გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-134-831-03 24 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სხეულის დაზიანების გამო მკურნალობის ხარჯების, მიუღებელი შემოსავლის და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 3 დეკემბერს რ. კ-ემ ა. კ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის სახით 4000 ლარის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ, მას 2002წ. 14 ნოემბერს მიაყენა სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რისთვისაც მის წინააღმდეგ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული.
მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია, თუ რამდენს მოითხოვდა იგი მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით და რამდენს _ მორალური, ზიანისათვის. ასევე არ მიუთითებია, თუ რაში გამოიხატებოდა მატერიალური და მორალური ზიანი.
მოპასუხეს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია, მაგრამ სასამართლო პროცესზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას მოსარჩელისათვის რაიმე დაზიანება არ მიუყენებია.
სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ ნაწილობრივ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მიუთითა, რომ მატერიალურ ზიანში იგი გულისხმობდა სატრანსპორტო, სატელეფონო, მკურნალობის, ადვოკატის და სხვა ხარჯებს. სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველდღიურად 12 ლარი (რაც გამოიხატებოდა ავადმყოფობის პერიოდში მისი კუთვნილი სასოფლო სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციის შედეგად მიღებულ შემოსავალში) და ბანკიდან გამოტანილი სესხის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სულ მატერიალური და მორალური ზიანის მიყენებისათვის მოსარჩელემ მოითხოვა 4000 ლარის ანაზღაურება, მაგრამ არც სასამართლო პროცესზე მოახდინა მატერიალური და მორალური ზიანის მიყენებისათვის ასანაზღაურებელი თანხების დაკონკრეტება ცალცალკე..
რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მკურნალობის ხარჯების სახით დაეკისრა 1132 ლარის და 86 თეთრის გადახდა, ხოლო სხვადასხვა სატრანსპორტო, სატელეფონო, საადვოკატო მომსახურების ხარჯების სახით კი _ 250 ლარის გადახდა.
სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ა. კ-ე ვანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ რ. კ-ის სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებისათვის და განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა.
მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული მკურნალობის სახით 1132 ლარის ხარჯვის, ხოლო სატრანსპორტო, საადვოკატო, სატელეფონო და სხვა ხარჯების სახით 250 ლარის გახარჯვის ფაქტი.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველდღიური 12 ლარის ანაზღაურების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ყოველდღიური შემოსავლის სახით 12 ლარის არსებობის ფაქტი. მითუმეტეს დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ავადმყოფობის პერიოდში სასოფლო სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციას ახდენდნენ მისი ოჯახის წევრები.
რაიონულმა სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა “თ.” ბანკის ქუთაისის ფილიალიდან სესხის გამოტანის შედეგად ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის თანხების დაკისრების თობაზე, ვინაიდან გატანილ სესხსა და მოსარჩელეზე მიყენებულ დაზიანებას შორის არ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი.
ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და მიუთითა, რომ დადასტურებული ვერ იქნა მოსარჩელის პატივის და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა, თუ რა მიზეზობრივი კავშირი არსებობდა მის მიერ აღებულ სესხსა და სხეულის დაზიანებას შორის, რის გამოც სკ-ს 992-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების დაკისრება შეუძლებლად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, ვინაიდან აპელანტმა, გარდა მისი განმარტებისა, მიუღებელი შემოსავლის არსებობის თაობაზე რაიმე მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მიუთითა, რომ რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის პატივი და ღირსება შეილახა მან ვერ წარმოადგინა.
2003წ. 28 მაისს რ. კ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი ავადმყოფობის გამო მიუღებელი შემოსავლის და ამავე მიზეზით პროცენტიანი სესხის აღებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. ასევე არასწორად ეთქვა უარი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ იგნონირება გაუკეთა სკ-ს 411-ე, 113-ე მუხლების ასევე მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნებს.
კასატორმა მიუთითა, რომ მან სააპელაციო სასამართლოს მტკიცებულების სახით წარუდგინა ც. შ-ის ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მისი ავადმყოფობის პერიოდში მისი ოჯახის წევრები არ ახდენდნენ სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ბაზარზე რეალიზაციას, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ეს მტკიცებულება მისი წარდგენის დაგვიანების მოტივით უკანონოდ არ მიიღო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს მკურნალობის და სხვა ხარჯების ანაზღაურების ნაწილში სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თანხით 1382,85 ლარის ოდენობით პრეტენზია არ გააჩნია. იგი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის, პროცენტიანი სესხის აღების გამო მიყენებული ზიანის და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა:
მართალია, სკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, მაგრამ ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი ესაა ანაცდური მოგება. მიუღებელია შემოსავალი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. ე.ი. შემოსავალი რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა სხეულის დაზიანება რომ არ მიეღო.
სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამ ნირმათა შინაარსიდან გამომდინარე მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით მოსარჩელეს თვითონ უნდა წარმოედგინა ის მტკიცებულებები, თუ რა ოდენობის შემოსავალი დაკარგა სხეულის დაზიანების გამო სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ბაზაზე რეალიზაციის შეუძლებლობის შედეგად. ვინაიდან მოსარჩელეს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები სათანადო წესის დაცვით არ წარუდგენია, სასამართლომ სწორად უთხრა უარი სასარჩელო მოთხოვნის ან ნაწილის დაკმაყოფილებაზე.
მართალია, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა მისი მეზობლის ც. შ-ის ახსნა-განმარტება, რომლითაც იგი ცდილობდა ზემოთმითითებული გარემოებების დადასტურებას, მაგრამ ეს მტკიცებულება სასამართლოს მიერ სწორად არ იქნა მიღებული და გამოკვლეული.
სამოქალაქო საპროცესო კდექსის 380-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილი იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ახალი ფაქტები და ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო მოეყვანა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ უხეში გაუფრთხილებლობის გამო არ წარადგინა ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორედ ამ ნორმის მოთხოვნით ისარგებლა და სწორად უთხრა უარი აპელანტს მითითებული მტკიცებულებების მიღებასა და განხილვაზე.
ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა სასყიდლიანი სესხის აღების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან მან ვერც პირველი და ვერც მეორე ინსტანციის სასამართლოში ვერ დაასაბუთა მიზეზობრივი კავშირი სესხის აღებასა და სხეულის დაზიანებას შორის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია კასატორის პრეტენზია არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სკ-ს 413-ე მუხლის, ასევე მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, შესაძლებელია არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების შესახებ მოსარჩელეს მოთხოვნა დაყენებული აქვს ორივე ინსტანციის სასამართლოში. მართალია, მოსარჩელეს არ დაუკონკრეტებია, თუ რაში გამოიხატა არაქონებრივი ზიანი, რა მტკიცებულებები გააჩნია ამის შესახებ და რა მოცულობისაა იგი, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ საკითხის გამოკვლევის დროს სასამართლომ დაარღვია კანონი.
სსკ-ს 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად პირველად სასამართლო მოისმენს მოსარჩელისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებას, კერძოდ როგორია მისი მოთხოვნა, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას და უარს ხომ არ ამბობს სარჩელზე. ამავე კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიურ სასამართლოსა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამოკვლევას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც რაიონულმა, ისე სააპელაციო სასამართლომ დაარღვიეს ზემოთმითითებული საპროცესო ნორმების მოთხოვნები, რის გამოც მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, დაუსაბუთებელია. დაუსაბუთებლობა იმაში გამოიხატება, რომ მიღებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, არაქონებრივი ზიანის მიყენების გამო ფულადი ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას. დანარჩენ ნაწილში კი სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 აპრილის განჩინება ვანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი არაქონებრივი ზიანის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას.
დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.