო ქირას.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 30 ოქტომბერს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა მხარეთა შორის 2000წ. 1 იანვარს გაფორმებული მაღაზიის იჯარის ხელშეკრულება. მოპასუხე თ.ყ-ს დაევალა სს “ლ.” 1100 ლარის გადახდა და მაღაზიის გამოთავისუფლება.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ყ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი გარემოებების გამო:

სარჩელი შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა, რადგან მასზე ხელმომწერი ზ.ც-ე სამეწარმეო რეესტრში, როგორც დირექტორი რეგისტრირებული არ არის. სასამართლომ აღნიშნულ ფაქტზე არ იმსჯელა, რითაც დაირღვა მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა მისთვის ქირის გადახდის დროს გამოსაქვითი თანხები, რაც მან ელექტრომრიცხველის დადგმისა და სს “თ.” ძველი დავალიანების გასასტუმრებლად გადაიხადა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით შეიცვალა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება თ.ყ-ის მიერ სს “ლ.” სასარგებლოდ 1100 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება _ თ.ყ-ს სს “ლ.” სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს: დადგენილია, რომ სს “ლ.” ბალანსზე ირიცხება ქ.თბილისში, ... მდებარე მაღაზია. 2001წ. 1 იანვარს სს “ლ.” და თ.ყ-ს შორის დაიდო სკ-ს 581-ე მუხლით გათვალისწინებული ქონების იჯარის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით 2001წ. 1 იანვრამდე, საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება გაგრძელდა 2002წ. 1 მარტამდე. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გაფრთხილებით. დადგენილია, რომ თ.ყ-ს ქირიდან, რაც შეადგენს 2000წ. 600 ლარს, 2001წ. 600 ლარს, 2002წ. 300 ლარს, სულ 1500 ლარს, გადახდილი აქვს მხოლოდ 400 ლარი.

დადგენილია, რომ 2002წ. 10 მარტს თ.ყ-ი სკ-ს 561-ე მუხლის შესაბამისად, გაფრთხილებულ იქნა ხელშეკრულების მოშლის შესახებ და ხელშეკრულება შეწყდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად დააკმაყოფილა სარჩელი გადასახდელი ქირის ოდენობის დაკისრების ნაწილში, მაგრამ, სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა 500 ლარამდე. გათვალისწინდა თ.ყ-ის მიერ სს “თ.” და მრიცხველის დადგმისათვის გადახდილი თანხა, აღნიშნულმა თანხის დაკისრების ნაწილში გამოიწვია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლა.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ყ-მა, კასატორი მიუთითებს, რომ ვაკის რაიონული სასამართლოს 1995წ. 22 დეკემბრის დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, სს “ლ.” წარმომადგენლის უფლებამოსილება ენიჭება სს “ლ.” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ არჩეულ დირექტორ ჯ. ქ-ეს, რის გამოც მის ნაცვლად სხვა პირს სარჩელის შეტანის ან მასზე ხელის მოწერის უფლება არ გააჩნდა, რადგან სს წესდების თანახმად, სასამართლოში და ნებისმიერ სხვა პირთან ამ საზოგადოების წარმომადგენლობა ენიჭება მხოლოდ საზოგადოების დირექტორს. სასამართლომ რატომღაც მტკიცებულებად მიიჩნია მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი სს “ლ.” სამეთვალყურეო საბჭოს 1998წ. 14 აპრილის სხდომის ¹1 ოქმი, რომლის მიხედვით სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სს “ლ.” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცდა ბ-ნ ჯ.ფ-ე, ხოლო მისი წარდგინებით “ლ.” დირექტორად არჩეულ იქნა ზ.ც-ე.

აღნიშნული ოქმი სასამართლოს არ უნდა მიეჩნია მტკიცებად, რადგან სხდომას სამეთვალყურეო საბჭოს 6 წევრიდან ესწრებოდა მხოლოდ 2 წევრი.

სს “ლ.” წესდებიდან გამომდინარე კი სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, განიხილოს საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება მისი წევრების ორი მესამედი.

კასატორი მიუთითებს, რომ, რაც მთავარია, არ არის შეტანილი ცვლილებები საზოგადოების წესდებაში და სასამართლოს მიერ არ არის რეგისტრირებული რეესტრში, რასაც მოწმობს 2002წ. 11 დეკემბრის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ სამეწარმეო რეესტრიდან გაცემული ამონაწერი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.6. მუხლის თანახმად, 5.4 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება ასევე საჭიროებს რეგისტრაციას. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ.

დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შეცვლა ასევე მოითხოვს რეგისტრაციას სამეწარმეო რეესტრში და შესაბამისად, უკვე არსებული ჩანაწერების შეცვლას. დირექტორის შეცვლის შესახებ მხოლოდ საზოგადოების მიერ გადაწყვეტილების მიღება არ არის საკმარისი, აუცილებელია ახალი დირექტორის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

ზ. ც-ემ წარმოადგინა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის დადგენილება სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად საზოგადოების დირექტორი არის ზ. ც-ე და მას ენიჭება წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება, რომ ზ. ც-ე არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 55.7 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად გადაწყვეტილებაუნარიანი იყო სამეთვალყურეო საბჭო, როდესაც დირექტორად დანიშნა ზ. ც-ე, ვინაიდან აღნიშნული ურთიერთობა არ წარმოადგენდა მოცემულ საქმეზე დავის საგანს და ის შეიძლება სხვა სასარჩელო მოთხოვნის საგანი გახდეს.

რაც შეეხება საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას ამ საკითხთან დაკავშირებით კასატორს პრეტენზია არ განუცხადებია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.