Facebook Twitter

¹ ას-131-821-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ხ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის ვ. წ-ის გამოსახლება თბილისში, ... მდებარე ბინიდან. იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ბინა მან შეიძინა აუქციონზე, მაგრამ ბინის ყოფილი მესაკუთრე მოპასუხე ვ. წ-ე არ ანთავისუფლებს ბინას.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. წ-ემ და მოითხოვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აუქციონი, რომელზეც მოხდა მისი ბინის რეალიზაცია, ჩატარდა კანონის დარღვევით, შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ჩაითვლება ბინის მესაკუთრედ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ თავისი განჩინება დაასაბუთა იმით, რომ სკ-ს 183-ე მუხლის მიხედვით, რომლის თანახმადაც უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისში, ... მდებარე ბინა ¹5-ის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა მ. ხალიბაური, რომელმაც შეიძინა აღნიშნული ბინა ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001წ. 23 ოქტომბერს ჩატარებულ აუქციონზე. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ბინის მესაკუთრე არის მ. ხ-ი.

სკ-ს 177-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონედა ამ ნივთის ფლობის უფლება, ხოლო ვ. წ-ემ ვერ წარმოადგინა სადავო ბინის ფლობის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. წ-ემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლად კასატორმა მიუთითა, რომ სადავო ბინა კანონის უხეში დარღვევით გაიყიდა აუქციონზე.

კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ დაარღვია სკ-ს 303-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად თუ მოვალე მარტო ან თავის ოჯახთან ცხოვრობს იმ შენობაში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით. მას უფლება აქვს დარჩეს დამქირავებლად და მოვალეა გადაიხადოს საბაზრო პირობების შესაბამისი ქირა, რაც არ იქნა გათვალისწინებული.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ სსკ-ს 43-ე მუხლის დარღვევით გადაახდევინა მას 300 ლარი სახელმწიფო ბაჟი, ხოლო დანარჩენის გადახდა გადაავადა საქმის განხილვამდე. საქმის განხილვის შემდეგ კი განჩინებით დააკისრა კასატორს 665 ლარი, სულ 965 ლარი. აქედან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ დავა ბინიდან გამოსახლების თაობაზე არ ჩათვალა არაქონებრივ-სამართლებრივ დავად და ბაჟი გამოიანგარიშა ბინის ღირებულებიდან, რაც მოქმედი პროცესუალური კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

აქედან გამომდინარე, კასატორ ვ. წ-ემ მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 აპრილის განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში, ... მდებარე ¹5 ბინის მესაკუთრეა მ. ხ-ი. ამ უკანასკნელმა სადავო ბინა შეიძინა ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001წ. 23 ოქტომბერს ჩატარებულ აუქციონზე.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სკ-ს 183-ე მუხლის შესაბამისად მ. ხ-ი სადავო ბინის მესაკუთრეა და ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად მას შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ნივთის ფლობის კანონიერი უფლება ვ. წ-ეს არ გააჩნია. მ. ხალიბაურს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება მასთან შედარებით.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონის მოთხოვნა. მას სკ-ს 303-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად უფლება აქვს დარჩეს დამქირავებლად და მოვალეა გადაიხადოს საბაზრო პირობების შესაბამისი ქირა, რაც არ იქნა გათვალისწინებული.

პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია საკითხი იმის თაობაზე, რჩებოდა თუ არა კასატორი დამქირავებლად სადავო საცხოვრებელ სახლში და იყო თუ არა თანახმა გადაეხადა საბაზრო პირობების შესაბამისი ბინის ქირა.

სკ-ს 303-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, თუ მოვალე მარტო ან თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ შენობაში ან შენობის ნაწილში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, მას უფლება აქვს დარჩეს დამქირავებლად და მოვალეა გადაიხადოს საბაზრო პირობების შესაბამისი ბინის ქირა. ნორმის შინაარსის მიხედვით აღნიშნული მოვალის უფლებაა. უფლების სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, პირს შეუძლია ისარგებლოს ან არ ისარგებლოს ამ უფლებით. სასამართლო არ იყო მოვალე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოერკვია აღნიშნული საკითხი მაშინ, როცა მხარეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში, არც სააპელაციო სასამართლოში არ გამოუთქვამს პრეტენზია აღნიშნული უფლებით სარგებლობის თაობაზე და სათანადო წესით არ დაუსვამს საკითხი სადავო სახლში დამქირავებლად დარჩენისა და ბინის ქირის გადახდის შესახებ.

სსკ-ს 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების გაზრდა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ს 407-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში როგორც უკვე აღინიშნა, მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში წამოყენებული მოთხოვნის არსებობა წინა ინსტანციის სასამართლოში საქმის მასალებით არ დასტურდება. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში დამატებითი საკასაციო პრეტენზია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მხრიდან წამოყენებული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. წ-ის სადავო ბინიდან გამოსახლების ნაწილში კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა გადასახდელად სახელმწიფო ბაჟი. განსახილველი დავა, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვს მის გამოსახლებას სადავო ბინიდან, არაქონებრივია და სასამართლოს ბაჟის საკითხი სსკ-ს 43-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაეწყვიტა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ვ. წ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინება ვ. წ-ეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ვ. წ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება დარჩეს უცვლელი.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.