Facebook Twitter

¹ ას-129-829-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

1. დაეკისროს მოპასუხეს 2001წ. 5 აპრილის სადეპოზიტო ხელშეკრულებით სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 200000 აშშ დოლარისა და საპროცენტო თანხის 32000 აშშ დოლარის გადახდა;

2. დაეკისროს მოპასუხეს 2001წ. 27 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული დავალიანების 34 517 აშშ დოლარის გადახდა;

3. დაეკისროს მოპასუხეს 2001წ. 5 აპრილის სადეპოზიტო ხელშეკრულებისა და 27 ივნისის შეთანხმების დროულად შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს 412580 აშშ დოლარის გადახდა.

4. დაეკისროს მოპასუხეს 5000 ლარის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებები:

2001წ. 5 აპრილის სადეპოზიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხის ბანკში განათავსა 200000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების 1.2 პუნქტის მიხედვით ძირითადად თანხას უნდა დარიცხვოდა წლიური 16%. საპროცენტო თანხა კომპანიას შეეძლო გაეტანა ყოველთვიურად. ხელშეკრულება დაიდო ერთიწ. ვადითY2002წ. 6 აპრილამდე.

მოპასუხე ბანკმა ვალდებულება არ შეასრულა. მოსარჩელემ ვერ მიიღო ვერც საპროცენტო განაკვეთით განსაზღვრული თანხა და ვერც სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხები.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული იყო ჯარიმა გადასახდელი თანხის 0,5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2001წ. 27 ივნისის შეთანხმებით ბანკმა აღიარა მოსარჩელისადმი არსებული სხვა ვალი 34517 აშს დოლარის ოდენობით, რაც უნდა დაებრუნებინა 2001წ. 15 სექტემბრამდე. დღემდე აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა. შეთანხმებით განსაზღვრული იქნა საურავი გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელი შეტანილია განსჯადობის წესების დარღვევით. სსკ-ს მე-15 მუხლის მიხედვით სარჩელი უნდა შეტანილიყო აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში. ასევე ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. მხარეებს შორის გაფორმებული სადეპოზიტო ხელშეკრულებების მიხედვით, ბანკი მდებარეობს ქალ.ბათუმში და დეპოზიტიც იყო ქ. ბათუმში. ამდენად, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილია ქ. ბათუმი.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ იგი ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას 2001წ. 5 აპრილის ხელშეკრულებით სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხის 200000 აშშ დოლარისა და საპროცენტო თანხის 32000 აშშ დოლარის, ასევე 2001წ. 27 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული დავალიანების 34517 აშშ დოლარის გადახდის შესახებ. მოპასუხის განმარტებით პორგასამტეხლო გამოთვლილი უნდა იქნეს 2002წ. 5 სექტემბერამდე, ანუ იმ დრომდე, როცა მოპასუხე საზოგადოება გამოცხადდა გადახდისუუნაროდ.

სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული 2001წ. 5 აპრილის ხელშეკრულება სადეპოზიტო ანაბრის ხელშეკრულებაა და იგი დადებულია სკ-ს 874-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ხელშეკრულება ნამდვილია და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე მოსარჩელის კუთვნილ ფულად სახსრებს 200000 აშშ დოლარის ოდენობით სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსებდა ერთი წლის ვადით 2002წ. 4 აპრილამდე წლიური 16 პროცენტის დარიცხვით. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ბანკის ვალდებულება სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ.

სასამართლო კოლეგიამ, მხარეებს შორის 2001წ. 27 ივნისს გაფორმებული შეთანხმება კუთვნილი თანხების დაბრუნების თაობაზე, მიიჩნია ფულადი ვალდებულებების შესახებ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ მიმართულ გარიგებად, რომელიც დადებულია სკ-ს 341-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.

შეთანხმებით მოპასუხე იღებს ვალდებულებას დააბრუნოს მოსარჩელის კუთვნილი თანხები, შეთანხმებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხის შეთანხმების თანახმად სარჩელში მითითებული თანხა 34517 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა 2001წ. 15 სექტემბრამდე.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სკ-ს 318-ე და 317-ე მუხლების თანახმად მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის (მოპასუხის) მიერ ხელშეკრულებით და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

სასამართლო კოლეგიამ მოპასუხის აღიარება, სსკ-ს 131-ე მუხლის საფუძველზე, საკმარის მტკიცებულებად ჩათვალა მოპასუხისათვის ძირითადი ვალდებულების 200000 აშშ დოლარის და მისი საპროცენტო დანარიცხის 32000 აშშ დოლარის, ასევე 2001წ. შეთანხმებით გათვალისწინებული 34517 აშშ დოლარის დასაკისრებლად.

სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ მხარეებმა 2001წ. 5 აპრილის და 27 ივნისის ხელშეკრულებებით ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის გაითვალისწინებს საურავი ძირითადი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საურავი გადახდილი უნდა იქნეს გადახდილს ვალდებულების წარმოშობიდან – 2002წ. 4 აპრილიდან მოპასუხის გადახდისუუნაროდ გამოცხადებამდე – 2002წ. 5 სექტემბრამდე, სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა იმის შესახებ, რომ ბანკის სალიკვიდაციო რეჟიმში გადასვლის შემდეგ ავტომატურად წყდება ყველა სახის გარიგებების მოქმედება, რომელიც მის ვალდებულებას განსაზღვრავს.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ “კომერციული ბანკების შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუქნტების განსაზღვრავს ლიკვიდატორის უფლებას შეწყვიტოს ბანკის მიერ დადებული კონტრაქტები, რაც მოპასუხე სარჩელის საფუძვლად წარმოდგენილი გარიგებების მიმართ არ განუხორციელებია. აღნიშნულის გამო, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს – 412580 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახევ საფუძვლიანია.

სასამართლო კოლეგიამ ასევე მიიჩნია, რომ სსკ-ს 53-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები.

აღნიშნული საფუძვლებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ს. კ. ი. ი.” სარჩელი მოპასუხე სს “ს. კ. ლ.” მიმართ დაკმაყოფილდა.

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 679097 აშშ დოლარის გადახდა; მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი.

ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის დაკისრების ნაწილში, ასევე მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით ნაცვლად 679097 აშშ დოლარის ნაცვლად 232000 აშშ დოლარის გადახდა.

კასატორი მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის განკარგულებით გაუქმებული აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

კასატორი თვლის, რომ საქმე განხილული იქნა არაგანსჯადი სასამართლოს მიერ, რადგან მოპასუხე საზოგადოება რეგისტრირებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ. ამასთან, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებს სასამართლო იხილავს ხელშეკრულების შესრულების ადგილას ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

კასატორი თვლის, რომ დეპოზიტზე დარიცხული პროცენტების დაანგარიშება უნდა მოხდეს მხოლოდ 2002წ. 5 სექტემბრამდე, რადგან ლიკვიდაციის დაწყებისას ნებისმიერი პროცენტის დარიცხვა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად წყდება. ასევე, კასატორს მიაჩნია, რომ უკანონოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის გადახდა, რადგან ლიკვიდაციის დროს საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციები სასამართლოში დავების წარმოებისას განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემული დავა განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ სსკ-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

მხარეთა შორის 2001წ. 27 ივნისის შეთანხმების 3-4 პუნქტების თანახმად თანხების დაბრუნების შესახებ კრედიტორს უფლება აქვს მიმართოს სარჩელით თბილისის სასამართლოს კრედიტორის ადგილსამყოფელის მიხედვით. ასევე ვალდებულება უნდა შესრულებულიყო. კერძოდ, საპროცენტო განაკვეთი უნდა ჩარიცხულიყო საქართველოს ბანკში ამდენად, მხარეთა შორის შეთანხმებული იყო განსჯადი სასამართლო, ასევე ვალდებულების შესრულების ადგილი – თბილისი. აქედან გამომდინარე, საქმე განიხილა განსჯადმა სასამართლომ.

კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ლიკვიდაციის დაწყებისას კანონმდებლობის თანახმად წყდება ვალდებულება პროცენტების დარიცხვის შესახებ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სკ-ს 454-ე მუხლის თანახმად იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან (და არა დაწყების მომენტიდან). ამასთან, კასატორი ვერ უთითებს რაიმე ნორმაზე, რომლის საფუძველზეც წყდება ვალდებულება საურავის გადახდის შესახებ.

ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი ვერ გახდება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება, რადგან “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საბანკო ლიცენზიის გაუქმების დღიდან ბანკს ეკრძალება ამ ლიცენზიით მინიჭებული ყოველგვარი საქმიანობა. ბანკი ვალდებულია უმოკლეს ვადაში გაანაღდოს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულება და აქტივები. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების განაღდებაზე ბანკი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული ბანკი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები განსაზღვრავს ლიკვიდატორის უფლებას შეწყვიტოს ბანკის მიერ დადებული კონტრაქტები, რაც მოცემულ შემთხვევაში სარჩელის საფუძვლად წარმოდგენილი გარიგების მიმართ არ განხორციელებულა, ხოლო სალიკვიდაციო რეჟიმში გადასვლის შემდეგ გარიგების მოქმედების ავტომატურად შეწყვეტას კანონი არ ითვალისწინებს.

საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან ლიკვიდაციის დროს საბანკო და საკრედიტო დაწესებულებები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სსკ-ს 53-ე მუხლის I პუნქტის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა მართებულად დაეკისრა მოპასუხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ს. კ. ლ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.